თბილისი, 25 აპრილი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და თურქეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა სეიფულა ჰაჩიმუფთუოღლუმ თბილისში ქვეყნებს შორის სამხედრო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს, ნათქვამია საქართველოს თადაცვის უწყების ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
მხარეებმა განიხილეს რეგიონში უსაფრთხოების, რეგიონულ დონეზე სტრატეგიული თანამშრომლობისა და შავ ზღვაში უსაფრთხოების საკითხები. როგორც მათ აღნიშნეს, ამ კუთხით მნიშვნელოვანია საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის ფორმატში თანამშრომლობა.
შეხვედრაზე ასევე ყურადღება დაეთმო უახლოეს მომავალში თურქეთში დაგეგმილ ლევან იზორიას ვიზიტს და აღინიშნა, რომ აღნიშნული ვიზიტი ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გამტკიცებას შეუწყობს ხელს.
თურქეთის უშიშროების საბჭოს მდივანი საქართველოში ქართველი კოლეგის, დავით რაქვიაშვილის მოწვევით ჩამოვიდა. თურქ სტუმარს უკვე შეხვდა პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, რომელმაც თურქულ მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოს პრეზიდენტთან არსებული უშიშროების საბჭოს მდივანი.
სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ჰაჩიმუფთუოღლუს შეხვედრები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუასთან, დაზვერვის სამსახურის უფროს დავით სუჯაშვილთან, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის უფროს მინდია ჯანელიძესთან, ასევე უსაფრთხოების სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან.