13:11 24 ნოემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
ტრიბუნა

ცვლილებები საქართველოს მთავრობაში: აქცენტი ეფექტურობაზე გაკეთდა

© Sputnik / Alexander Imedashvili
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს მთავრობის ტრანსფორმაცია (26)
23 0 0

ბიუროკრატიის შემცირების ხარჯზე დაზოგილი თანხა სხვადასხვა პროექტების განხორციელებას მოხმარდება

თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობაში საკადრო და სტრუქტურული ცვლილებები არა თანხების ეკონომიის მიზნით, არამედ ეფექტიანობის ასამაღლებლად კეთდება, განაცხადა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა ბრიფინგზე.

ცვლილებების პროექტის თანახმად, უწყებების რაოდენობა 18-დან 14-მდე მცირდება.

დამოუკიდებელ სტრუქტურულ ერთეულად აღარ იფუნქციონირებენ ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროები და ასევე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი.

„აქცენტი არა თანხების დაზოგვაზე, არამედ ეფექტიანობის ამაღლებაზე გაკეთდა. სამინისტროების შემცირების ხარჯზე, რა თქმა უნდა, თანხების დაზოგვა მოხდება, მაგრამ ყველაზე მთავარი ამ შემთხვევაში ეფექტიანობის ამაღლებაა. რაც შეეხება ადამიანებს, ყველა მათგანი, ვინც ეფექტურად მუშაობს, ამ სამინისტროების გაერთიანების შედეგად დარჩებიან და არჩევანი პროფესიონალებზე იქ გაკეთდება, სადაც მათი სპეციალობები ემთხვევა", — განაცხადა სუბარმა.

სუბარის თქმით, თანხების დაზოგვა დაგეგმილი პროექტების განხორციელებას მოხმარდება.

„სამინისტროების ბიუჯეტების 90%-ზე მეტი — ეს განსახორციელებელი კონკრეტული პროექტებია და ამ პროექტების თანხა არათუ უცვლელი რჩება, არამედ პირიქით, გაიზრდება კიდეც სწორედ ბიუროკრატიის შემცირების ხარჯზე. მაგრამ როცა ჩვენ ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებაზე ვსაუბრობთ, არ უნდა ვიფიქროთ ძალზე მაღალ ციფრებზე, რადგან რაც ხელფასებზე იხარჯება — ძალზე მცირე ნაწილია. ძირითადად, ყველა სამინისტროების ბიუჯეტების ძირითადი ნაწილი სწორედ ის პროექტებია, რომლებიც ჩვენი მოქალაქეებისთვის ხორციელდება", — დასძინა სუბარმა.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა რიგი საკადრო ცვლილებები განახორციელა, კერძოდ, შს მინისტრად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია დაინიშნა. ეკონომიკის უწყებას სათავეში ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ჩაუდგა, ფინანსთა მინისტრი კი მამუკა ბახტაძე გახდა, რომელიც მანამდე „საქართველოს რკინიგზას" ხელმძღვანელობდა.

საქართველოს მთავრობაში შეიცვალა განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. უწყებას ალექსანდრე ჯეჯელავას ნაცვლად თსუ-ს ყოფილი პრორექტორი მიხეილ ჩხენკელი უხელმძღვანელებს.

განახლებულმა მინისტრთა კაბინეტმა ოთხშაბათს სხდომა გამართა, რომელზეც განიხილეს და მხარი დაუჭირეს „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" კანონში ცვლილებების შეტანას. აღნიშნული დოკუმენტი დასამტკიცებლად საქართველოს პარლამენტს წარედგინება.

თემები:
საქართველოს მთავრობის ტრანსფორმაცია (26)

მთავარი თემები