საქართველოს პრეზიდენტი: ცხინვალის რეგიონში პლებისციტის ჩატარება დაუშვებელია

გამოწერა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა, წინ აღუდგეს ცხინვალის რეგიონში მომავალი პლებისციტის შედეგების ლეგიტიმაციის მცდელობას.

თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. პლებისციტი, არჩევნები ან რაიმე სხვა ქმედება, რომელიც გულისხმობს მოსახლეობის ნების თავისუფალ გამოხატვას, ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე ვერ განხორციელდება, ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებაში.

საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე - Sputnik საქართველო
აბაშიძე და კარასინი რუსეთსა და საქართველოს შორის ტვირთების მონიტორინგზე იმსჯელებენ

ორშაბათს საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი ტერიტორიის დე–ფაქტო პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა 9 აპრილს ცხინვალის რეგიონისთვის სახელწოდების „სამხრეთ ოსეთი — სახელმწიფო ალანია“ მინიჭების თაობაზე რეფერენდუმის გამართვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

საქართველოს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ პლებისციტი ან არჩევნები ვერ განხორციელდება ტერიტორიაზე, საიდანაც გამოდევნილია მკვიდრი მოსახლეობის უმრავლესობა.

ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში ცხინვალის რეგიონიდან დაახლოებით 30 ათასი იძულებით გადაადგილებული პირია. ცხინვალის რეგიონის დე–ფაქტო ხელისუფლების მტკიცებით, ამჟამად იქ 70 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.

პრეზიდენტის თქმით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების თანხმობის გარეშე ტერიტორიის სახელწოდების შეცვლის ნებისმიერი მცდელობა წარმოადგენს „საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტისა და მთლიანობის ხელყოფის მცდელობას“.

„მივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას, წინ აღუდგნენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ხელყოფას და ამ ე.წ. არჩევნებსა და პლებისციტის შედეგების ლეგიტიმაციის ნებისმიერ მცდელობას“, — ნათქვამია პრეზიდენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ცხინვალის რეგიონი, ისევე, როგორც აფხაზეთი, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიას წარმოადგენს. საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები თბილისმა 2008 წელს მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა და ამ რეგიონებს ოკუპირებული ტერიტორიების სტატუსი მიანიჭა.

ყველა ახალი ამბავი
0