შსს: საქართველო დღითიდღე უსაფრთხო ხდება

© FB / Ministry of Internal Affairs of Georgiaშს მინისტრი საზეიმო ღონისძიებაზე
შს მინისტრი საზეიმო ღონისძიებაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა პოლიციის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სამართალდამცველთა დამსახურება აღნიშნა.

თბილისი, 31 მაისი — Sputnik. საქართველოს უსაფრთხოების სტანდარტები დღითიდღე უმჯობესდება და ეს თითოეული პოლიციელის დამსახურებაა, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა, რომელმაც პოლიციის თანამშრომლებს მათი პროფესიული დღესასწაული მიულოცა.

ქართული პოლიციის დღე წელს 31 მაისს აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის წინ გაიმართა აღლუმი სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტებისა და ქვედანაყოფების მონაწილეობით, ასევე წარმოდგენილი იყო სამინისტროს განკარგულებაში არსებული ტექნიკა.

„საქართველოს უსაფრთხოების სტანდარტები დღითიდღე უმჯობესდება და ამას სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგებიც ცხადყოფს. ჩვენი მიღწევები, თითოეული თქვენგანის დაუღალავი შრომის, ენთუზიაზმის და რწმენის შედეგია. რწმენის, როცა მიუხედავად არაერთი ყოველდღიური გამოწვევისა, გჯერათ, რომ ემსახურებით მართალ საქმეს", — მიმართა მღებრიშვილმა პოლიციის თანამშრომლებს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის წევრები და უცხოური დელეგაციები, მათ შორის სტუმრები ლატვიიდან და უკრაინიდან.

„დღეს საქართველო პოლიციელის დღეს აღნიშნავს და, როგორც ხედავთ, ჩვენს ზეიმს იზიარებენ და თითოეულ პოლიციელს გვერდში უდგანან მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების სამართალდამცველები, ჩვენი კოლეგები და მეგობრები დასავლეთიდან, ჩვენი რეგიონიდან. ჩვენც მაქსიმალურად ვცდილობთ, მათ მხარდამხარ ვიდგეთ", — განაცხადა მღებრიშვილმა.

მინისტრმა დიდი მნიშვნელობა მიანიჭა ევროპული ქვეყნების ძალოვანი სტრუქტურების კონსოლიდირებულ მუშაობას, განსაკუთრებით საქართველოს მოქალაქეებისათვის შენგენის ქვეყნებში უვიზო რეჟიმის შემოღების შემდეგ. რეგულაცია ძალაში 2017 წლის 28 მარტს შევიდა.

„საქართველოს პოლიცია თავის ადგილს იკავებს ევროპის დიდ საპოლიციო ოჯახში. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამართალდაცვით სფეროში 28 პარტნიორ ქვეყანასთან თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა. ორმხრივი ოპერატიული თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით 13 პარტნიორ ქვეყანაში, მათ შორის ევროკავშირის 8 ქვეყანაში პოლიციის ატაშეები გვყავს", — აღნიშნა მღებრიშვილმა.

შეკრებილებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპულ პოლიციელთა ხსოვნას.

პოლიციის დღე საქართველოში 2010 წელს დააფუძნეს და ორი წლის განმავლობაში ეს დღე 6 მაისს აღინიშნებოდა — წმინდა გიორგის ხსენების დღეს, რაც ქართულ საზოგადოებაში არაერთგვაროვან რეაქციას იწვევდა. მას შემდეგ დღესასწაულის თარიღი რამდენჯერმე შეიცვალა. მას შინაგან საქმეთა სამინისტრო ადგენს.

ყველა ახალი ამბავი
0