19,2% მიემხრო ვერსიას „ეს უბრალო მორიგი გადაადგილებებია".
მთავრობაში დაგეგმილი სტრუქტურული რეორგანიზაცია მკითხველთა 19,2%-სთვის სულერთია.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ქვეყანაში სამთავრობო ცვლილებების შესახებ განცხადება 13 ნოემბერს გააკეთა. ოთხშაბათს მინისტრთა კაბინეტის წევრებმა განიხილეს და მხარი დაუჭირეს სტრუქტურული ცვლილებების შესახებ კანონპროექტს, რომლის საფუძველზეც სამინისტროების რაოდენობა 18-დან 14-მდე მცირდება. აღნიშნული გადაწყვეტილება მმართველ გუნდში ხარჯების შემცირებითა და უფრო ეფექტურად მუშაობის სურვილით ახსნეს.
ხელისუფლების გადაწყვეტილებით, დამოუკიდებელ სტრუქტურულ ერთეულად აღარ იფუნქციონირებენ ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროები და ასევე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი. აღნიშნული სტრუქტურები ერთმანეთს ან სხვა სამინისტროებს უერთდებიან.
ერთ სამინისტროში გაერთიანდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სფეროები, ბუნებრივი რესურსებისა და ენერგეტიკის სფეროები კი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაქვემდებარებაში გადადის. სპორტის საკითხებით კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო დაკავდება, ახალგაზრდობის საკითხებით კი განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
რაც შეეხება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს, ის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეუერთდება, ისევე, როგორც ერთი წლის წინ დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა რიგი საკადრო ცვლილებები განახორციელა, კერძოდ, შინაგან საქმეთა მინისტრად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია დაინიშნა. ეკონომიკის უწყებას სათავეში ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ჩაუდგა, ფინანსთა მინისტრი კი მამუკა ბახტაძე გახდა, რომელიც მანამდე "საქართველოს რკინიგზას" ხელმძღვანელობდა.