01:10 18 აგვისტო 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR2.9344
  • 100 RUB3.8267
  • USD2.5779
გიორგი კვირიკაშვილი

კვირიკაშვილმა არჩევანი გააკეთა - პოლიტოლოგი პრემიერის გადადგომაზე

photo: press-service of Goverment of Georgia
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
223 0 0

პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე მიიჩნევს, რომ გიორგი კვირიკაშვილის გადაწყვეტილება პრემიერობის პოსტის დატოვების შესახებ ხელისუფლების მიერ შეცდომების აღიარებაზე მეტყველებს

თბილისი, 13 ივნისი — Sputnik. პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე მიიჩნევს, რომ ძალების ნებისმიერი გადანაწილების შემთხვევაში, გადადგებოდა თუ არა პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ამჟამინდელი ხელისუფლება მაინც წაგებული დარჩებოდა.

ოთხშაბათ საღამოს საგანგებო ბრიფინგზე კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს. თავისი გადადგომა კი მას და „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ მმართველ გუნდს შორის გარკვეულ ფუნდამენტურ საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობით ახსნა. კვირიკაშვილი მთავრობას სათავეში 2015 წლის დეკემბერში ჩაუდგა.

„მედალს ორი მხარე აქვს. ერთის მხრივ, ეს მოსალოდნელი იყო, რადგან მთავრობისა და ხელისუფლებისადმი უნდობლობა გაიზარდა. აქციები, რომელიც ბოლო თვეში იმართებოდა, ამას ადასტურებს. მაგრამ, მეორეს მხრივ, არ იყო მოსალოდნელი, რადგან მთავრობის გადადგომა აჩვენებდა, რომ ხელისუფლება აღიარებს მოსახლეობის წინაშე თავის შეცდომებს, სხვადასხვა ხასიათის შეცდომებს“, — განუცხადა ჩიტაძემ „Sputnik-საქართველოს“.

მისი თქმით, შეცდომების აღიარებით ხელისუფლება აფიქრებინებს ოპოზიციას და საზოგადოების გარკვეულ ნაწილს, რომ საპროტესტო აქციები შედეგის მომტანია და ხელისუფლება სუსტდება.

ამასთან პოლიტოლოგმა მომავალ პრემიერ-მინისტრთან დაკავშირებით ნაჩქარევი დასკვნებისგან თავი შეიკავა.

„მანამდე საუბრობდნენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას კანდიდატურაზე. მაგრამ ბოლო დროს მისი რეიტინგი მნიშვნელოვნად დაეცა და ახლა პრემიერ-მინისტრის პოსტზე მისი წარდგენა ნაკლებად მოსალოდნელია“, — აღნიშნა ჩიტაძემ.

რაც შეეხება ახალი მთავრობის შემადგენლობაზე, პოლიტოლოგის თქმით, ზოგიერთმა მინისტრმა შეიძლება შეინარჩუნოს პოსტი, მათ შორის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა.

ჩიტაძის ვარაუდით, ახალ მთავრობაში აღარ იქნებიან იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია.

რაც შეეხება გახარიას, მისი და წულუკიანის გადადგომა მომიტინგეებმა ჯერ კიდევ კვირის დასაწყისში მოითხოვეს. ამ მოთხოვნას საფუძვლად დაედო მოზარდების მკვლელობის განმეორებითი გამოძიების პირველივე შედეგებით უკმაყოფილება.

ყველაფერი სასამართლოზე შეიცვალა – ვისკენ იშვერს თითს შსს >>

16 წლის დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობა საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული გახდა. ორივე გასული წლის 1 დეკემბერს მასობრივ ჩხუბს შეეწირა. ნახევარი წლის შემდეგ სასამართლომ ჩხუბის ორ მონაწილეს განაჩენი გამოუტანა. ერთი დადუნაშვილის მკვლელობაში დამნაშავედ აღიარეს, მეორე — მხოლოდ სარალიძის მკვლელობის მცდელობაში. ამგვარად, ექვსი წლის შემდეგ ისევ უცნობი რჩება, ვინ მოკლა სარალიძე.

საქმის განმეორებითი გამოძიება გახარიას უწყებას დაევალა საპროტესტო ტალღის მეორე დღეს, რომლის ინიციატორი გახდა დავითის მამა, ზაზა სარალიძე, რომელმაც პროკურატურა საქმის არაობიექტურ გამოძიებაში და სხვა დამნაშავეების მფარველობაში დაადანაშაულა.

მრავალათასიანი საპროტესტო აქციები დედაქალაქის ცენტრში 31 მაისიდან სხვადასხვა ინტენსივობით იმართებოდა. პირველივე დღეს გადადგა მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, მაგრამ მომიტინგეებს ეს არასაკმარისი მოეჩვენათ და მათ პრემიერ-მინისტრის გადადგომა მოითხოვეს.


მთავარი თემები