რა შესთავაზა გროისმანმა საქართველოს

გამოწერა
უკრაინის პრემიერ–მინისტრი თბილისში შეხვედრებს მართავს და „აბრეშუმის გზის“ ფორუმში იღებს მონაწილეობას.

თბილისი, 28 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს და უკრაინის მოქალაქეებს ID ბარათებით ერთმანეთთან მიმოსვლის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ – ამ წინადადებით გამოვიდა თბილისში ოფიციალური ვიზიტით მყოფი უკრაინის პრემიერ–მინისტრი ვოლოდიმირ გროისმანი.

უკრაინის მინისტრთა კაბინეტის მეთაური თბილისს სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით კვირას, საღამოს ეწვია. გროისმანმა შეხვედრები უკვე გამართა საქართველოს პრემიერ–მინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან, პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან ირაკლი კობახიძესთან.

„ჩვენ ასევე უნდა გავამარტივოთ მოგზაურობა ჩვენ ქვეყნებს შორის, ჩვენი მოქალაქეებისთვის. ვიცით, რომ საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეები დაინტერესებული არიან ჩვენ ქვეყნებში სტუმრობით და დღეს ჩვენ გამოვთქვით დიალოგის დაწყების სურვილი ID ბარათების აღიარებასთან დაკავშირებით, რათა ჩვენი მოქალაქეებისთვის ჩვენ ქვეყნებში მიმოსვლა უფრო მოხერხებული გახდეს“, – განაცხადა გროისმანმა ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.

უკრაინის პრემიერ–მინისტრი ვიზიტის ფარგლებში ასევე მონაწილეობს „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში“, რომელიც საქართველოში მეორედ იმართება. უკრაინის მინისტრთა კაბინეტის მეთაური სიტყვით უკვე გამოვიდა ფორუმის სესიაზე. 

უკრაინის უშიშროების სამსახური - Sputnik საქართველო
უკრაინამ საქართველოს რვა მოქალაქე გამოაძევა

„ის, რომ ეს ფორუმი ჩვენი ქართველი პარტნიორების ინიციატივით მეორედ ტარდება, მეტყველებს იმაზე, რომ პრობლემატიკა, რომელზეც ჩვენ დღეს ვისაუბრებთ, ძალზე მნიშვნელოვანია. ასევე მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ ის, რომ ჩვენ გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული, როგორი იქნება მომავალი და რამდენად ვართ მზად მივიღოთ სწორი გადაწყვეტილებები ჩვენი შესაძლებლობების ინტეგრაციისა და ჩვენი კავშირების გაუმჯობესებისთვის“, – განაცხადა მან.

გროისმანს ასევე დაგეგმილი აქვს შეხვედრები თბილისის მერთან კახა კალაძესთან, თავდაცვის მინისტრთან ლევან იზორიასთან და კულტურის მინისტრთან მიხეილ გიორგაძესთან.

პირადობის ახალი მოწმობები საქართველოში 2011 წელს გამოჩნდა. მისი საშუალებით შესაძლებელია ადამიანის დისტანციურად, ინტერნეტის მეშვეობით იდენტიფიცირება, საქართველოში იურიდიული ძალის მქონე ელექტრონულ დოკუმენტებზე ციფრული ხელმოწერის გაკეთება.

ამჟამად ID ბარათებით საქართველო–თურქეთის საზღვრის გადაკვეთა შეუძლიათ საქართველოსა და თურქეთის მოქალაქეებს. საზღვრის გამარტივებული წესით გადაკვეთა 2011 წლიდან მოქმედებს.

ყველა ახალი ამბავი
0