საქართველომ და რუმინეთმა საზღვაო და საჰაერო ხიდების გადება გადაწყვიტეს

© FB / Parliament of Georgiaირაკლი კობახიძე რუმინეთში
ირაკლი კობახიძე რუმინეთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შეხვედრები გამართა რუმინეთის პარლამენტსა და მთავრობაში და ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავების საკითხები განიხილა

თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ და რუმინეთის ვიცე-პრემიერმა იონ-მარკელ სიოლაკუმ საქართველოსა და რუმინეთს შორის საზღვაო სატრანსპორტო დერეფნისა და პირდაპირი ავიამიმოსვლის შექმნის მნიშვნელობაზე იმსჯელეს.

შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარის რუმინეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. ვიზიტი 13 ნოემბერს დაიწყო, აღნიშნულია საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

"როგორც მოგეხსენებათ, რუმინეთი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მხარდამჭერია. რაც შეეხება ეკონომიკური კუთხით თანამშრომლობას, ვისაუბრეთ საზღვაო გზის მნიშვნელობაზე — რომ გაიჭრას დერეფანი პორტებს შორის და ასევე, პირდაპირი ავიარეისის დანიშვნაზე საქართველოსა და რუმინეთს შორის, რაც არა მხოლოდ ტურისტული კუთხით გააძლიერებს ქვეყნებს შორის თანამშრომლობას, არამედ ეკონომიკური კუთხითაც", — განუცხადა ჟურნალისტებს სიოლაკუმ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ავიაკომპანია Blue Air Airline-ის თვითმფრინავი - Sputnik საქართველო
საქართველოში რუმინული კომპანიის Blue Air Airline თვითმფრინავები იფრენს

მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების და აღნიშნეს, რომ უნდა გამოიძებნოს თანამშრომლობის გაღრმავების ახალი გზები. საუბარი იყო თანამშრომლობის გააქტიურებაზე ეკონომიკის, უსაფრთხოების, ტურიზმის, საზღვაო ვაჭრობის, სოფლის მეურნეობის და კულტურის სფეროებში.

მათ ასევე იმსჯელეს საქართველოს ინტეგრაციის პროცესზე ნატოსა და ევროკავშირთან.

"რა თქმა უნდა, საქართველოს აქვს საშუალება, რომ რუმინეთის გამოცდილება გაიზიაროს ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანების კუთხით, რადგან ეს გზა ცოტა ხნის წინ გაიარა რუმინეთმა", — აღნიშნა სიოლაკუმ.

რუმინეთის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების შედეგები კობახიძემ ჟურნალისტებთან შეაჯამა.

"საუბარი გვქონდა კონკრეტულ საკითხებზე, კონკრეტულ პროექტებზე, რომლებიც შეიძლება განხორციელდეს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებებს შორის დამყარებულია მჭიდრო კავშირი… ძალიან აქტიურად უნდა ამუშავდეს ეკონომიკური კომისია ორ ქვეყანას შორის და ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის კიდევ უფრო მჭიდრო პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების ჩამოყალიბებას", — განაცხადა კობახიძემ.

რუმინეთში ოფიციალური ვიზიტის მსვლელობისას ირაკლი კობახიძე შეხვდა რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ტეოდორ მელესკანუს, პარლამენტის დეპუტატთა პალატის პრეზიდენტ ლივიუ დრაგნეასა და ქვეყნის პარლამენტის სენატის პრეზიდენტ კალინ პოპესკუ ტარიჩეანუს.

გარდა ამისა, ის მონაწილეობდა მრგვალ მაგიდაში, სადაც განიხილეს შავი ზღვის ქვეყნების თანამშრომლობისა და უსაფრთხოების საკითხები.

გიორგი კვირიკაშვილი და სორინ გრინდიანუ - Sputnik საქართველო
საქართველოსა და რუმინეთის პრემიერები თანამშრომლობის გააქტიურებაზე შეთანხმდნენ

კობახიძის ვიზიტი რუმინეთში 15 ნოემბერს დასრულდება.

ამა წლის აპრილში რუმინეთს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ეწვია. მისი რუმინელ კოლეგასთან, სორინ გრინდიანუსთან შეხვედრის მთავარი თემა იყო ბიზნესმენებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოება და კავშირების გაღრმავება.

ოქტომბრის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ რუმინული საბიუჯეტო ავიაკომპანია Blue Air Airline საქართველოში პირველ ჩარტერულ რეისებს 2018 წლის 3 და 10 თებერვალს განახორციელებს.

საქართველომ და რუმინეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 25 ივნისს დაამყარეს.

საქართველო და რუმინეთი თანამშრომლობენ ეკონომიკის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, საზღვაო ვაჭრობის, კულტურის, მეცნიერებისა და სპორტის სფეროებში. თანამშრომლობის განსაკუთრებით პრიორიტეტული მიმართულებებია ვაჭრობა, ეკონომიკა, ენერგეტიკა და ტრანსპორტი.

 

ყველა ახალი ამბავი
0