IRI-ს პრეზიდენტი: ეფექტური დემოკრატია საქართველოს უსაფრთხოების გარანტიაა

© FB / Parliament of Georgia ირაკლი კობახიძე და დენიელ ტვინინგი
ირაკლი კობახიძე და დენიელ ტვინინგი - Sputnik საქართველო
გამოწერა
IRI-ს პრეზიდენტმა დენიელ ტვინინგმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს რეკომენდაციები მისცა, თუ როგორ უნდა გახდეს ქვეყანა უსაფრთხო.

თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. საქართველოსთვის უსაფრთხოების წყაროს ღია, ძლიერი და ეფექტური დემოკრატია წარმოადგენს, განაცხადა აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) პრეზიდენტმა დენიელ ტვინინგმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ირაკლი კობახიძესთან ვაშინგტონში გამართული შეხვედრის შემდეგ.

კობახიძე აშშ-ში ვიზიტით 3 თებერვალს გაემგზავრა. მან შეხვედრები უკვე გამართა გერმანიის მარშალის ფონდის წარმომადგენლებთან და ასევე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის პირველ მოადგილესთან ელიზაბეტ მილარდთან. პარლამენტის თავმჯდომარეს მაღალი დონის შეხვედრები კონგრესშიც აქვს დაგეგმილი. კობახიძე ვაშინგტონში 10 თებერვლამდე დაჰყოფს.

„ჩვენ საქართველოსა და აშშ-ს შორის თანამშრომლობის ბევრი სფერო განვიხილეთ. განვიხილეთ ის, თუ რა სამუშაოს ეწევა საქართველოში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი პარტნიორების მხარდაჭერით. ასევე ვისაუბრეთ იმაზე, რომ ღია, ძლიერი და ეფექტური დემოკრატია საუკეთესო წყაროა უსაფრთხოებისთვის, უცხოური ჩარევის წინააღმდეგ და რომ რაც უფრო ძლიერი და ინკლუზიურია ქართული დემოკრატია, კანონის უზენაესობისა და გამჭვირვალობის მიმართულებით, საქართველო მით უფრო უკეთ შეძლებს საკუთარი თავის დაცვას გარე ძალებისგან და უკეთესი მოკავშირე იქნება ამერიკის შეერთებული შტატებისთვის", — ციტირებს IRI-ს პრეზიდენტის სიტყვებს საქართველოს პარლამენტის პრეს-სამსახური.

მხარეებმა შეხვედრის დროს ისაუბრეს 2017 წლის ოქტომბერში საქართველოში ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ. კობახიძემ ტვინინგს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის სადამკვირვებლო მისიის მიერ გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. პარლამენტის სპიკერმა ხაზგასმით აღნიშნა საქართველოში საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების საქმიანობის მნიშვნელობა.

გიორგი კვირიკაშვილი და ფედერიკა მოგერინი - Sputnik საქართველო
მეტი ვაჭრობა და რეფორმები - რაზე ისაუბრეს კვირიკაშვილმა და მოგერინიმ

კობახიძემ IRI-ს პრეზიდენტს საქართველოში განხორციელებული კონსტიტუციური ცვლილებები გააცნო, რომელიც 2017 წლის დეკემბერში იქნა მიღებული და, რომლის თანახმად, ქვეყანა მთლიანად გადადის მმართველობის საპარლამენტო მოდელზე.

შეხვედრაზე ქართულ დელეგაციას წარმოადგენდნენ აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დავით ბაქრაძე და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ნიკოლოზ სამხარაძე.

საქართველომ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 23 აპრილს დაამყარეს. 2009 წელს ქვეყნებმა ვაშინგტონში ხელი მოაწერეს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას საქართველოსა და აშშ-ს შორის, რომელიც ითვალისწინებს პარტნიორული კავშირებისა და თანამშრომლობის გაფართოებას თავდაცვისა და უსაფრთხოების, ეკონომიკის, ენერგეტიკის, დემოკრატიული რეფორმების, დიპლომატიისა და კულტურის სფეროებში.

ყველა ახალი ამბავი
0