მართლმადიდებლური ეკლესიის სასულიერო პირზე თავდასხმის მცდელობა: მოწმე ჟურნალისტია

© Sputnik / Alexander Imedashviliპოლიციის მანქანა
პოლიციის მანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჟურნალისტმა ირაკლი მამალაძემ განაცხადა, რომ მაღალი იერარქიის სასულიერო პირზე თავდასხმის მცდელობის საქმეში ვიდეო და აუდიოჩანაწერები არსებობს.

თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik. მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მოწამვლის ბრალდებით დაკავებული დეკანოზი გიორგი მამალაძის საქმეში მთავარ მოწმედ ჟურნალისტი ირაკლი მამალაძე ფიგურირებს.

ეს ინფორმაცია გაავრცელა ოპოზიციურმა ტელეკომპანიამ „რუსთავი 2“–მა. მოგვიანებით ეს თავად ირაკლი მამალაძემ დაადასტურა. ტელეკომპანიის ინფორმაციით, მაღალი იერარქიის სასულიერო პირზე თავდასხმის მცდელობის საქმეში მთავარ მტკიცებულებას გარკვეული ფარული აუდიოჩანაწერი წარმოადგენს, რომელიც საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ილია მეორის უსაფრთხოებას უკავშირდება.

დეკანოზი გიორგი მამალაძე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს, საიდანაც ის ბერლინში უნდა გაფრენილიყო. მის ბარგში ნატრიუმის ციანიდი აღმოაჩინეს. გერმანიაში საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე იმყოფება თავის უახლოეს გარემოცვასთან ერთად. მას ორშაბათს ოპერაცია ჩაუტარდა.

”ჩვენ ვიცით, ვინ ჩაწერა ეს ფარული მასალა, რომელზეც საუბრობს პროკურატურა და რომელიც არის ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება მამა გიორგის წინააღმდეგ. ეს არის საყდრისის მცველი და ჟურნალისტი ირაკლი მამალაძე. წყაროს ცნობით, სწორედ მან ჩაწერა ეს ფარული ჩანაწერი. არ არის გვარების დამთხვევა, მას ნათესაური კავშირი აქვს თავად გიორგი მამალაძესთან”, — განაცხადა გადაცემა ”არჩევანში” წამყვანმა გიორგი გაბუნიამ.

გიორგი მამალაძის ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ საქმის მთავარი მოწმის დასახელებაზე უარი განაცხადა.

„სახელს და გვარს ვერც ერთ შემთხვევაში ვერ დავასახელებ, თუ ვინ არის პროკურატურის ე.წ. მთავარი მოწმე, მაგრამ მე, რა თქმა უნდა, ამის შესახებ საქმის მასალიდან მაქვს ინფორმაცია, თუ ვინ არის ეს. მარტო იმის თქმა შემიძლია, რომ გარკვეული ვერსია გამაჩნია, რატომ იყო იძულებული ეს პირი ეს ყველაფერი გაეკეთებინა“, — განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.

საქართველოს საპატრიარქო - Sputnik საქართველო
რა ხდება საქართველოს საპატრიარქოში: სისხლის სამართლის საქმე და მასმედიის ვერსიები

ჟურნალისტმა ირაკლი მამალაძემ დაადასტურა, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით ჩვენება მისცა.

„რაც გავაკეთე მინდა ვთქვა მთელი პასუხისმგებლობით, რომ მე მოვიქეცი როგორც კანონიერი მოქალაქე და მე, ასე ვთქვათ, ვითანამშრომლე გამოძიებასთან იქედან გამომდინარე, რომ საქმე გვქონდა უმძიმეს დანაშაულთან, რომლის აღკვეთა, საბედნიეროდ, მოხერხდა, როგორც აცხადებენ. ორი არჩევანი მქონდა პირადად მე: ან უნდა ვყოფილიყავი დანაშაულში, ან უნდა მემხილებინა ადამიანები, რომლებიც გეგმავდნენ უმძიმეს დანაშაულს“, — განაცხადა ჟურნალისტმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ მსგავსი დანაშაულის დაგეგმვასა და განხორციელებას მხოლოდ ერთი ადამიანი ვერ შეძლებდა, ამიტომ თანამზრახველები უნდა მოიძებნოს.

„არის უამრავი მტკიცებულება, არის ვიდეო და აუდიოჩანაწერები… გამოვიდეს დუმილის უფლებას ვინც იყენებს და თქვას – სად მიდიოდა, რა მიჰქონდა, რატომ მიჰქონდა და ვინ იდგა მის უკან“, — განაცხადა ჟურნალისტმა.

ის აღშფოთებულია „რუსთავი 2“-ის მოქმედებით, როდესაც მან საქმის მთავარი მოწმე დაასახელა. ის ვარაუდობს, რომ ეს საქმის გამოძიებას ხელს შეუშლის.

„მე ამ წუთებშიც მიცავს სახელმწიფო სამსახური… მივიღე უდიდესი სტრესი, უდიდესი დარტყმა მაშინ, როდესაც მამხილეს და პირდაპირ ეთერში თქვეს, რომ თითქოს მე გავაკეთე ჩანაწერები და თურმე ჩანაწერი გავაკეთე, სადაც დანაშაული იგეგმება. ასეც რომ ყოფილიყო, ეს სირცხვილია? ეს დანაშაულია? ეს უკანონობაა? ეს გავაკეთე იმისთვის, რომ ვარ ჩვეულებრივი კანონმორჩილი ადამიანი“, — ხაზი გაუსვა ჟურნალისტმა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დეკანოზ გიორგი მამალაძის დაპატიმრების ინფორმაცია სწორედ „რუსთავი 2“-მა გაავრცელა. მასმედიაში ქვეყნის სასულიერო ლიდერის მკვლელობის გეგმის ვარაუდები გახმოვანდა.

მეორე დღეს პროკურატურამ დეკანოზის დაპატიმრება დაადასტურა და აღნიშნა, რომ ის მაღალი იერარქიის სასულიერო პირის ნატრიუმის ციანიდით მკვლელობის მომზადებაშია ბრალდებული.

დეკანოზი გიორგი მამალაძე დუმილის უფლებას იყენებს. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ადვოკატებს საქმის დეტალებზე საუბარი აეკრძალათ.

სამშაბათს საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა საპატიმროში მამალაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ის ბრალს არ აღიარებს და საკუთარი სიმართლის დამტკიცება სურს. ის ასევე ითხოვს, არ მოხდეს ამ საკითხის პოლიტიზირება და ითხოვს მისი ოჯახის უსაფრთხოების უზრუნველყობას.

ყველა ახალი ამბავი
0