03:42 24 ოქტომბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1063
  • 100 RUB4.1425
  • USD2.7082
ქართული ოცნების წარმომადგენლები ყრილობაზე

ზუგდიდში „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები სცემეს

© photo: Sputnik / Alexander Imedashvili
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
4011

ენმ-ში აცხადებენ, რომ ახალგაზრდებმა თავად მოახდინეს ინციდენტის პროვოცირება ერთმანეთისათვის სიტყვიერი შეურაცხყოფების მიყენებით.

თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ნაცემი წევრების მდგომარეობა სტაბილურია —ერთ-ერთი უკვე გამოეწერა ზუგდიდის საავადმყოფოდან, კიდევ ორი კი ჯერაც სტაციონარში რჩება, იტყობინება ტელეკომპანია „იმედი“. 

ექიმების განმარტებით, დაზარალებულები საავადმყოფოში ტვინის შერყევითა და სხეულის  სხვადასხვა დაზიანებებით მოიყვანეს. 

სამი ახალგაზრდა, მათ შორის ერთი 19 წლის გოგონა შაბათს საღამოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებმა ზუგდიდის რაიონის სოფელ დიდინეძში სცემეს. 

პოლიციამ უკვე დაკითხა სოფელ დიდინეძში ენმ-ს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი პაპუნა კუკავა და მისი მეზობელი მანუჩარ ქირია. საქმე ცემის მუხლითაა აღძრული. 

„ორივე პირი დაიკითხა მოწმის სტატუსით. მათ დეტალური ჩვენება მისცეს მომხდართან დაკავშირებით“, — განაცხადა ადვოკატმა ბაჩუკი ყურაშვილმა. 

ნაცმოძრაობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ჩხუბის პროვოცირება „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა მოახდინეს. 

„ჩემი ინფორმაციით სოფელ დიდინეძში ჩვენი შტაბის ხელმძღვანელი მამუკა კუკავა ავტომანქანით  სახლში ბრუნდებოდა, როცა  „ქართული ოცნების“ ახალგაზრდა წარმომადგენლები თავის სააგიტაციო კამპანიას ატარებდნენ და ფაქტიურად გზა ჰქონდათ გადაკეტილი. მან გზის გათავისუფლება მოითხოვა, რაზეც უხეში პასუხი მიიღო“, — განმართა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა თენგიზ გუნავამ. 

„ქართული ოცნების“ პრესსამსახურის ხელმძღვანელი მერი შენგელია კი ამტკიცებს, რომ ახალგაზრდა „მეოცნებეები“ ფლაერების დარიგების დროს სცემეს. 

“ქართული ოცნების” ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მერაბ ქვარაიამ ზუგდიდში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ ენმ-ს წევრები თავად დაესხნენ ახალგაზრდებს და სასტიკად გაუსწორდნენ. 

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ის აგრძელებს ჩვეულ საქმიანობას, ძალადობას. სოფელ დიდინეძში „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები ატარებდნენ წინასაარჩევნო კამპანიას, რამაც გააღიზიანა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები. ისინი თავს დაესხნენ ამ ახალგაზრდებს, სასტიკად გაუსწორდნენ მათ. ნაცემია სამი ახალგაზრდა, მათ შორის სასტიკად ნაცემია 19 წლის გოგონა, რომელიც უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს საავადმყოფოში. ორ მათგანს აქვს თავის ტვინის შერყევა. მათ ამჟამად მკურნალობენ. 

გვინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს, ჩვენს ახალგაზრდებს, რომ არანაირად არ აჰყვეთ მსგავს პროვოკაციებს, რომელიც მოსალოდნელი იქნება და შესაძლოა უფრო ხშირი გახდეს ამ ერთი კვირის განმავლობაში. „ქართული ოცნება“ და საქართველოს ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს, რომ ჩვეულ, მშვიდ გარემოში გაგრძელდეს არჩევნები და დასრულდეს ის ასევე ჩვეულ, მშვიდ გარემოში 8 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ გამარჯვებით“,-განაცხადა მერაბ ქვარაიამ. 

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 8 ოქტომბერს ჩატარდება.

არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ 19 პარტია, 6 საარჩევნო ბლოკი და დამოუკიდებელი კანდიდატები. წინასაარჩევნო კამპანიას თვალს ადევნებს 38 საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია, მათ შორის 9 ქვეყნის საელჩოების დამკვირვებლები.

 

 

მთავარი თემები