საქართველოს ხელისუფლება ირანელ და ერაყელ ხალხს სამძიმარს უცხადებს

© AFP 2024 / POURIA PAKIZEH მიწისძვრა ირანისა და ერაყის საზღვარზე
მიწისძვრა ირანისა და ერაყის საზღვარზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბოლო მონაცემებით, ირანისა და ერაყის საზღვარზე მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 445-ია

თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო ირანსა და ერაყში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებენ.

ირანისა და ერაყის საზღვართან კვირას 7,2 მაგნიტუდის ძლიერი მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები ბაღდადიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 204 კილომეტრში და ირანის ქალაქ ქერმანშაჰიდან დასავლეთით 104 კილომეტრში დაფიქსირდა. ბოლო მონაცემებით, მიწისძვრამ 445 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, დაშავებულთა რიცხვი კი 7,1 ათასს აღწევს.

7,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა კვირას ირანისა და ერაყის საზღვარზე - Sputnik საქართველო
საშინელი მიწისძვრა ერაყისა და ირანის საზღვართან: სტიქიური უბედურების კადრები

 „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს ღრმა მწუხარებას ირანის ისლამურ რესპუბლიკასა და ერაყის რესპუბლიკაში მომხდარ მძლავრ მიწისძვრასთან დაკავშირებით, რომელმაც იმსხვერპლა მრავალი ადამიანის სიცოცხლე და გამოიწვია ნგრევა, რის შედეგადაც ათასობით ადამიანი დაშავდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ მძიმე წუთებში თანადგომას უცხადებს ირანელ და ერაყელ ხალხს, უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებსა და მათ ახლობლებს, დაშავებულებს კი სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს", — ნათქვამია საგარეო უწყების ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს პრეზიდენტის სამძიმრის წერილი მარგველაშვილის Facebook-გვერდზეა გავრცელებული.

 „მწუხარებას გამოვთქვამ ირანსა და ერაყში მომხდარი მიწისძვრის გამო, რომელმაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და ასობით ოჯახი დააზიანა. ამ განსაცდელის ჟამს თანადგომას ვუცხადებ ირანისა და ერაყის მთავრობებსა და მათ ხალხს. ვუთანაგრძნობ დაღუპულთა ოჯახებს და დაშავებულებს", — წერს მარგველაშვილი.

კატასტროფის შედეგად საცხოვრებლის გარეშე თითქმის 70 ათასი ადგილობრივი დარჩა, მათთვის კარვების ბანაკებს შლიან.

ირანისა და ერაყის ზოგიერთი ქალაქი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩა, ათასობით ადამიანმა,  „აფთერშოკების" შიშით საცხოვრებელი სახლები დატოვეს და ქუჩაში ათენებენ ღამეს.

ყველა ახალი ამბავი
0