პრემიერი: ბათუმში მომხდარ არეულობაში დამნაშავეები დაისჯებიან

© photo: Sputnik / Seyran Baroyanპოლიციის მანქანა
პოლიციის მანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბათუმში მომხდარ არეულობას „მძიმე პროვოკაცია“ უწოდა, რომელსაც ორგანიზებულის ელფერი ჰქონდა.

თბილისი, 14 მარტი — Sputnik. ბათუმში 11 მარტის ღამეს მომხდარი არეულობის არც ერთი მონაწილე დაუსჯელი არ დარჩება, განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

ბათუმში 11 მარტის ღამეს გამართული საპროტესტო აქცია მასობრივ არეულობაში გადაიზარდა, რის შედეგადაც ქალაქს 150000 ლარის ოდენობის ზარალი მიადგა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრულია მუხლებით — „მასობრივი არეულობა“ და „პოლიციელზე თავდასხმა“. წინასწარი მონაცემებით, პოლიციამ 75 ადამიანი დააკავა. თუმცა, შსს 40 ადამიანის დაკავებას ადასტურებს, რომელთაგან 33 ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლებულია.

„მიმდინარეობს გამოძიება და ამ მძიმე პროვოკაციისთვის, რომელსაც ორგანიზებულის ელფერი ჰქონდა, დაუსჯელი არავინ დარჩება. გამოძიება აუცილებლად გაგრძელდება და მივა დასასრულამდე და აუცილებლად უნდა დაისაჯოს ის, ვინც სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ ნაბიჯი გადადგა“, — განაცხადა კვირიკაშვილმა.

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ყველა პოლიციელს და მაღალჩინოსანს მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ სახელმწიფო პროვოკაციას არ წამოეგო.

ხელბორკილები - Sputnik საქართველო
სახალხო დამცველის წარმომადგენელი: ბათუმში არეულობისთვის 75 ადამიანი დააკავეს

„მინდა მადლობა გადავუხადო სამართალდამცველებს, რომელთა მოზომილი, გონივრული, შეწყობილი მოქმედებების შედეგადაც ჩვენ შევძელით ძალიან სერიოზული პროვოკაციის თავიდან აცილება და მართლაც ბეწვის ხიდზე გავიარეთ. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა სახელმწიფო მაღალჩინოსანსა და პოლიციელს მოთმინებისა და გმირობისთვის, მინდა მადლობა გადავუხადო აჭარის მთავრობას და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს“, — აღნიშნა კვირიკაშვილმა.

ბათუმში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც შაბათს, 11 მარტს საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა ბათუმის ცენტრში უკანონო პარკირების გამო ერთ-ერთ მძღოლს ჯარიმა გამოუწერა, რასაც იგი არ დაეთანხმა. ურთიერთშელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა. სამართალდამცველებმა ექვსი ადამიანი დააკავეს, რის შემდეგაც ქალაქის ქუჩებში ასობით ადამიანი გამოვიდა აჭარის პოლიციის უფროსის გადადგომის მოთხოვნით. სტიქიური აქცია არეულობაში გადაიზარდა, რომელიც სპეცდანიშნულების რაზმის ჩარევის შემდეგ დასრულდა.

© FB/ ბათუმის მერიაარეულობის მომდევნო დილა ბათუმში
არეულობის მომდევნო დილა ბათუმში - Sputnik საქართველო
არეულობის მომდევნო დილა ბათუმში

ბათუმში განვითარებული მოვლენების შემდეგ ოპოზიციამ და სახალხო დამცველის აპარატმა ხელისუფლებას დაგვიანებულ რეაგირებასა და კრიზისული სიტუაციების სწორად და დროულად მართვის უუნარობაში დასდო ბრალი.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, რომ შსს-მ არეულობის დროს პროპორციული ძალა გამოიყენა.

ყველა ახალი ამბავი
0