პარლამენტი საქართველოს მთავრობაში ცვლილებების შესახებ კანონპროექტს ელოდება

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პარლამენტმა მთავრობაში მინისტრების რაოდენობის შემცირებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობამ მხარი დაუჭირა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივას მინისტრთა კაბინეტის სტრუქტურული ცვლილებების შესახებ, რის შემდეგაც კანონპროექტი დასამტკიცებლად პარლამენტს გადაეგზავნება.

პრემიერმა საქართველოს მთავრობაში საკადრო ცვლილებები ორშაბათს განახორციელა. დაგეგმილია სტრუქტურული ცვლილებები, რის საფუძველზეც სამინისტროების რაოდენობა 18-დან 14-მდე მცირდება.

ცვლილებები უნდა შევიდეს კანონში „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ". მთავრობას ერთი კვირა აქვს იმისთვის, რათა პარლამენტში კანონპროექტი წარადგინოს. მას შემდეგ, რაც კანონპროექტს ბიუროს სხდომაზე დაარეგისტრირებენ, ის საკანონმდებლო ორგანოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება და მხოლოდ ამის შემდეგ გახდება ცნობილი, რა ცვლილებები შევა კანონში და სამინისტროების გაერთიანების შემდეგ რა სახელი ექნებათ უწყებებს.

ხელისუფლების გადაწყვეტილებით, დამოუკიდებელ სტრუქტურულ ერთეულად აღარ იფუნქციონირებენ ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროები და ასევე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი. აღნიშნული სტრუქტურები ერთმანეთს ან სხვა სამინისტროებს უერთდებიან.

ერთ სამინისტროში გაერთიანდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სფეროები, ბუნებრივი რესურსებისა და ენერგეტიკის სფეროები კი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაქვემდებარებაში გადადის. სპორტის საკითხებით კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო დაკავდება, ახალგაზრდობის საკითხებით კი განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

რაც შეეხება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს, ის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეუერთდება, ისევე, როგორც ერთი წლის წინ დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი.

ტრიბუნა - Sputnik საქართველო
ცვლილებები საქართველოს მთავრობაში: აქცენტი ეფექტურობაზე გაკეთდა

„საკომიტეტო მოსმენების დასრულებიდან ორი კვირის შემდეგ აღნიშნული ინიციატივების განხილვა პლენარულ სხდომაზე დაჩქარებული წესით მოხდება. მას შემდეგ, რაც საკანონმდებლო ბაზა მზად იქნება, რათა პრემიერის მიერ დაანონსებული ცვლილებები განხორციელდეს, მოხდება მინისტრების დანიშვნა და მთავრობის ახალი შემადგენლობა ნდობის მანდატის მოსაპოვებლად პარლამენტის წინაშე წარდგება", — განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი კახიანმა ტელეკომპანია Imedi-ს ეთერში.

კახიანის აზრით, მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობის დამტკიცება წლის ბოლომდე დასრულდება.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა რიგი საკადრო ცვლილებები განახორციელა, კერძოდ, შინაგან საქმეთა მინისტრად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია დაინიშნა. ეკონომიკის უწყებას სათავეში ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ჩაუდგა, ფინანსთა მინისტრი კი მამუკა ბახტაძე გახდა, რომელიც მანამდე „საქართველოს რკინიგზას" ხელმძღვანელობდა.

ყველა ახალი ამბავი
0