ჯანელიძე: ჩვენი მოქალაქეები ევროკავშირთან უვიზო რეჟიმით სარგებლობას გააგრძელებენ

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს პასპორტი
საქართველოს პასპორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ საქართველოს მოქალაქეები დაარწმუნა, რომ მათთვის შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზო რეჟიმი შენარჩუნდება.

თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. ევროკავშირის ქვეყნებში შესვლის ახალი წესები საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებიც უვიზო რეჟიმით სარგებლობენ, ბარიერი არ იქნება, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ტელეკომპანია Imedi-ს ეთერში.

ევროპარლამენტმა ოთხშაბათს კენჭი უყარა შენგენის ზონაში შესვლაზე და გამოსვლაზე ახალი წესების დანერგვას მესამე ქვეყნების მოქალაქეებისთვის 2020 წლიდან. ახალი წესები ითვალისწინებს ინფორმაციის შეკრებას, რომელიც ადამიანმა ევროპაში წასვლამდე ელექტრონული სახით უნდა წარადგინოს თავისი თავის შესახებ. კერძოდ, სახელი და გვარი, მგზავრობის დოკუმენტი, თითების ანაბეჭდები, სახის გამოსახულება, შესვლისა და გასვლის დრო.

პარიზში - Sputnik საქართველო
ევროკავშირის ქვეყნებს უვიზოდ საქართველოს დაახლოებით 90 ათასი მოქალაქე ეწვია

„ეს რეგულაცია ძალაში ჯერ კიდევ არ შესულა, მისი განხილვა ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურებში მოხდება. ის არ ითვალისწინებს ცვლილებებს უვიზო რეჟიმთან მიმართებით. საქართველოს მოქალაქეები გააგრძელებენ ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციით სარგებლობას ისევე, როგორც ეს ხდებოდა ექვსი თვის განმავლობაში", — განაცხადა ჯანელიძემ.

ანკეტის შევსება წინასწარ არის საჭირო. ამის შემდეგ შენგენის ზონის საზღვრის გადაკვეთისას დამატებითი წინააღმდეგობები არ იქნება.

„ეს პროცედურა თანამედროვე ტექნოლოგიებთან არის დაკავშირებული და უკვე გამოიყენება მრავალი ქვეყნის, მაგალითად, აშშ-ის მიერ. მას შემდეგ, რაც ის ძალაში შევა, საჭირო იქნება მხოლოდ ელექტრონული რეგისტრაცია, რომელიც არანაირად არ წარმოადგენს ბარიერს უვიზო რეჟიმისთვის", — აღნიშნა ჯანელიძემ.

მინისტრმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ექვს თვეს წარმატებული უწოდა. მისი სიტყვებით, საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რათა ქვეყნის მოქალაქეებმა მომავალშიც წინააღმდეგობების გარეშე შეძლონ ევროკავშირის ქვეყნების მონახულება.

ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა. მისი სიტყვებით, ეს ფორმალური პროცედურა ხელს შეუწყობს უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

„ევროკომისიის წინადადება, რომელიც შეეხება ე.წ. ETIAS-ის სისტემას, 2020 წლიდან ევროკავშირის უსაფრთხოების გაზრდას შეუწყობს ხელს. ის მსოფლიოს ყველა მოქალაქისთვის აუცილებელი პროცედურა გახდება, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეებისთვისაც, რომლებიც ევროკავშირის ქვეყნებში გაემგზავრებიან", — აღნიშნა ჰერმანმა.

ახალი წესები შეეხება როგორც ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის მქონე ქვეყნების მოქალაქეებს, ისე იმ ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებსაც ევროპაში მოგზაურობისთვის ვიზა არ სჭირდებათ. სიახლე გავრცელდება იმ ადამიანებზე, რომლებიც ევროკავშირის ქვეყნებში მოკლევადიანი ვიზიტით (ჯამში 90 დღით 180 დღის მანძილზე) გაემგზავრებიან.

ევროპარლამენტში აღნიშნეს, რომ ახალი სისტემა შეცვლის პასპორტში შტამპის ჩარტყმის პროცედურას და დააჩქარებს საზღვრის გადაკვეთის პროცესს, ასევე გაამარტივებს იმ ადამიანების გამოვლენის პროცესს, რომლებმაც შენგენის ზონაში ყოფნის რეჟიმი დაარღვიეს.

ქართული პასპორტი - Sputnik საქართველო
დოლიძე: ევროკავშირის უვიზო რეჟიმს საქართველოსთან საფრთხე არ ემუქრება

ახალ სისტემაში შეყვანილი მონაცემები სამი წლის განმავლობაში შეინახება და ეს ხელს შეუწყობს ტერორისტული საფრთხეების ან სხვა მსგავსი სერიოზული დარღვევების პრევენციას, აღმოჩენას ან გამოძიებას.

რა თანხის გადახდა მოუწევთ მათ, ვისაც სიახლე ეხება და ვინც ანკეტა უნდა შეავსოს, ჯერჯერობით უცნობია. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რეგისტრაციის ღირებულება 10 ევრო იქნება.

ახალი სისტემის დანერგვისთვის 480 მლნ ევრო გამოიყოფა.

შენგენის ზონაში შესვლაზე და გამოსვლაზე მესამე ქვეყნების მოქალაქეებისთვის ახალი წესები ევროკომისიამ 2016 წლის აპრილში შეიმუშავა. დოკუმენტის შექმნა, რომელსაც ეწოდება „ძლიერი და ჭკვიანი საინფორმაციო სისტემები საზღვრებისა და უსაფრთხოებისთვის", ნაკარნახევი იყო სირიის კრიზისიდან გამომდინარე მიგრანტების დიდი ნაკადის მოზღვავებითა და ევროპული საზღვრების გადაკვეთისას დარღვევების გათვალისწინებით.

ყველა ახალი ამბავი
0