თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. თბილისის მერობის მეხუთე კანდიდატი თენგო შერგელაშვილი გახდა, რომელიც ქალაქის მერის პოსტზე იბრძოლებს საქართველოს ექს-სპიკერის, დავით უსუფაშვილის პარტიიდან "შენების მოძრაობა".
საქართველოს მოსახლეობა საკრებულოს დეპუტატებს, ქალაქებისა და რაიონების მერებს ოქტომბრის ბოლოს აირჩევს. წინასაარჩევნო კამპანია აგვისტოს ბოლოს, კენჭისყრამდე 60 დღით ადრე დაიწყება.
"ადგილობრივ არჩევნებზე ჩვენი ლიდერი თბილისში, მერობის კანდიდატი იქნება თენგო შერგელაშვილი — საუკეთესო პროფესიონალი მერობის კანდიდატი თბილისის არჩევნებში. თენგო, რომელმაც ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, უკვე მოასწრო და მას აქვს 20 წლის სტაჟი — მენეჯერული, პოლიტიკური, ანალიტიკური, არის სახელმწიფო მმართველობის სპეციალისტი, თვითმმართველობის საკითხების სპეციალისტი არამარტო თეორიულად, არამედ პრაქტიკულად", — განაცხადა უსუფაშვილმა პრესკონფერენციაზე.
საკუთარი პარტიის სახელით მან პირობა დადო, რომ პოლიტიკურ ასპარეზზე გზას გაუხსნის მაღალი რანგის პროფესიონალებს.
"პროფესიონალები პოლიტიკოსები გახდებიან. პროფესიონალები სჭირდება ჩვენს ქვეყანას და "შენების მოძრაობა" ყველა პოსტზე, ყველა სახელმწიფო თანამდებობაზე ასეთ პროფესიონალს წარადგენს", — დასძინა უსუფაშვილმა.
ამ დროისათვის ცნობილია, რომ თბილისის მერის პოსტზე მმართველმა პარტიამ ყოფილი ვიცე-პრემიერისა და ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის კანდიდატურა წარადგინა.
არჩევნებზე კალაძის კონკურენტები იქნებიან ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენდირექტორის მოადგილე და ტელეწამყვანი ზაალ უდუმაშვილი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან", დეპუტატი ელენე ხოშტარია პარტიიდან "ევროპული საქართველო — მოძრაობა თავისუფლებისთვის" და თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი.