თვითმმართველობის რეფორმა: არასამთავრობოები ვეტოს მოითხოვენ

გამოწერა
მმართველი გუნდისთვის გაუგებარია არასამთავრობოების პოზიცია, რომლებიც შვიდი თვითმმართველი ქალაქის სტატუსის გაუქმების წინააღმდეგი არიან.

თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. არასამთავრობო ორგანიზაციებმა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს მოუწოდეს, გამოიყენოს ვეტოს უფლება და არ მოაწეროს ხელი კანონპროექტების პაკეტს თვითმმართველობის სისტემის რეფორმის შესახებ.

საქართველოს პარლამენტმა გასულ კვირაში მიიღო შესწორებების პაკეტი, რომლის თანახმად, 12-დან 7 თვითმმართველ ქალაქს სტატუსი უნდა ჩამოერთვას. ასევე გათვალისწინებულია რაიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის — გამგებლის თანამდებობის გაუქმება, რომელიც ადგილობრივი ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირია. მათ რაიონების მერები შეცვლიან.

თვითმმართველი ქალაქის სტატუსი გაუუქმდებათ ამბროლაურს, ახალციხეს, გორს, ზუგდიდს, თელავს, მცხეთასა და ოზურგეთს. ეს სტატუსი მათ 2014 წლიდან ჰქონდათ.

ათი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები უკვე შეხვდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს და მათ საკუთარი მოთხოვნები გააცნეს.

"შვიდი ქალაქისთვის სტატუსის გაუქმების გადაწყვეტილების მიღებისას დაირღვა სამართლებრივი ნორმები, არავის უკითხავს მოსახლეობის აზრი, ამიტომ შევთავაზეთ პრეზიდენტს, გამოიყენოს ვეტოს უფლება, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს გავაგრძელოთ ბრძოლა ამ ქალაქების სტატუსისთვის", — განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო განვითარების სააგენტოს" წარმომადგენელმა ზვიად დევდარიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში.

შესწორებების გამო უკმაყოფილება გამოთქვა ასევე პრეზიდენტის ადმინისტრაციამ.

მცხეთა - Sputnik საქართველო
საქართველოში აგვისტოდან ნაკლები თვითმმართველი ქალაქი იქნება

„პრეზიდენტი სკეპტიკურად იყო განწყობილი გარკვეული ცვლილებების მიმართ ამ კანონპროექტში, რომელიც ეხებოდა 7 ქალაქისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის ჩამორთმევას. ჩვენ ყველა მივეჩვიეთ, რომ გორი და თელავი — ეს ქალაქებია", — პრეზიდენტის აზრი გაახმოვანა მისმა საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ „TV პირველის“ ეთერში.

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძისთვის არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიცია გაუგებარია.

„ჩვენ ვთხოვეთ არასამთავრობოებს წარმოედგინათ კონტრარგუმენტები ამ რეფორმასთან დაკავშირებით და მათ ეს ვერ მოახერხეს. აქედან გამომდინარე, ეს პოზიცია ჩვენთვის არის, რბილად რომ ვთქვათ, გაუგებარი", — განაცხადა კობახიძემ.

თუ პრეზიდენტი ვეტოს უფლებას გამოიყენებს, საქართველოს პარლამენტი მის დასაძლევად რიგგარეშე სესიაზე უნდა შეიკრიბოს და კენჭი უყაროს შესწორებების პაკეტს სამი მოსმენით.

შესწორებების ამოქმედება 1 აგვისტოს, თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებამდეა დაგეგმილი.

საქართველოში ადგილობრივი არჩევნები ოქტომბერშია დაგეგმილი, წინასაარჩევნო კამპანია კი 60 დღით ადრე უნდა დაიწყოს.

ყველა ახალი ამბავი
0