გერმანიის ხელისუფლება საქართველოს უსაფრთხოებაში დარწმუნებულია

© photo: Sputnik / Igor Zarembo / გადასვლა მედიაბანკშიბერლინი
ბერლინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გერმანიის დელეგაციას უმასპინძლა და დელეგაციის წევრებთან საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა გაზრდილი რაოდენობის პრობლემა განიხილა.

თბილისი, 6 მარტი — Sputnik. საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა და მის მოქალაქეებს არ გააჩნიათ გერმანიაში თავშესაფრის მოთხოვნის არანაირი აუცილებლობა, განაცხადა გერმანიის შინაგან საქმეთა ფედერალური სამინისტროს მიგრანტთა დაბრუნების შტაბის ხელმძღვანელმა კრისტიან კლოსმა, იუწყება ტელეარხი Imedi.

კლოსი საქართველოს ორდღიანი ვიზიტით ეწვია. მას ახლავს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის რწმუნებული ლტოლვილთა და მიგრაციის საკითხებში ანეტ გიუნტერი. ვიზიტის მიზანს საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა გაზრდილი რაოდენობის პრობლემის განხილვა წარმოადგენს.

გერმანულმა დელეგაციამ ამ საკითხზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ვახტანგ მახარობლიშვილთან შეხვედრა გამართა.

„საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა და არ არსებობს გერმანიაში თავშესაფრის მოთხოვნის არანაირი პირობა, ამიტომ თავშესაფრის მთხოვნელები დაბრუნებული იქნებიან სამშობლოში. ამ მხრივ თანამშრომლობა უნდა გავააქტიუროთ, რათა სათანადოდ იქნას დაცული როგორც ევროპული, ისე ქართული კანონი და საქართველოს მოქალაქეებმა თავისუფად ისარგებლონ უვიზო მიმოსვლით“, — განუცხადა კლოსმა შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს.

საქართველოს და ევროკავშირის დროშები ევროპის მოედანზე - Sputnik საქართველო
საფრანგეთის ელჩი: კრიმინალების გამო არ გვინდა დავსაჯოთ ღირსეული ქართველები

გერმანული დელეგაცია სამშაბათს მოლაპარაკებებს გამართავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, ხოლო ოთხშაბათს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს შეხვდება.

ევროკავშირმა საქართველოს მოქალაქეებისათვის 2017 წლის მარტში აამოქმედა უვიზო რეჟიმი, რომლითაც უკვე 220 000-მა საქართველოს მოქალაქემ ისარგებლა. ამასთან, ზოგიერთი ევროპული ქვეყანა საქართველოდან ევროპაში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის ზრდით შეშფოთებულია, მათ შორის არიან გერმანია, ისლანდია, შვედეთი.

მხოლოდ 2018 წლის იანვარში გერმანიაში თავშესაფარი საქართველოს 632-მა მოქალაქემ მოითხოვა და პრაქტიკულად ყველამ უარი მიიღო. ამასთან დაკავშირებით მთავრობა სწრაფი და ქმედითი რეაგირების მომხრეა.

მანამდე გერმანიის რაინ-ვესტფალიის მხარის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტომას დე მეზიერმა არ გამორიცხა საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ამოქმედება, თუ საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი კიდევ გაიზრდებოდა.

საქართველოს ხელისუფლებამ უვიზო რეჟიმის მოთხოვნების დამრღვევთა მიმართა კანონმდებლობის გამკაცრების გადაწყვეტილება უკვე მიიღო. ინიციატივის თანახმად, ადამიანის რეადმისიასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი თვითონ მას დაეკისრება. 

გარდა ამისა, იგეგმება გვარის შეცვლის პროცედურების გამკაცრება, რადგან საქართველოს ზოგიერთი მოქალაქე, რომლებსაც თავშესაფარზე უარს ეუბნებიან, ბრუნდება სამშობლოში, ნათესავების გვარზე გადადის და ისევ ევროკავშირის ქვეყნებში მიემგზავრება.

ევროკავშირის ქვეყნებთან საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წლის 28 მარტიდან ამოქმედდა. საუბარია შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიან (180 დღის მანძილზე საერთო ჯამში 90 დღით) ტურისტულ, საქმიან და სტუმრის სტატუსით ვიზიტებზე. გრძელვადიანი, სამუშაო ან სასწავლო ვიზიტებისთვის საქართველოს მოქალაქეებს ვიზების მიღება სჭირდებათ.

ყველა ახალი ამბავი
0