15:25 21 ოქტომბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0921
  • 100 RUB4.1098
  • USD2.6972
სანდრო ბრეგაძე

სოციალური ქსელის ვარსკვლავს საქართველოს პრეზიდენტობა სურს

© Sputnik / Levan Avlabreli
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
5810

სანდრო ბრეგაძემ განმარტა, თუ ვის ინტერესებს გაატარებს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში

თბილისი, 17 აპრილი — Sputnik. დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ყოფილი მოადგილე, ამჟამად მოძრაობა „ქართული მარშის“ ერთ–ერთი ლიდერი სანდრო ბრეგაძე საქართველოს პრეზიდენტის პოსტისთვის იბრძოლებს. 

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის ოქტომბერში გაიმართება. ეს იქნება პრეზიდენტის ბოლო პირდაპირი არჩევნები. ამასთან, 2018 წელს პირდაპირი არჩევნების გზით არჩეულ პრეზიდენტს უფლებამოსილების ვადა ერთჯერადად ერთი წლით გაუხანგრძლივდება და ის თანამდებობას ექვსი წლით დაიკავებს.

„ჩემი კანდიდატურის ძალიან ეშინიათ, ამიტომ გადავწყვიტე პრეზიდენტის პოსტზე ჩემი კანდიდატურა წამოვაყენო. მე არ ვიქნები ამერიკელების კანდიდატი, მე არ ვიქნები რუსეთის კანდიდატი, არამედ ვიქნები ქართველების პრეზიდენტობის კანდიდატი“, – დაწერა ბრეგაძემ Facebook–გვერდზე.

ბოლოს ბრეგაძე საზოგადოების ყურადღების ცენტრში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან გამართული საპროტესტო აქციის შემდეგ მოექცა. მაშინ პოლიციამ მოძრაობის ხუთი აქტივისტი, მათ შორის, მოძრაობა „ქართული მარშის“ ერთ–ერთი ლიდერი ლადო სადღობელაშვილი ხულიგნობის ბრალდებით დააკავა.

დაკითხვაზე სანდრო ბრეგაძეც დაიბარეს. მოგვიანებით Facebook–ით ინფორმაცია გავრცელდა იმის შესახებ, რომ ბრეგაძე ძლიერად ნაცემია და მისი ჰოსპიტალიზება გახდა აუცილებელი. მაგრამ ღუდუშაურის სახელობის ეროვნული მედიცინის ცენტრში, სადაც ბრეგაძე მიიყვანეს, კატეგორიულად უარყვეს აღნიშნული ინფორმაცია. უფრო მეტიც, ექიმებმა განაცხადეს, რომ ბრეგაძის საავადმყოფოში მოთავსების აუცილებლობა არც იყო, თუმცა პაციენტი კლინიკის დატოვებაზე უარს აცხადებდა.

მალე სოციალურ ქსელში კლინიკაში მწოლიარე ბრეგაძის გაშარჟებული ფოტოები გაჩნდა. 

ბრეგაძე არა მარტო ზღაპრების გმირი გახდა, არამედ ხელოვნების ნიმუშების პერსონაჟიც. 

ბრეგაძეს დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილის პოსტი 2014 წლის ოქტომბრიდან 2016 წლის თებერვლის ჩათვლით ეკავა. მან თანამდებობა ერთსქესიანთა ქორწინების ლეგალიზაციის საკითხთან დაკავშირებით დატოვა. ბრეგაძე საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის ინიციატივით გამოვიდა, რათა კონკრეტულად ჩაწერილიყო, რომ ქორწინება ქალისა და მამაკაცის კავშირია. 

მოგვიანებით ბრეგაძე ერთ–ერთი ორგანიზაციის ლიდერი გახდა, რომელსაც დღეს მოძრაობა „ქართული მარში“ ჰქვია. პირველი და ყველაზე მასშტაბური აქცია მოძრაობის მომხრეებმა 2017 წლის ივნისში გამართეს. რამდენიმე ათასმა ადამიანმა აღმაშენებლის გამზირზე მსვლელობა მოაწყო და საქართველოში არალეგალების ყოფნა გააპროტესტა. მოძრაობას „ქართული მარში“ მსვლელობის ორგანიზატორებმა მოგვიანებით დაარქვეს.

მთავარი თემები