ბურჯანაძე: ამერიკელები ივანიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას სთხოვენ

© Sputnik / Alexander Imedashviliბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პარლამენტის ექს-სპიკერი ნინო ბურჯანაძე ამტკიცებს, რომ მმართველ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს" არჩევნების წინ სერიოზული პრობლემები აქვს.

თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის ექს-სპიკერი, ოპოზიციური პარტია „დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე არ გამორიცხავს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი საკუთარ კანდიდატურას წამოაყენებს, რამდენადაც ამას აშშ-ში ითხოვენ.

საქართველოში მორიგი საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის შემოდგომაზე გაიმართება. ეს საქართველოს პრეზიდენტის ბოლო პირდაპირი არჩევნები იქნება. ამასთან, სახელმწიფოს მეთაურს არა ხუთი წლით, როგორც აქამდე იყო, არამედ ექვსი წლით აირჩევენ.

„დადის ხმები, და არცთუ უსაფუძვლო, იმასთან დაკავშირებით, რომ აშშ-ის გარკვეული სტრუქტურები ბიძინა ივანიშვილს კატეგორიულად სთხოვენ არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურა წამოაყენოს, რადგანაც არაფორმალური მმართველობა, რომელიც უკვე ყველას თვალში ხვდება, ნებისმიერ ადამიანს, რომელიც საქართველოზე, როგორც დემოკრატიულ სახელმწიფოზე საუბრობს, უხერხულ მდგომარეობაში აყენებს", — განაცხადა ბურჯანაძემ ტელეკომპანია Palitra News-ის ეთერში.

მისი სიტყვებით, ივანიშვილის კანდიდატურის შესახებ საუბრები შემთხვევითობა არ არის.

ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
გახდება თუ არა ივანიშვილი პრეზიდენტობის კანდიდატი

„პირველ რიგში, ამან ნათლად აჩვენა, რომ მმართველი გუნდი ცოტათი მაინც მოვიდა გონს და გააცნობიერა, რომ მას სერიოზული პრობლემები აქვს და რომ მათ საპრეზიდენტო არჩევნებზე შეიძლება მართლა გაუჭირდეთ, მით უმეტეს, თუ ოპოზიცია ერთიანი კანდიდატურის დასახელებას შეძლებს", — აღნიშნა ბურჯანაძემ.

ამასთან ერთად მან განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტობის საუკეთესო კანდიდატი თავადაა.

მანამდე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება გამორიცხა.

მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ არენაზე 2011 წელს გამოჩნდა და პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო" დააარსა. ერთი წლის შემდეგ ეს გაერთიანება, კოალიციაში კიდევ ოთხ პარტიასთან ერთად, ხელისუფლებაში მოვიდა საპარლამენტო არჩევნების შედეგად. ასე დასრულდა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" 9-წლიანი მმართველობა.

2013 წელს, საპრეზიდენტო არჩევნებში „ქართული ოცნების" კანდიდატის გამარჯვების შემდეგ, ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა. როგორც მაშინ ივანიშვილმა განაცხადა, მისი ძირითადი ამოცანა შესრულებულია. თავის მხრივ ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ის ქვეყანას კულისებიდან მართავს.

ყველა ახალი ამბავი
0