სტოლტენბერგი: საქართველოსთან პარტნიორობა ნატოსთვის მნიშვნელოვანია

© FB / MFA of Georgiaმიხეილ ჯანელიძე და იენს სტოლტენბერგი
მიხეილ ჯანელიძე და იენს სტოლტენბერგი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მხარი დაუჭირა იმ რეფორმებს, რომლებიც მიმართულია კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებისკენ

თბილისი, 6 დეკემბერი — Sputnik. ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრის შემდეგ ქვეყნისადმი მხარდაჭერა გამოხატა და ალიანსთან საქართველოს პარტნიორობის მნიშვნელობა აღნიშნა.

ჯანელიძისა და სტოლტენბერგის შეხვედრა ბრიუსელში ნატოს მინისტერიალზე გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა ტარდება, რომელსაც ალიანსის წევრი-ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ესწრებიან.

ნატოს გენერალური მდივანი - Sputnik საქართველო
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოსთვის ღირებული პარტნიორია

 „საქართველოს ნატოსთან პარტნიორობა ძალზე მნიშვნელოვანია, ჩვენ ვახორციელებთ თქვენი ქვეყნის პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას, მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე მივესალმებით რეფორმებს, რომლებზეც ფოკუსირებულია საქართველო", — ციტირებს სტოლტენბერგის სიტყვებს საქართველოს საგარეო უწყება.

მან მხარი დაუჭირა იმ რეფორმებს, რომლებიც მიმართულია კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებისკენ.

 „ჩვენ მივესალმებით მოცემულ რეფორმებს და კვლავ გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას", — აღნიშნა სტოლტენბერგმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს ნატოს მისიებში მონაწილეობა.

 „საქართველო ნატოს მტკიცედ უჭერს მხარს სხვადასხვა მისიებში, გარდა ამისა, ჩართულია ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში. ასევე აღსანიშნავია, რომ საქართველო ავღანეთში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორია. ჩვენ თანამშრომლობას ვაგრძელებთ", — განაცხადა სტოლტენბერგმა.

ჯანელიძემ, თავის მხრივ, სტოლტენბერგს საქართველოს აქტიური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა როგორც ნატოში ინტეგრაციის, ისე სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერისთვის.

ნატოს სამხედრო ხომალდები ბათუმის პორტში - Sputnik საქართველო
ნატოს ხომალდები ბათუმის პორტში

 „ჩვენი თანამშრომლობა დაფუძნებულია მნიშვნელოვან ფუნდამენტზე, ჩვენ ერთად ვმუშაობთ რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის. ჩვენ ვამაყობთ, რომ წვლილი შეგვაქვს ევროატლანტიკურ სივრცის უსაფრთხოებაში. ჩვენ კონტრიბუციას კვლავ გავაგრძელებთ", — განაცხადა ჯანელიძემ.

საქართველო-ნატოს ინსტიტუციონალური თანამშრომლობა 1994 წელს დაიწყო, როდესაც საქართველო პროგრამა  „პარტნიორობა მშვიდობისათვის" წევრი გახდა.  „ვარდების რევოლუციის" შემდეგ, 2004 წლიდან საქართველოს თანამშრომლობა ნატოსთან უფრო ინტენსიური გახდა. 2011 წელს საქართველომ ნატოს  „ასპირანტი ქვეყნის" სტატუსი მიიღო. 2014 წელს უელსში გამართულ სამიტზე საქართველოს ნატოს წევრობისკენ სწრაფვის მხარდამჭერ ღონისძიებათა პაკეტი დამტკიცდა.

საქართველოსა და ნატოს ურთიერთობით უკმაყოფილოა ჩრდილოელი მეზობელი. რუსეთის ხელისუფლებამ არაერთხელ გამოხატა უკმაყოფილება საქართველოს ტერიტორიაზე ალიანსის სამხედრო წვრთნების გამო.

ყველა ახალი ამბავი
0