04:31 22 ოქტომბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0921
  • 100 RUB4.1098
  • USD2.6972
ილია მეორე და გიორგი კვირიკაშვილი

პრემიერმა ბერლინში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მოინახულა

© FB / Георгий Квирикашвили
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
სკანდალი საქართველოს საპატრიარქოში (45)
46 0 0

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ერთიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა, ხოლო მომწამლავი ნივთიერების საქმეზე კომენტარისგან თავი შეიკავა.

თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. საქართველოს მთავრობის მეთაურმა გიორგი კვირიკაშვილმა ბერლინში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მოინახულა.

ბერლინის „ჰელიოს ბერლინ–ბუხის“ კლინიკაში ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღოლს ნაღვლის ბუშტის ლაპარასკოპია გაუკეთეს. ილია მეორემ გასული წლის მიწურულს ვირუსული ინფექცია გადაიტანა, რამაც ნაღვლის ბუშტის ანთება გამოიწვია.

„მინდა, ვუსურვო პატრიარქს ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე. ჩვენთვის ეკლესიის, როგორც სახელმწიფოს ძლიერებისთვის აუცილებელი ინსტიტუციის ერთიანობა მნიშვნელოვანია“, — განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ ეკლესიის ირგვლივ განვითარებული მოვლენების შესახებ დეტალური კომენტარის გაკეთება არ სურს.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ორშაბათს განაცხადა, რომ მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობა აღკვეთა და ამასთან დაკავშირებით დეკანოზი გიორგი მამალაძე დააკავა, რომელიც ბერლინში მიემგზავრებოდა. მის ბარგში აღმოაჩინეს ძლიერი მომწამლავი ნივთიერება ნატრიუმის ციანიდი. მასმედიაში გაჩნდა ვერსია, რომ იგეგმებოდა ილია მეორის მოწამვლა.

„რაც მოხდა, იმაზე დეტალურ კომენტარს არ გავაკეთებ, რადგან ამას მოჰყვა სპეკულაციების უზარმაზარი ნაკადი, რაც, ვფიქრობ, უადგილოა. ჩვენ გვინდა, გავაკეთოთ ყველაფერი, რომ მუხტი ჩავაცხროთ. მივცეთ საშუალება გამოძიებას, დაადგინოს ყველა დეტალი და მხოლოდ ამის შემდეგ ვისაუბროთ საჯაროდ. მე ყველა დეტალს ვფლობ“, — აღნიშნა კვირიკაშვილმა.

პრემიერმა განაცხადა, რომ საქმე პირად კონტროლზე დასაწყისშივე აიყვანა.

„როდესაც სასულიერო პირი მომწამლავი ნივთიერებით კვეთს საზღვარს, მიდის იქ, სადაც პატრიარქი იმყოფება და ჩვენ მას ვაკავებთ, რა თქმა უნდა, დიდი უბედურების თავიდან აცილებაზეა საუბარი. სავარაუდო მსხვერპლთა რაოდენობასა და ვინაობას გამოძიება დაადგენს“, — განაცხადა პრემიერმა.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაცვის მიზნით უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული. პატრიარქთან ბერლინში იმყოფება სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე, ასევე პრემიერ-მინისტრის პირადი დაცვის წევრები.

პატრიარქი 84 წლისაა, ის 39 წელია ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას ხელმძღვანელობს.

თემები:
სკანდალი საქართველოს საპატრიარქოში (45)

მთავარი თემები