წულუკიანი: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მერაბიშვილის საქმეს გადახედავს

© Sputnik / Alexander Imedashviliთეა წულუკიანი
თეა წულუკიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ხელისუფლებამ წარმატებით გაასაჩივრა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება ექს-პრემიერ ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით – გადაიხედება საქმე, რომელიც მერაბიშვილის წინასწარ პატიმრობაში ყოფნის დროს შესაძლო დარღვევებს ეხება.

თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო გადახედავს გადაწყვეტილებას საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ექს-პრემიერ ვანო მერაბიშვილის საქმეზე, განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ბრიფინგზე.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიმდინარე წლის ივნისში გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, მერაბიშვილის უფლებები მისი წინასწარი დაკავების დროს დაირღვა. საუბარია 2013 წლის 14 დეკემბერს მომხდარ ინციდენტზე.

მერაბიშვილის განცხადებით, იმ ღამით ის საკნიდან გამოიყვანეს და საქართველოს იმჟამინდელ მთავარ პროკურორთან ოთარ ფარცხალაძესთან წაიყვანეს, რომელმაც მუქარით სცადა მისგან ინფორმაციის მიღება ექს–პრემიერ ზურაბ ჟვანიას დაღუპვისა და ასევე მიხეილ სააკაშვილის საბანკო ანგარიშების შესახებ. 

საქართველოს მთავარი პროკურატურა - Sputnik საქართველო
პროკურატურამ მერაბიშვილზე ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ საქმე აღძრა

„ჩვენ დღეს სტრასბურგის სასამართლოდან მივიღეთ წერილი, რომლითაც გვატყობინებენ, რომ ვანო მერაბიშვილის საქმეზე საქართველოს მთავრობის საჩივარი სტრასბურგის სასამართლომ დააკმაყოფილა, რაც იმას ნიშნავს, რომ 14 ივნისს გამოტანილი გადაწყვეტილება არ შედის ძალაში, ის მიექცევა აღსასრულებლად და სტრასბურგის სასამართლოს დიდ პალატში ამ საქმის განხილვა დაიწყება თავიდან“, — განაცხადა წულუკიანმა.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაგმო, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მერაბიშვილის განცხადების შემდეგ დროული გამოძიება არ ჩაატარა. სასამართლომ მიუთითა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევაზე, რომლის თანახმად, ადამიანის მიმართ თავისუფლების შეზღუდვა სხვა მიზნებისთვის არ უნდა იყოს გამოყენებული.

ამასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს მთავრობას მერაბიშვილისთვის არამატერიალური ზარალის მიყენებისთვის 4 ათასი, ხოლო სასამართლო ხარჯებისთვის — 8 ათასი ევროს გადახდა დააკისრა.

ფარცხალაძემ ადრე მერაბიშვილის ბრალდებები კატეგორიულად უარყო და აღნიშნა, რომ 2013 წლის დეკემბერში ექს-პრემიერს არ შეხვედრია. მან ასევე განაცხადა, რომ გამოძიებასთან თანამშრომლობას აპირებს.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ საქართველოს პროკურატურამ ვანო მერაბიშვილის საქმეზე „სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების“ მუხლით სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

მერაბიშვილის ადვოკატი ოთარ კახიძე დარწმუნებულია, რომ იუსტიციის სამინისტრო ევროპული სასამართლოს დიდ პალატაშიც დამარცხდება.

„მინდა გამოვეხმაურო იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ბრიფინგს იმის შესახებ, თითქოს სტრასბურგის სასამართლომ დააკმაყოფილა მთავრობის საჩივარი ვანო მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით. საჩივარი კი არ დააკმაყოფილა, არამედ განსახილველად მიიღო. შეგახსენებთ, რომ ივანიშვილის ხელისუფლებას ჩვენ მოვუგეთ ექსტრადირების ყველა პროცესი, ინტერპოლის ყველა დავა და ვანო მერაბიშვილის საქმე სტრასბურგის სასამართლოში. ანალოგიურად დავამარცხებთ დიდ პალატაშიც, რომლის გადაწყვეტილებასაც კიდევ უფრო მაღალი ლეგიტიმაცია ექნება“, — განაცხადა კახიძემ. 

კახი კალაძე - Sputnik საქართველო
კალაძე: ევროპულმა სასამართლომ მერაბიშვილის კანონიერად გასამართლება დაადასტურა

საქართველოს ყოფილი პრემიერი და ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ივანე მერაბიშვილი 2013 წლის მაისში დააპატიმრეს. ის სისხლის სამართლის სამ საქმეშია ბრალდებული: 2006 წელს სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში, 2011 წლის 26 მაისის საპროტესტო აქციის დარბევასა და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ამომრჩევლის მოსყიდვაში. 

ამას გარდა, სასამართლოში მერაბიშვილის წინააღმდეგ კიდევ სამი საქმეა განსახილველად: 2007 წლის 7 ნოემბერს საპროტესტო აქციისა და ტელეკომპანია „იმედის“ დარბევის საქმე, 2005 წელს სპეცრაზმის მიერ დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმე და ღვინის ქარხანა „აკურას“ საქმე. ვანო მერაბიშვილს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

ყველა ახალი ამბავი
0