თბილისი, 6 აპრილი — Sputnik. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, რომელიც საქართველოში 2017 წლის შემოდგომაზე ჩატარდება, წამყვანი პოზიცია "ქართულ ოცნებას" ექნება, ხოლო მთავარ ოპოზიციურ ძალად "ნაციონალური მოძრაობა" დარჩება", განუცხადა ნიკა ჩიტაძემ "Sputnik–საქართველოს".
ასეთი პროგნოზის გაკეთების საფუძველს პოლიტოლოგს IRI-ს მიერ წარმოდგენილი კვლევები აძლევს.
აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) პოლიტიკური პარტიების რეიტინგი წარმოადგინა, რომელთა შორის მმართველი პარტია "ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო" ლიდერობს. უახლოეს მომავალში რომ ადგილობრივი არჩევნები ჩატარდეს, ამ პარტიას ხმას რესპონდენტთა 26% მისცემდა. მეორე ადგილზეა ყოფილი მმართველი პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" (ენმ) – 15%. შემდეგ მოდის ენმ-ის ყოფილი თანამებრძოლების პარტია "მოძრაობა თავისუფლებისთვის — ევროპული საქართველო" – 7%.
ნიკა ჩიტაძე ამ კვლევებს ენდობა და მასაც მიაჩნია, რომ დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, 5%-იან ბარიერს სამი პოლიტიკური ძალა "ქართული ოცნება", "ნაცმოძრაობა" და "ევროპული საქართველო" გადალახავდნენ.
„ასევე გარკვეული შანსი ექნებოდა კიდევ ერთ პოლიტიკურ ძალას "პატრიოტთა ალიანსს" და ამაზეც ისევ IRI-ს კვლევები მეტყველებს", — აღნიშნა ნიკა ჩიტაძემ.
რაც შეეხება იმას, თუ ვის შეიძლება ჰქონოდა საპარლამენტო უმრავლესობა, პოლიტოლოგი ვარაუდობს რომ ეს პოლიტიკური ძალა ისევ "ქართული ოცნება" იქნებოდა.
"ქართულ ოცნებას " საკონსტიტუციო უმრავლესობა იმ საარჩევნო სისტემიდან გამომდინარე ექნება, რომელიც ჩვენ ქვეყანაში გვაქვს", — აღნიშნა ნიკა ჩიტაძემ.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში შერეული სისტემით ტარდება: 77 დეპუტატი პარტიული სიებით აირჩევა (პროპორციული სისტემით), 73 კი — ერთმანდატიანი ოლქების მიხედვით (მაჟორიტარული სისტემით).
ნატა პატარაია