07:19 24 სექტემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
წვრთნები ღირსეული პარტნიორი

ნატოს სწავლება "ღირსეული პარტნიორი" საქართველოში ივლისში დაიწყება

© Sputnik/ Alexander Imedashvili
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
42 0 0

ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების წვრთნებში Noble Partner 2017 საქართველოში მონაწილეობას მიიღებენ სამხედროები საქართველოდან, აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან, გერმანიიდან, თურქეთიდან, სლოვენიიდან, სომხეთიდან და უკრაინიდან.

თბილისი, 18 ივლისი — Sputnik. ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო სწავლებები "ღირსეული პარტნიორი 2017" (Noble Partner 2017) საქართველოში 30 ივლისიდან 12 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში ჩატარდება, აღნიშნულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

წვრთნები 30 ივლისს ვაზიანის აეროდრომზე დაიწყება. მასში მონაწილეობას მიიღებს 2,8 ათასზე მეტი სამხედრო საქართველოდან, აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან, გერმანიიდან, თურქეთიდან, სლოვენიიდან, სომხეთიდან და უკრაინიდან.

სწავლებაში პირველად ჩაერთვება გერმანული ჯავშანტრანსპორტიორი "ბოქსერი". წვრთნაში წარმოდგენილი იქნება ასევე ამერიკული ტანკები "აბრამსები", ქვეითთა საბრძოლო მანქანები "ბრედლი" და "სტრაიკერი", ასევე ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი C-130.

სწავლებები ვაზიანისა და ნორიოს სამხედრო ბაზებზე გაიმართება.

"ღირსეული პარტნიორი 2017" საქართველოში უკვე მესამედ ტარდება და სტაბილურობის, თავდაცვით და შეტევით ოპერაციებში უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას, ნატოს პარტნიორი ქვეყნებისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების თანამშრომლობის ამაღლებას, ნატოს რეაგირების ძალების (NRF) საწვრთნელი შესაძლებლობის გაზრდასა და NRF-ში მონაწილე ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას ისახავს მიზნად", — ნათქვამია უწყების განცხადებაში.

წვრთნების გახსნაზე, სავარაუდოდ, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი ჩამოვა.

ვიზიტის ფარგლებში პენსი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილსა და პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ასევე დააკვირდება ქართულ-ამერიკული წვრთნებს Noble Partner 2017.

პენსი საქართველოში ჩამოვა ტურნეს ფარგლებში, რომელიც ასევე მოიცავს ვიზიტებს ესტონეთსა და მონტენეგროში.

საქართველოსა და ნატოს ინსტიტუციური თანამშრომლობა 1994 წელს დაიწყო, როდესაც საქართველო პროგრამის "პარტნიორობა მშვიდობისათვის" მონაწილე გახდა. "ვარდების რევოლუციის" შემდეგ, 2004 წლიდან საქართველო–ნატოს თანამშრომლობა უფრო ინტენსიური გახდა.

2008 წლის აპრილში ბუქარესტის სამიტზე ნატოს წევრი ქვეყნების მეთაურებმა დაადასტურეს, რომ ალიანსის სტანდარტებთან შესაბამისობის შემთხვევაში საქართველო და უკრაინა მომავალში ნატოს წევრი ქვეყნები გახდებიან. 2011 წელს საქართველომ ნატოს "ასპირანტი ქვეყნის" სტატუსი მიიღო. 2014 წელს უელსის სამიტზე დაამტკიცეს განსახორციელებელი ზომების პაკეტი, რაც საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას შეუწყობს ხელს.

მთავარი თემები