ჯონ კერი საქართველოში ჩამოვიდა

გამოწერა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ თბილისის აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილესთან დავით ზალკალიანთან შეხვედრა გამართა.

თბილისი, 12 იანვარი — Sputnik. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი საქართველოში მოკლევადიანი ვიზიტით ჩამოვიდა, მისმა თვითმფრინავმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ტექნიკური დაშვება განახორციელა, აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს Facebook-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ჯონ კერიმ თბილისის აეროპორტში შეხვედრა გამართა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილესთან დავით ზალკალიანთან.

ჯონ კერი - Sputnik საქართველო
დღეს თბილისში აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ჯონ კერის ელოდებიან

„საუბრისას კიდევ ერთხელ აღინიშნა საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობა. მინისტრის პირველმა მოადგილემ მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოს მხარდაჭერისთვის და პირადად ჯონ კერის იმ წვლილისთვის, რაც მან შეიტანა საქართველო-აშშ-ის ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაში“, — ნათქვამია განცხადებაში.

ჯონ კერიმ, თავის მხრივ, აღნიშნა საქართველოს შთამბეჭდავი პროგრესი დემოკრატიული, პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების გზაზე. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა საქართველოს მნიშვნელოვან როლს რეგიონში. ჯონ კერიმ წარმატება უსურვა საქართველოს მთავრობასა და პირადად პრემიერ-მინისტრს, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის სწორ განვითარებაში.

ეს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის რანგში ჯონ კერის თბილისში პირველი ვიზიტი არ არის. ის საქართველოში 2016 წლის ივლისში იმყოფებოდა. ჯონ კერიმ საქართველოში ხაჭაპური და ქართული ღვინო გასინჯა და ამას მოგვიანებით აღფრთოვანებული გამოეხმაურა. გასული წლის ვიზიტისას ხელი მოაწერა მემორანდუმს ქვეყნებს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის გაღრმავების შესახებ. ქართული მხრიდან დოკუმენტს ხელი პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა მოაწერა.

ყველა ახალი ამბავი
0