16:59 26 მაისი 2017
პირდაპირი ეთერი
გიორგი მღებრიშვილი და როუზ გეტემიულერი

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ნატოსთან თანამშრომლობის საკითხები განიხილა

© FB / МВД Грузии
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
2512

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა, სადაც მაღალი დონის შეხვედრებს მართავს.

თბილისი, 20 მარტი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ბრიუსელში ნატოს გენერალური მდივნის მოადგილესთან როუზ გოტემიულერთან ერთად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ნატოსთან თანამშრომლობის საკითხები განიხილა, ნათქვამია საქართველოს შსს–ს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

მღებრიშვილის პირველი სამდღიანი სამუშაო ვიზიტი ბრიუსელში ორშაბათს დაიწყო. ვიზიტის ფარგლებში, მინისტრი შეხვდება ბელგიის სამეფოს ვიცე-პრემიერს, უსაფრთხოებისა და შინაგან საქმეთა მინისტრს ჟან ჟამბონს, ევროკომისარს მიგრაციის, საშინაო და მოქალაქეობის საკითხებში დიმიტრის ავრამოპულოსს, ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარს იოჰანეს ჰანს და სხვა ოფიციალურ პირებს. გიორგი მღებრიშვილი ასევე სიტყვით გამოვა "ევროპის პოლიტიკის ცენტრში" (EPC).

"ჩვენ განვიხილეთ ნატოსთან თანამშრომლობის გაღრმავების ურთიერთთავსებადობის ამაღლების საკითხები, განვიხილეთ ის ტექნიკური მემორანდუმი, რომელიც 2010 წელს გაფორმდა, და რომელიც უკვე უნდა განვაახლოთ. ასევე როუზ გოტემიულერს გავაცანით შინაგან საქმეთა სამინისტროში გატარებული რეფორმები და მიმდინარე პროცესები", — განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

მხარეებმა სევე განიხილეს სასაზღვრო პოლიციის მოდერნიზებისა და სახელმწიფო საზღვრის დაცვის უახლესი ტექნოლოგიების დანერგვის საკითხები, ერთობლივი საზღვაო ოპერაციების მართვის ცენტრის სრულყოფილი ფუნქციონირებისა და უწყების ინსტიტუციური განვითარების მიმართულებით სამინისტროში ადამიანური რესურსების რეფორმის გატარების საკითხები.

მღებრიშვილმა და გოტემიულერმა ასევე ხაზი გაუსვეს კიბერდანაშაულთან ბრძოლისა და საერთაშორისო დონეზე თანამშრომლობის მნიშვნელობას.

შეხვედრის დროს ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველო, როგორც საიმედო პარტნიორი, აცნობიერებს საკუთარ როლს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების საქმეში და ძალისხმევას არ იშურებს ტრანსსასაზღვრო და ორგანიზებული დანაშულის წინააღმდეგ ბრძოლაში.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის შეხვედრას ესწრებოდა ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი და ნატოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ალექსანდრე მაისურაძე.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ნატოსთან მჭიდროდ თანამშრომლობს. ასე, 2010 წელს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ალიანს შორის საქართველოს შსს–ს და ნეაპოლის გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლობას შორის ურთიერთგაგების ტაქტიკური მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც ხმელთაშუა ზღვაში ოპერაციის "აქტიური ძალისხმევის" განხორციელებაში საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მონაწილეობას ითვალისწინებს.

ოპერაციის მთავარ მიზანს წარმოადგენს მასალების კონტრაბანდის თავიდან აცილება, რომლებიც ტერორისტების მიერ შეიძლება იყოს გამოყენებული (მათ შორის ასაფეთქებლისა და მასობრივი განადგურების იარაღის). გარდა ამისა, ოპერაციის მიზანია ხმელთაშუა ზღვაზე ენერგორესურსების ტრანზიტის უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

მთავარი თემები