23:22 20 სექტემბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0606
  • 100 RUB3.9087
  • USD2.6179
ა. ქაჯაიას სახელობის სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფო

სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში არსებულ მდგომარეობას პრემიერი გამოეხმაურა

© FB / Ministry Of Labour,Health&Social Affairs Of Georgia
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
ჯანდაცვა საქართველოში (163)
73 0 0

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია კონტროლი იმ სამედიცინო დაწესებულებებზე, სადაც უმწეო ადამიანები მკურნალობენ

თბილისი, 14 მარტი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას იმის გამო, რომ მისმა თანამშრომლებმა ა. ქაჯაიას სახელობის სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში არსებული მდგომარეობა შეისწავლეს და ყველა პრობლემა გაასაჯაროვეს.

შემოწმებისას გამოვლინდა პრობლემები როგორც ინფრასტრუქტურული, ისე თერაპიული კუთხით. კერძოდ, საავადმყოფოს მთელი ინვენტარი ძველი და გამოუსადეგარია, დაცული არ არის სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები. ომბუდსმენმა ნინო ლომჯარიამ შექმნილ ვითარებას პაციენტების ღირსების შემლახავი უწოდა და ჯანდაცვის სამინისტროს დაუყოვნებლივ ზომების მიღებისკენ მოუწოდა. ამის შემდეგ საავადმყოფოში დროებითი მმართველი დანიშნეს.

„სახალხო დამცველის მიერ გამოტანილი ინფორმაცია ჩემთვისაც საგანგაშო იყო…  ნამდვილად, სახალხო დამცველს მადლობა ეკუთვნის იმისათვის, რომ იგი ასეთი ყურადღებით მიუდგა ამ საკითხს, რადგან ჩვენთვის ეს მართლაც საგანგაშო ზარი აღმოჩნდა", — აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე.

პრემიერმა სთხოვა შრომის, ჯანმრთელობისა და საოციალური დაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს მაქსიმალური ყურადღება დაუთმოს სამედიცინო დაწესებულებების კონტროლს, განსაკუთრებით იმ დაწესებულებებში, სადაც უმწეო ადამიანები იმყოფებიან.

„მივესალმები, რომ რეაგირება მოხდინეთ და სპეციალური წარმომადგენელი გაგზავნეთ, რომელიც ამ დაწესებულებას დროებით მართავს. მინდა, ასევე გთხოვოთ, რომ ყველა ამ ტიპის დაწესებულებაზე განსაკუთრებული კონტროლი დავაწესოთ იმ კუთხით, რომ იქ არიან უმწეო ადამიანები. მათ არ ძალუძთ საკუთარი მდგომარეობის შესახებ ასე ღიად საუბარი და ინფორმაციის ჩვენამდე მოტანა“, — განაცხადა კვირიკაშვილმა.

საქართველოს ხელისუფლება საქართველოს რეგიონებში ორი ახალი ფსიქიატრიული საავადმყოფოს აშენებას გეგმავს.

„ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ორი ასეთი ახალი დაწესებულების მშენებლობას ვგეგმავთ. ერთი იქნება სამეგრელოს, ხოლო ერთი — კახეთის რეგიონში, რაც, ვფიქრობ, მნიშვნელოვნად შეცვლის მდგომარეობას ამ მიმართულებით“, — აღნიშნა კვირიკაშვიმა.

მან ხაზი გაუსვა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მნიშვნელობას, რომელიც საქართველოს მოსახლეობის სამედიცინო დაზღვევას უზრუნველყოფს.

„ის მიმართულება, რომელიც არის ჩვენთვის საამაყო და რეფორმები, რომლებიც განვახორციელეთ — საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმა, ნამდვილად გასაფრთხილებელია. განსაკუთრებით იმ დაწესებულებებში, სადაც უმწეო ადამიანები იკურნებიან, აუცილებელია გაძლიერებული ყურადღება", — განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

სამინისტროს ინფორმაციით, სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში სარემონტო სამუშაოები 2017 წელს ჩატარდა.

საავადმყოფოში ამბულატორიული მკურნალობისთვის ყოველთვიური ბიუჯეტი 7 ათასი ლარით გაიზარდა და 12 ათასი ლარი შეადგინა. რაც შეეხება სტაციონარულ მომსახურებას, მისი ყოველთვიური ბიუჯეტი 10 ათასი ლარით გაიზარდა და თვეში 150 ათასი ლარი შეადგინა.

გარდა ამისა, ოპტიმიზაციისა და მუშაობის გაუმჯობესების მიზნით სურამის ფსიქიატრიული საავადმყოფო ბედიანის ფსიქიატრიულ საავადმყოფოსთან გააერთიანეს.


თემები:
ჯანდაცვა საქართველოში (163)

მთავარი თემები