საქართველოს პრემიერი ვაშინგტონში პომპეოს შეხვდება

© FB / Giorgi Kvirikashviliგიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოთხშაბათს ვაშინგტონში, მშვიდობის ინსტიტუტში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლისთავთან დაკავშირებული მიღება გაიხსნება.

თბილისი, 21 მაისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 21-23 მაისს სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში ის შეხვდება აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოს, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კვირიკაშვილი და პომპეო აშშ–საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის პლენარულ სხდომას გახსნიან.

აშშ-ში ვიზიტის მსვლელობისას კვირიკაშვილი ასევე მიიღებს მონაწილეობას აშშ–საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ყოველწლიურ კონფერენციაში, რომელიც ვაშინგტონში „შეერთებული შტატების მშვიდობის ინსტიტუტისა" და The Heritage Foundation-ის ორგანიზებით იმართება.

გიორგი კვირიკაშვილი და დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო
კვირიკაშვილმა ტრამპი საქართველოში მოიწვია

საქართველოს პრემიერს ასევე დაგეგმილი აქვს ორმხრივი მოლაპარაკებები როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ისე აშშ-ის კონგრესის სხვადასხვა კომიტეტის ხელმძღვანელებთან.

საქართველოს მთავრობის მეთაური 23 მაისს დაესწრება მიღებას, რომელიც აშშ-ში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გაიმართება და საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლისთავს ეძღვნება. მიღება ვაშინგტონში „შეერთებული შტატების მშვიდობის ინსტიტუტში" გაიმართება.

ქართული დელეგაციის შემადგენლობაში არიან პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში თედო ჯაფარიძე.

ბოლოს კვირიკაშვილი აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით 2017 წლის მაისში იმყოფებოდა. მაშინ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი იყო რექს ტილერსონი. პრემიერმა მოლაპარაკებები გამართა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსთან.

საქართველომ და შეერთებულმა შტატებმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 23 აპრილს დაამყარეს. 2009 წელს ქვეყნებმა ხელი მოაწერეს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას, რომელიც ითვალისწინებს პარტნიორული კავშირებისა და თანამშრომლობის გაფართოებას თავდაცვისა და უსაფრთხოების, ეკონომიკისა და ენერგეტიკის, დემოკრატიული რეფორმების, დიპლომატიისა და კულტურის სფეროებში.

ყველა ახალი ამბავი
0