ხელისუფლება გუბერნატორებს სახლში უშვებს?!

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს მთავრობა
საქართველოს მთავრობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მმართველი გუნდის მორიგი რეფორმა გუბერნატორების ინსტიტუტის გაუქმება იქნება, ამბობს „Sputnik–საქართველოს“ ჟურნალისტი რუსუდან კაციტაძე და მკითხველს მომავალ შუალედურ საპარლამენტო არჩევნებში ძალთა ახალი გადანაწილების შესახებ მოუთხრობს.

მმართველი პარტია ხონისა და ვანის საარჩევნო ოლქში კარს მომდგარი არჩევნებისთვის კანდიდატის დასახელებას არ ჩქარობს. არადა, ვადა უკვე იწურება. ამ დროისათვის ცესკოში რეგისტრაცია 28 საარჩევნო სუბიექტმა გაიარა არჩევნებში მონაწილეობის მიზნით. მხოლოდ ეს ერთ საარჩევნო ოლქში არჩევნები ბიუჯეტს 800 ათასი ლარი დაუჯდება. პარლამენტში ხონისა და ვანის მაჟორიტარი დეპუტატის სავარძელი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც მაჟორიტარი დეპუტატი და ბიძინა ივანიშვილის რჩეული გრიგოლ ლილუაშვილი უშიშროების სამსახურში პირველ მოადგილედ გადაიყვანეს.

დეპუტატის სკამს „მრეწველი“ ზურაბ ტყემალაძე და „ოცნების“ ყოფილი დეპუტატი დავით ლორთქიფანიძე უმიზნებენ. განსაკუთრებით ლორთქიფანიძე აქტიურობს სოციალურ ქსელებსა და ტელევიზიებში, მაგრამ, სარწმუნო წყაროს ცნობით, ყველაზე რეალური იმერეთის გუბერნატორის გივი ჭიჭინაძის კანდიდატურაა. გარდა იმისა, რომ ის ბიძინა ივანიშვილს ძალიან უყვარს, ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები მორიგ სახელისუფლებო რეფორმებზე საუბრობენ, რაც გუბერნიების გაუქმებაში გამოიხატება. ამასობაში კი ჭიჭინაძე პარლამენტის წევრი შეიძლება გახდეს.

საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
მორიგი პოლიტიკური კრიზისი საქართველოში, თუ დიდი ბიზნესი ჭამს პატარას

მასთან დაახლოებული პირები ხმებს ავრცელებენ, რომ ჭიჭინაძემ დეპუტატობაზე უარი თქვა. ეს მართალია, ოღონდ, ორი წლის წინ. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვისაც შესთავაზეს ჭიჭინაძეს ქუთაისის ერთ-ერთ საარჩევნო ოლქში კენჭისყრა, მაგრამ მან თქვა, რომ 2014 წლის ადგილობრივ არჩევნებზე ძალიან განიცადა ალეკო ელისაშვილთან დამარცხება და მზად არ იყო ახალი არჩევნებისათვის (2014 წელს გივი ჭიჭინაძე თბილისში, ვაკე-საბურთალოს საარჩევნო ოლქში იყრიდა კენჭს და ალეკო ელისაშვილთან დამარცხდა). აქედან გამომდინარე, ის უფრო რომელიმე რაიონში კენჭისყრას ამჯობინებდა, რადგან ქუთაისი საკმაოდ განაწყენებული იყო „ოცნებაზე“ პარლამენტის გადატანისა და სხვა განცხადებების გამო.

მოკლედ, თუ მმართველი გუნდი ჭიჭინაძეს დაასახელებს, ის არჩევნებს მოიგებს, ალბათ, მეორე ტურში, მაგრამ მაინც.

ქართული ოცნება - Sputnik საქართველო
„ქართული ოცნების" ურჩები

საკმაოდ დიდი მხარდაჭერა ექნება გიგი უგულავასაც არა მხოლოდ ცნობადობის და გამწარებული ხალხის ხარჯზე, არამედ იმის გამო, რომ „ნაციონალური მოძრაობიდან“ აკაკი ბობოხიძე სწორედ „ევროპელ დემოკრატებს“ შეხვდათ. ბობოხიძეს კი ხონსა და ვანში ბევრი მხარდამჭერი ჰყავს და რამდენჯერმე კინაღამ მოუგო ხელისუფლებას არჩევნები. ის არც რესურსების ხარჯვას გაურბის. ეს რესურსები ხელისუფლებაში ყოფნის დროს საკმაოდ დიდი რაოდენობით აქვთ დაგროვილი, იმდენად დიდი, რომ ხელისუფლებაშიც ჰყავთ თავიანთი ხალხი.

ისევ საერთო კანდიდატის აუცილებლობაზე საუბრობს „ნაციონალური მოძრაობა“. ამჟამად მიმდინარეობს კონსულტაციები, რომ ნაცებმა მხარი პოროშენკოს მრჩეველსა და ვანო ჩხარტიშვილის სიძეს გიორგი ვაშაძეს დაუჭირონ. მართალია, ნაცთა ერთი ნაწილი ამის წინააღმდეგია – პოროშენკოს რეფორმების ავტორს სააკაშვილის გუნდმა როგორ უნდა დაუჭიროს მხარიო, მაგრამ გამორიცხული არაფერია. სხვა შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობა“ ამ არჩევნებისთვის ბოიკოტის გამოცხადებას აპირებს, რადგან ფულისა და რესურსების უაზრო ხარჯვა არ უღირთ და არც იმის დაფიქსირება, რომ მესამე-მეოთხე ადგილზე გავლენ.

პრეზიდენტის სასახლე - Sputnik საქართველო
ქართული პოლიტელიტის საპრეზიდენტო ვნებანი

სავარაუდოდ, ხონისა და ვანის ოლქში საკუთარ კანდიდატურას „პატრიოტები“ და კიდევ რამდენიმე სხვა პარტია დააყენებს, რადგან იქ, სადაც მეორე ტურია მოსალოდნელი, ათასი ხმაც კი კარგი სავაჭრო საშუალებაა.

ასეა თუ ისე, 28 აპრილს გაირკვევა, ვინ იქნება საქართველოს პარლამენტის კიდევ ერთი წევრი, რომელიც, ძველი ანეგდოტისა არ იყოს, ხალხის ვერა, მაგრამ საკუთარ ცხოვრებას კი შეცვლის უკეთესობისკენ და კარგ ტრიბუნასაც იშოვის. თუმცა, მმართველი პარტიიდან მაჟორიტარები ამ ტრიბუნის გამოყენებას მაინც და მაინც არ ესწრაფვიან.

 

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებას!

ყველა ახალი ამბავი
0