შვედეთისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს ესტუმრნენ

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
შვედეთისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში შეხვდებიან მთავრობისა და საზოგადოების წარმომადგენლებს

თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. „აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტამდე ათი დღით ადრე საქართველოში ჩამოვიდნენ შვედეთის სამეფოსა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, მარგოტ ვალსტრომი და ვიტოლდ ვაშჩიკოვსი, იუწყება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახური.

„აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტი 24 ნოემბერს ბრიუსელში გაიმართება.

„აღსანიშნავია, რომ ვიზიტს სიმბოლური დატვირთვაც აქვს — შვედეთი და პოლონეთი არიან „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ინიციატორი ქვეყნები და 2009 წლიდან, ინიციატივის დაარსებიდან მოყოლებული, მათ დიდი წვლილი მიუძღვით ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მხარდაჭერისა და პარტნიორობის განვითარების კუთხით. შესაბამისად, მინისტრების საქართველოში ვიზიტს ბრიუსელის სამიტამდე სულ რაღაც ათიოდე დღით ადრე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება", — ნათქვამია საგარეო უწყების ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ქართველ კოლეგასთან მოლაპარაკებების მსვლელობისას სტუმრები განიხილავენ საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობის დღის წესრიგის აქტუალურ საკითხებს და მის პრიორიტეტული მიმართულებები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა „აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტისთვის მზადებას. ამასთან, მხარეები განიხილავენ საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე — აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებულ მდგომარეობას, იმსჯელებენ შვედეთთან და პოლონეთთან ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში არსებულ ურთიერთობებზე და მათი სამომავლოდ გაღრმავების პერსპექტივებზე.

ევროკავშირის დროშები - Sputnik საქართველო
საქართველოს პრემიერი „აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტში მიიღებს მონაწილეობას

შეხვედრის დასრულების შემდეგ პოლონეთის, შვედეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრები ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შვედეთისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრები საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი და მაღალი რანგის, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და პოლონეთს შორის 1992 წლის 28 აპრილს დამყარდა. ამ დროის განმავლობაში ქვეყნებმა გააფორმეს 15-ზე მეტი საერთაშორისო შეთანხმება, რომლებიც არეგულირებენ ქვეყნების თანამშრომლობას თავდაცვის, ეკონომიკის, ტურიზმის, რეგიონული განვითარების, კულტურის, განათლების, ჯანდაცვისა და სხვა სფეროებში.

საქართველოს პირველი დიპლომატიური წარმომადგენლობა შვედეთში 1918 წლის 19 ოქტომბერს გაიხსნა. დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 19 სექტემბერს აღდგა. წელს ამ თარიღის იუბილე აღინიშნა.

პროექტი „აღმოსავლეთის პარტნიორობა" ევროკავშირისა და ექვსი ქვეყნის – აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელარუსის, საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაციისკენ არის მიმართული. ბოლო სამმა ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას 2014 წელს მოაწერა ხელი.

 

ყველა ახალი ამბავი
0