ტრამპმა ქართველი კადეტი დააჯილდოვა

© FB / Baia Barbare Saganelidzeელდარ საგანელიძე და დონალდ ტრამპი
ელდარ საგანელიძე და დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აშშ-ის სანაპირო დაცვის აკადემიაში გაიმართა კურსდამთავრებულთა დაჯილდოების ცერემონია, რომელთა შორის ქართველი კადეტიც იყო.

თბილისი, 18 მაისი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გადასცა დიპლომი ქართველ კადეტ ელდარ საგანელიძეს, რომელმაც აშშ-ის სანაპირო დაცვის აკადემიის 200-კვირიანი კურსი წარმატებით დაასრულა, ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

აშშ-ის სანაპირო დაცვის აკადემიის კურსდამთავრებულთა დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობდა 194 კადეტი.

„თქვენ სწორი არჩევანი გააკეთეთ და იცით, თქვენი ცხოვრება მომავალში როგორ წარმართოთ. სანაპირო დაცვის სამხედროებს განსაკუთრებული როლი და ფუნქცია აქვთ არა მარტო შეიარაღებულ ძალებში, არამედ ზოგადად ქვეყნისთვისაც. თქვენ მოგიწევთ განსხვავებული როლების შესრულება — ზოგიერთი თქვენგანი სხვა ქვეყნებში, ჩვენს პარტნიორებთან ერთად განაგრძობს მუშაობას. ვამაყობ, რომ წილად მხვდა პატივი, ვიყო თქვენი მთავარსარდალი", — ამ სიტყვებით ტრამპმა კადეტებს მიმართა.

რიგითი ელდარ საგანელიძე 2013 წლიდან დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის მსმენელია. მას შემდეგ, რაც ის სამშობლოში დაბრუნდება, ლეიტენანტის წოდებას მიიღებს და საქართველოს შეიარაღებულ ძალებში იმსახურებს.

სანაპირო დაცვის აკადემია — აშშ-ის ხუთი სამხედრო აკადემიიდან ერთ-ერთია. ის კონექტიკუტის შტატის ქალაქ ნიუ-ლონდონში მდებარეობს. დაარსებულია 1876 წელს. ეს აშშ-ის ერთადერთი აკადემიაა, რომელშიც ჩასაბარებლად კონგრესმენის რეკომენდაცია საჭირო არ არის. აკადემიაში სწავლების კურსი ოთხწლიანია.

საგანელიძე აშშ-ის სანაპირო დაცვის აკადემიის პირველი ქართველი კურსდამთავრებული არ არის. 2015 წელს ის წარმატებით დაამთავრა კადეტმა გიორგი ტალახაძემ. 2015 წელს ორი კადეტი — სოსო მაკარიძე და ბესარიონ გორჯოლაძე, რომლებიც ასევე ამ დაწესებულებაში სწავლობდნენ, ნიუ-ჯერსიში ავტოავარიისას დაიღუპნენ.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0