უგულავა-ბოკერიას გუნდი საქართველოში ახალ მოძრაობას ქმნის

გამოწერა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერთა ნაწილმა მიხეილ სააკაშვილის იდეებზე უარი თქვა და ახალი მოძრაობის შექმნისა და ხელისუფლებისთვის ბრძოლის ახალი ეტაპის დაწყების შესახებ განაცხადა.

თბილისი, 12 იანვარი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის დეპუტატის გიგა ბოკერიას და თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას გუნდმა ქვეყნის მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან უთანხმოების გამო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დატოვება და ახალი მოძრაობის შექმნა გადაწყვიტა.

2016 წლის შემოდგომაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ორ ჯგუფად დაიშალა, ერთ-ერთ მათგანს პარტიის „რუხ კარდინალად“ წოდებული გიგა ბოკერია და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე ხელმძღვანელობენ, მეორეს კი ახალაიების ოჯახის „კლანი“, სააკაშვილის უახლოესი თანამებრძოლები. ბოკერია-ბაქრაძის გუნდს გიგი უგულავა მას შემდეგ შეუერთდა, რაც 2017 წლის იანვრის დასაწყისში პატიმრობიდან გათავისუფლდა.

ნიკა მელია - Sputnik საქართველო
„ნაცმოძრაობაში“ დაპირისპირებამ პარლამენტში გადაინაცვლა

„ახალ მოძრაობას ნულიდან ვიწყებთ", — განაცხადა უგულავამ პრესკონფერენციაზე.

„დღეიდან ეს პოლიტიკური ძალა და გუნდი იწყებს ბრძოლის ახალ ეტაპს, რომლის ამოცანაც იქნება ქვეყანაში ვითარების შეცვლა უკეთესობისკენ, ივანიშვილის რეჟიმის (მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი — რედ.) მშვიდობიანი გზით დასრულება და ქვეყანაში პროგრესის და განვითარების დაბრუნება", — აღნიშნა ბაქრაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის" ცხრაწლიანი მმართველობა 2012 წელს დასრულდა, როდესაც ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით „ქართული ოცნების" კოალიცია მოვიდა. ივანიშვილი მთავრობას სათავეში ჩაუდგა, თუმცა ერთი წლის შემდეგ პოლიტიკიდან წავიდა და განაცხადა, რომ მისი მთავარი ამოცანა შესრულებულია. ოპოზიცია აცხადებს, რომ ამჟამად ის ქვეყანას არაფორმალურად მართავს.

„ნაცმოძრაობაში“ არსებული დაპირისპირება სერიოზულ კონფლიქტში მაშინ გადაიზარდა, როდესაც პარტიის ლიდერების ნაწილი სააკაშვილს დაუპირისპირდა. საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობისა და პარლამენტში შესვლის საკითხებზე პოლიტსაბჭოში მათ ხმათა უმრავლესობა მოიპოვეს.

ნაციონალური მოძრაობა - Sputnik საქართველო
„ნაცმოძრაობა": ვემიჯნებით ყველას, ვინც პარტიის დისკრედიტაციის კამპანიაში ჩაერთო

დაპირისპირება მას შემდეგ გამწვავდა, რაც ბოკერია-ბაქრაძის გუნდი 20 იანვრისთვის დანიშნული პარტიის ყრილობის ორგანიზებას ჩამოაშორეს.

სააკაშვილმა თავისი ყოფილი თანამებრძოლები ბიძინა ივანიშვილთან გარიგებაში დაადანაშაულა.

სააკაშვილმა პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ხელმძღვანელობის უფლება 2015 წელს დაკარგა, როდესაც უკრაინის მოქალაქეობა მიიღო. 2015 წლიდან ის ოდესის ოლქის გუბერნატორი იყო, მაგრამ 2016 წლის ნოემბერში დიდი სკანდალით ოპოზიციაში გადავიდა. მან იქ უკვე ახალი ოპოზიციური პარტია შექმნა და მთავრობის გადადგომა მოითხოვა. ის ისევ აპირებს „ნაციონალური მოძრაობის" ხელმძღვანელობას, თუმცა დისტანციურად. სამშობლოში ჩამოსვლა სააკაშვილს არ შეუძლია მის წინააღმდეგ აღძრული საქმეების გამო.

ყველა ახალი ამბავი
0