კითხვები არ უნდა არსებობდეს - მარგველაშვილი გამსახურდიას გარდაცვალების შესახებ

© photo: Sputnik / გადასვლა მედიაბანკშისაქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია
საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დამსახურება აღნიშნა და მისი გარდაცვალების გარემოების დადგენის მნიშვნელობაზე ისაუბრა

თბილისი, 31 მარტი – Sputnik. საქართველოს მოქმედმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყნის პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებასთან დაკავშირებულ ყველა კითხვაზე პასუხი უნდა გაეცეს.

შაბათს გამსახურდიას 79 წელი შეუსრულდებოდა. ის 1993 წლის 31 დეკემბერს სამეგრელოს სოფელ ხიბულაში დღემდე გაურკვეველ გარემოებაში დაიღუპა. იმდროინდელი კვლევების თანახმად, მან თავი მოიკლა. პირველი პრეზიდენტის ოჯახს გამსახურდიას თვითმკვლელობის არ სჯერა და მიაჩნია, რომ ის საქართველოს მეორე პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოკლეს.

„როდესაც ჩვენი სახელმწიფოს მთავარი მონაპოვარი დემოკრატიული ღირებულებია, როდესაც ვაშენებთ სამართლებრივ სახელმწიფოს, საზოგადოებაში კვლავ პასუხგაუცემელია კითხვები ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებით. ძალიან მნიშვნელოვანად მიმაჩნია, რომ ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებაზე ბუნდოვანება და კითხვები არ დარჩეს“, — დაწერა მარგველაშვილმა Facebook-ის საკუთარ ოფიციალურ გვერდზე.

საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია - Sputnik საქართველო
რეფერენდუმი და ზვიად გამსახურდიას დაბადების დღე - პრემიერმა მოსახლეობას მიულოცა

საქართველოში 31 მარტს იხსენებენ არამარტო პირველ პრეზიდენტს, არამედ 1991 წლის სახალხო რეფერენდუმს, რომელზეც ჯერ კიდევ საბჭოთა საქართველოს მოსახლეობამ დამოუკიდებლობის აღდგენას მისცა ხმა.  რეფერენდუმში ამომრჩეველთა 90,79%-მა მიიღო მონაწილეობა, საიდანაც სახელმწიფო დამოუკიდებლობას 99,08%-მა დაუჭირა მხარი.

„ზვიად გამსახურდიას უდიდესი წვლილი მიუძღვის საქართველოს ეროვნულ — განმანთავისუფლებელი მოძრაობის ჩამოყალიბებასა და საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენაში. სწორედ, ზვიად გამსახურდიას თაოსნობით, 1991 წლის 31 მარტს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის საკითხზე ჩატარებული სახალხო რეფერენდუმის საფუძველზე გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა“, — აღნიშნა მარგველაშვილმა.

© photo: National Library of Georgiaზვიად გამსახურდია
ზვიად გამსახურდია - Sputnik საქართველო
ზვიად გამსახურდია

რეფერენდუმის ჩატარების წლისთავი მანამდე საქართველოს მოსახლეობას პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მიულოცა.

გამსახურდიას გარდაცვალების გარემოებები ეჭვის ქვეშ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენლებიც აყენებდნენ. 2010 წელს პარლამენტში შეიქმნა დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც პირველი პრეზიდენტის გარდაცვალებასთან დაკავშირებულ საკითხებს სწავლობდა.

2011 წლის 22 თებერვლის დასკვნის თანახმად, გამსახურდიას გარდაცვალების საქმეში ბევრი საკითხი არსებობს, რომელიც თვითმკვლელობის ოფიციალურ ვერსიას ეჭვქვეშ აყენებს. კერძოდ, იარაღი, რომლითაც თითქოს თავი მოიკლა გამსახურდიამ, ისევე როგორც ტყვია და ვაზნა, დღემდე არ არის აღმოჩენილი, ოთახში კი სისხლის კვალი არ ყოფილა.

2015 წელს, ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ, გამოძიება განახლდა. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ საქმე „მკვლელობის“ მუხლით აღძრა.

 

ყველა ახალი ამბავი
0