საქართველოს პრემიერ-მინისტრი უზბეკეთის პრეზიდენტს შეხვდა

© FB / Giorgi Kvirikashvili გიორგი კვირიკაშვილი და შავკატ მირზოევი
გიორგი კვირიკაშვილი და შავკატ მირზოევი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განაცხადეს, რომ ამიერიდან ქართულ-უზბეკური ურთიერთობები სტრატეგიულ ხასიათს შეიძენენ

თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და უზბეკეთის პრეზიდენტ შავკატ მირზოევის შეხვედრა გაეროს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიის ფარგლებში შედგა, რომელიც ნიუ-იორკში 18-22 სექტემბრის პერიოდში იმართება, ნათქვამია საქართველოს მთავრობის მეთაურის პრეს-სამსახურის განცხადებაში.

უზბეკეთის პრეზიდენტმა შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებულ მრავალწლიან მეგობრობაზე გაამახვილა ყურადღება და ხაზი გაუსვა სატრანსპორტო-ლოგისტიკურ სფეროში თანამშრომლობის პოტენციალს.

უზბეკეთი - Sputnik საქართველო
საქართველო და უზბეკეთი ტურიზმის სფეროში თანამშრომლობას გეგმავენ

დისკუსიის ფარგლებში საუბარი შეეხო სავაჭრო-ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ-კულტურულ სფეროებში თანამშრომლობის გააქტიურების აუცილებლობას. მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ავიარეისების დანიშვნის პერსპექტივაც.

გარდა ამისა, უზბეკეთის პრეზიდენტმა აღნიშნა საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის მნიშვნელობა, კერძოდ, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზისა და აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის პროექტების მნიშვნელობა.

აღინიშნა, რომ მიმდინარე შეხვედრის შემდეგ, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები სტრატეგიული თანამშრომლობის ხასიათს შეიძენენ.

უზბეკური მხარე საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობებით არის დაინტერესებული. საუბარი ასევე შეეხო „ახალი აბრეშუმის გზის" პროექტში საქართველოსა და უზბეკეთის აქტიური მონაწილეობის მნიშვნელობას. უზბეკეთის სამთავრობო დელეგაცია თბილისს „აბრეშუმის გზის" ფორუმს ეწვევა, რომელიც ნოემბერში გაიმართება.

2017 წლის რვა თვის განმავლობაში საქართველოსა და უზბეკეთს შორის საქონელბრუნვა 20%-ით გაიზარდა. ამ ეტაპზე ქვეყნები გეგმავენ საქონელბრუნვის მოცულობის გაზრდასა და ნომენკლატურის გაფართოებას, იუწყება „Sputnik უზბეკეთი" სახელმწიფო მეთაურის პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.

2017 წლის იანვარ-აგვისტოს პერიოდში ორ ქვეყანას შორისო საქონელბრუნვამ 6,6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

საქართველომ და უზბეკეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1994 წლის აგვისტოში დაამყარეს. ქვეყნები ავითარებენ და აღრმავებენ ურთიერთთანამშრომლობას პოლიტიკის, ეკონომიკისა და ჰუმანიტარულ სფეროებში. თბილისი და ტაშკენტი მჭიდროდ თანამშრომლობენ საერთაშორისო ორგანიზაციებშიც — გაეროსა და ეუთოში.

შეხვედრა უზბეკეთის დელეგაციასთან პარლამენტში - Sputnik საქართველო
საქართველოში შესაძლოა უზბეკეთის დიპლომატიური წარმომადგენლობა გაიხსნას

საქართველოში უზბეკეთის საელჩო არ არის, საქართველოს ითავსებს აზერბაიჯანში მდებარე უზბეკეთის საელჩო. უზბეკეთისა და ტაჯიკეთის რესპუბლიკებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი 2014 წლიდან კონსტანტინე ჟღენტია.

2017 წლის მარტში საქართველოს უზბეკეთის დელეგაცია ეწვია, რომელსაც ოლი მაჟლისის (პარლამენტის) სენატის თავმჯდომარის პირველი მოადგილე სოდიკ საფაევი ხელმძღვანელობდა. საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე საქართველოში უზბეკეთის დიპლომატიური წარმომადგენლობის გახსნის საკითხი განიხილეს.

მიმდინარე წლის მაისში ტაშკენტში ქართული კინოს დღეები ჩატარდა, ხოლო თბილისში უზბეკური კულტურის დღეები პირველად აგვისტოში გაიმართა.

ყველა ახალი ამბავი
0