რუსთავის მოსახლეობამ მერად ირაკლი ტაბაღუა აირჩია

© photo: Irakli Tabaghua / FBრუსთავის მერობის კანდიდატი ირაკლი ტაბაღუა
რუსთავის მერობის კანდიდატი ირაკლი ტაბაღუა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ირაკლი ტაბაღუას მხარი რუსთავის 19 500-მდე ამომრჩეველმა დაუჭირა

თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით, ქალაქ რუსთავის მერი მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს" წარმომადგენელი ირაკლი ტაბაღუა გახდება.

ცესკომ რუსთავის 87-ვე საარჩევნო უბნის მონაცემები დათვალა, თუმცა არჩევნების საბოლოო შედეგები ყველა საჩივრის განხილვის შემდეგ გამოცხადდება. წინასწარი მონაცემებით, ტაბაღუამ ხმების 53,05% მიიღო. მას მხარი რუსთავის 19 500-მდე ამომრჩეველმა დაუჭირა.

მეორე და მესამე ადგილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" და ბლოკ „ბაქრაძე, უგულავა — ევროპული საქართველოს" კანდიდატებმა ზურაბ მაისურაძემ და ნინო იმედაშვილმა დაიკავეს. დანარჩენ პარტიებს ამომრჩეველთა ხმების 6%-ც არ მიუღიათ.

შაბათს საქართველოში ქალაქებისა და რაიონების მერების და საკრებულოს დეპუტატების არჩევნები გაიმართა. ცესკო ამომრჩეველთა ხმების დათვლას აგრძელებს.

ირაკლი ტაბაღუა

ირაკლი ტაბაღუა 1974 წლის 23 აგვისტოს რუსთავში დაიბადა.

1996 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი, ფლობს ეკონომიკის მაგისტრის აკადემიურ ხარისხს.

1992-1995 წლებში, უმაღლეს სასწავლებელში სწავლის პარალელურად, მუშაობდა ერთ-ერთ სამშენებლო ფირმაში ბროკერად, დამამთავრებელ კურსზე კი — რუსთავის საგადასახადო ინსპექციაში ინსპექტორად.

1996 წლიდან მუშაობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში, მათ შორის რუსთავში, ბათუმსა და თბილისში: გაიარა ყველა საფეხური რიგითი თანამშრომლიდან დეპარტამენტის უფროსობამდე.

1995-1996 წლებში იყო ქალაქ რუსთავის მერიის ეკონომიკური რეფორმების შტაბის აღმასრულებელი მდივანი.

2012 წლიდან ბოლო დრომდე ეკავა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობა.

 

ყველა ახალი ამბავი
0