00:02 25 ნოემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
საპატრულო პოლიცია

საქართველოში ახალი საგამოძიებო ორგანო შეიქმნება

© Sputnik / Alexander Imedashvili
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
45 0 0

ახალი საგამოძიებო ორგანოს ხელმძღვანელი, რომლის შექმნაზეც იუსტიციის სამინისტრო მუშაობს, პარლამენტის წინაშე იქნება ანგარიშვალდებული

თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ახალი საგამოძიებო ორგანოს შექმნის პროექტზე მუშაობას ასრულებს და მალე მთავრობას შესაბამის კანონპროექტს განსახილველად წარუდგენს, განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე.

ახალი უწყება ძალოვან უწყებებში მოქალაქეების მიმართ განხორციელებული სავარაუდო დანაშულების გამოძიებით დაკავდება. საუბარი მიდის დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობაზე, წამებაზე და ასევე ჩვენების შეცვლის მიზნით ძალადობის მუქარაზე.

პროექტის თანახმად, ახალი საგამოძიებო ორგანოს ხელმძღვანელს საქართველოს პარლამენტი აირჩევს. აქედან გამომდინარე, სწორედ საკანონმდებლო ორგანოს წინაშე იქნება ანგარიშვალდებული აღნიშნული პირი.

„როდესაც რომელიმე სისტემაში მომხდარ სავარაუდო დანაშაულზე საუბრობს მოქალაქე, იმისათვის, რომ მოცემულ საქმეზე გამოძიებას ჰქონდეს დაზარალებულის და ასევე საზოგადოების ნდობა, ის უნდა გამოიძიოს სხვამ (უწყებამ)", — განაცხადა წულუკიანმა.

მან იმედი გამოთქვა, რომ კონსულტაციებში ჩაერთვება შს ახალი მინისტრი გიორგი გახარია და პროექტზე მუშაობა მალე დასრულდება.

ახალი საგამოძიებო ორგანოს შექმნა საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში აღებული ერთ-ერთი ვალდებულებაა, რომელსაც მხარეებმა ხელი 2014 წელს მოაწერეს.

„ვადასტურებ, რომ პრემიერის დონეზე მაღალი პოლიტიკური ნება გვაქვს, რათა შეიქმნას ეს მექანიზმი. გარდა ამისა, ეს ჩვენი მოვალეობების ნაწილია, რომელიც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების დღის წესრიგის თანახმად გვაქვს აღებული", — დასძინა წულუკიანმა.

ახალი საგამოძიებო ორგანოს მუშაობის პარალელურად, ძალოვან უწყებებში ფუნქციონირებას გააგრძელებენ გენერალური ინსპექციები.

13 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობაში სტრუქტურულ და საკადრო ცვლილებები დააანონსა. უწყებების რაოდენობა 18-დან 14-მდე მცირდება. უქმდება ენერგეტიკის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროები, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი. მათი მოვალეობები სხვა სამინისტროებზე გადანაწილდა.

ერთი დღით ადრე მასმედია იუწყებოდა, რომ სტრუქტურული ცვლილებები შეეხება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსაც, რომელიც იუსტიციის სამინისტროს შეუერთდებოდა, ხოლო მოქმედი მინისტრი კახი კახიშვილი კი ახალ საგამოძიებო ორგანოს უხელმძღვანელებდა, თუმცა, პროგნოზები არ გამართლდა.

წულუკიანმა დაადასტურა, რომ მთავრობაში სერიოზულად განიხილებოდა იუსტიციისა და პრობაციიის სამინისტროების გაერთიანება, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ კახიშვილის უწყება რიგ მნიშვნელოვან რეფორმებს ახორციელებს, ამ ეტაპზე აღნიშნული საკითხის განხილვა გადაიდო.

როგორ შეიცვალა საქართველოს მთავრობა
© Sputnik / Maria Tsimintia
როგორ შეიცვალა საქართველოს მთავრობა

მთავარი თემები