თბილისის საკრებულოში კომისიებსა და ფრაქციებს დააკომპლექტებენ

© photo: Sputnikსაკრებულო
საკრებულო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალი მოწვევის თბილისის საკრებულოში ოპოზიციური პარტია ,,საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" ფრაქციას ვერ შექმნის, რადგან 21 ოქტომბერს გამართული არჩევნების შედეგებით პარტიამ მხოლოდ ორი მანდატი მიიღო.

თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. თბილისის მეექვსე მოწვევის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე ფრაქციებისა და კომისიების შემადგენლობა განისაზღვრება, ნათქვამია საკრებულოს პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თბილისის საკრებულოს არჩევნები 21 ოქტომბრის მერის არჩევნების პარალელურად გაიმართა. მიღებული ხმების თანახმად, საკრებულოში მმართველმა პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიულმა საქართველომ" 40 ადგილი მიიღო. ოპოზიციას კი ათი ადგილი ერგო: „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" ხუთი სადეპუტატო მანდატი მოიპოვა, "ევროპული საქართველო — მოძრაობა თავისუფლებისთვის" — სამი, ხოლო „საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა" — ორი.

საკრებულო - Sputnik საქართველო
თბილისის ახალი მოწვევის საკრებულო მუშაობას შეუდგა

თბილისის ახლადარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა 14 ნოემბერს გაიმართა. სხდომა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ გახსნა. სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე აირჩიეს გიორგი ტყემალაძე, მისი პირველი მოადგილე გახდა გიორგი ახვლედიანი, დანარჩენი მოადგილეები კი — მარიკა დარჩია და დავით უჯმაჯურიძე.

მმართველ პარტიას სამი ფრაქცია ექნება: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო", „ქართული ოცნება — მრეწველები" და „ქართული ოცნება — კონსერვატორები".  წინასწარი ინფორმაციით, „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს" ფრაქციის თავმჯდომარის პოსტს ბექა დავითულიანი დაიკავებს, მისი მოადგილეები იქნებიან ვახტანგ შაქარიშვილი, გიორგი მუსხელიშვილი და ჯაბა ჯიშკარიანი.

თითო-თითო ფრაქციას შექმნიან ოპოზიციური პარტიები: „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" ირაკლი ნადირაძე უხელმძღვანელებს, პარტია,,ევროპული საქართველო — მოძრაობა თავისუფლებისთვის " ფრაქციის თავმჯდომარედ კი გოკა გაბაშვილი მოიაზრება. რაც შეეხება,,საქართველოს პატრიოტთა ალიანსს", ის საკრებულოში ფრაქციას ვერ შექმნის, რადგან პარტიამ მხოლოდ ორი მანდატი მიიღო.

საკრებულოს კომისიების მხრივ დაგეგმილია რეორგანიზაცია, რომელსაც სტრუქტურული ცვლილებები მოყვება.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომისია იურიდიულ საკითხთა კომისიასთან გაერთიანდება, ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიას გამოეყოფა ტრანსპორტის საკითხთა ჯგუფი და ცალკეული კომისიის სახით ჩამოყალიბდება.

ამ ეტაპზე არსებულ კომისიებს უხელმძღვანელებენ: სარევიზიო კომისიას — რიმა ბერაძე; იურიდიულ საკითხთა კომისიას — ლევან ჟორჟოლიანი; ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიას — გიორგი ბირბიჩაძე; განათლებისა და კულტურის კომისიას — თამარ ტალიაშვილი; სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიას — გიორგი ჩაკვეტაძე; ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიას — რევაზ სოხაძე.

გიორგი ტყემალაძე - Sputnik საქართველო
ახალი საკრებულო და ახალი თავმჯდომარე - თბილისი არჩევნების შემდეგ

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიას რეორგანიზაციამდე დროებით უხელმძღვანელებს თედო ისაკაძე, რომელიც მომავალში ტრანსპორტის საკითხთა კომისიას უხელმძღვანელებს.

გარემოს დაცვის კომისიას ირაკლი კუხიანიძე უხელმძღვანელებს, ხოლო ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიას — ირაკლი ზარქუა.

ეკონომიკური განვითარების საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიას ოთარ გრიგოლია უხელმძღვანელებს, სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიას — თინათინ ნიბლოშვილი. თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, რომელიც მერთან არის შექმნილი, ანა ლაშხი უხელმძღვანელებს.

არჩევნების შედეგების მიხედვით, ოპოზიციამ საკრებულოში 50-დან სულ 10 ადგილი მიიღო. „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" საკრებულოში 5 დეპუტატი ეყოლება, პარტია „ევროპული საქართველო — მოძრაობა თავისუფლებისთვის" – 3, „პატრიოტთა ალიანსს" – 2.

მომდევნო თვის განმავლობაში ახლადარჩეულმა საკრებულომ ქალაქისთვის ორი ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტი უნდა მიიღოს — თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა და 2018 წლის დედაქალაქის ბიუჯეტი.

ხატია გიგოლაშვილი

ყველა ახალი ამბავი
0