საქართველო ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შენარჩუნებისთვის კანონმდებლობას გაამკაცრებს

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს პასპორტი
საქართველოს პასპორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
2017 წლის იანვრიდან 2018 წლის იანვრამდე პერიოდში საქართველოში რეადმისიის გზით ევროკავშირის ქვეყნებიდან 2 ათასზე მეტი მოქალაქე დაბრუნდა.

თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საგანგებო თათბირი გამართა, რომელზეც განიხილეს ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო რეჟიმის მოთხოვნების დამრღვევთა მიმართ კანონმდებლობის გამკაცრების საკითხი, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჩრდილოეთ რეინ-ვესტფალიის ფედერალური მიწის მთავრობა გერმანიაში ევროკავშირის ქვეყნებსა და საქართველოს შორის უვიზო რეჟიმის შეჩერების ლობირებას გეგმავს. რეგიონალური მთავრობის უკმაყოფილების მიზეზი საქართველოდან გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის ზრდაა.

ქართული ბიომეტრიული პასპორტი - Sputnik საქართველო
გაირკვა, საქართველოს რამდენი მოქალაქე დააბრუნეს ევროკავშირიდან სამშობლოში

„საქართველოს მთავრობა დიდი ყურადღებით ეკიდება პარტნიორი ქვეყნების წუხილს და მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას გეგმავს როგორც კანონმდებლობის გამკაცრების, ასევე პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის გააქტიურებისა და ქვეყნის მასშტაბით აქტიური საინფორმაციო კამპანიის წარმოების მიმართულებით", — ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.

მთავრობის ამ ნაბიჯების გადადგმა უმოკლეს ვადებში იგეგმება, რათა საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა კიდევ უფრო არ გაიზარდოს და ეს ვიზალიბერალიზაციის შეფერხების მიზეზი არ გახდეს.

საგანგებო თათბირს ესწრებოდნენ საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური.

მინისტრთა კაბინეტის წევრებმა გადაწყვიტეს საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება, რომლის თანახმად, შემოღებული იქნება მთელი რიგი პრევენციული ზომები, მათ შორის, რეადმისიის ხარჯის თავად რეადმისირებულ პირებზე დაკისრება. გარდა ამისა, გვარის შეცვლასთან დაკავშირებული პროცედურების გამკაცრება.

უფრო მეტიც, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გააფართოებს ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატებს პარტნიორ ქვეყნებთან, განსაკუთრებით, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის კონტექსტში. ხოლო პოლიციის ატაშეების ინსტიტუტის კიდევ უფრო გააქტიურების მიზნით მინისტრი ევროკავშირის ქვეყნებში გაემგზავრება.

ამასთან, მთავრობის ინიციატივით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდება აქტიური საინფორმაციო კამპანია, რომელიც მოსახლეობას მიაწვდის დეტალურ ინფორმაციას, რა რისკებთან არის დაკავშირებული მათ მიერ შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის წესების დარღვევა და რა შედეგებს მოუტანს ეს მათ სხვადასხვა, მათ შორის, ფინანსური თვალსაზრისით.

მიხეილ ჯანელიძე - Sputnik საქართველო
ნატოში გაწევრიანება ტერიტორიების ფასად? საქართველოში Heritage-ის ანგარიში შეაფასეს

ევროკავშირის ქვეყნებთან საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წლის 28 მარტიდან ამოქმედდა. საუბარია შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიან (180 დღის მანძილზე საერთო ჯამში 90 დღით) ტურისტულ, საქმიან და სტუმრის სტატუსით ვიზიტებზე.

2017 წლის იანვრიდან 2018 წლის იანვრამდე პერიოდში საქართველოში რეადმისიის გზით ევროკავშირის ქვეყნებიდან 2 ათასზე მეტი მოქალაქე დაბრუნდა. დღეისათვის რეადმისიის ყველა ხარჯს სახელმწიფო ფარავს.

ყველა ახალი ამბავი
0