ექსპერტი: სომხეთში მიმდინარე მოვლენები საქართველოზე არ აისახება

© photo: Sputnik / Асатур Есаянцერევანი
ერევანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თავისი მოსაზრებები იმის თაობაზე, თუ როგორ აისახება თურქეთსა და ერევანში მიმდინარე მოვლენები საქართველოზე, Sputnik-ს არმენოლოგმა ლელა ჯეჯელავამ გაუზიარა.

თბილისი, 18 ივლისი — Sputnik. სომხეთში მიმდინარე მოვლენები, რომელიც ერევანში პოლიციის შენობის აღებასთან არის დაკავშირებული, ლოკალური ხასიათისაა და საქართველოზე არანაირად არ აისახება, მიიჩნევს ეთნიკური და კონფესიური ურთიერთობების ცენტრის ხელმძღვანელი, არმენოლოგი ლელა ჯეჯელავა.

17 ივლისის დილით ერევნის გარეუბანში, ერებუნის რაიონში შეაიარაღებული პირების ჯგუფმა პოლიციის განყოფილების შენობა აიღო. ისინი სომხური ოპოზიციური სამოქალაქო ინიციატივის „დამფუძნებელი პარლამენტის“ კოორდინატორის ჟირაირ სეფილიანის გათავისუფლებას მოითხოვენ, რომელსაც იარაღის უკანონო შეძენა–შენახვა ედება ბრალად. პოლიცია მეორე დღეა, მძევლების გათავისუფლებასთან დაკავშირებით შეიარაღებულ პირებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

ერევანი - Sputnik საქართველო
ერევანში სასწრაფოს მანქანები შეიარაღებულთა მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე შევიდნენ

„ვფიქრობ, ეს ლოკალური ტიპის მოვლენაა, რომელიც საქართველოზე არ აისახება. მაგრამ თუ სომხეთში ხელისუფლების შეცვლა მოხდება, რასაც მოითხოვენ აჯანყებულები, რისიც არ მჯერა, ეს, რა თქმა უნდა, საქართველოზე აისახება. მაგრამ მაინც მიმაჩნია, რომ ეს სომხეთისთვის ლოკალური მოვლენა დარჩება“, — განუცხადა Sputnik-ს არმენოლოგმა.

ამასთან, ექსპერტი ამ ინციდენტს ახლო აღმოსავლეთში არასტაბილურობის პარადიგმაში ერთ-ერთ რგოლად განიხილავს, რაც, შესაძლოა, რეგიონში სერიოზული გეოპოლიტიკური ცვლილებების მიზეზი გახდეს.

„ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესები ერთი ჯაჭვის სხვადასხვა რგოლია. და ჩანს, რომ მზადება მიდის იმისთვის, რათა ამჟამინდელი გეოპოლიტიკური კონიუნქტურა შეიცვალოს. გაიხსენეთ, რა ხდებოდა აფხაზეთში, მანამდე მთიან ყარაბაღში, შემდეგ თურქეთი, ახლა — სომხეთი. ანუ, ფაქტია, რომ ეს შემთხვევითობა არ არის. ეს ჩვეულებრივი დამთხვევა არ არის.

თუმცა, ვის სასარგებლოდ შეიძლება შეიცვალოს გეოპოლიტიკური ვითარება და რა ძალებია ამაში დაინტერესებული, ექსპერტისთვის ამოუხსნელი რჩება.

ერდოგანი - Sputnik საქართველო
ერდოღანი სიკვდილით დასჯის შესახებ: ხალხის მოთხოვნის იგნორირება არ შეიძლება

„ერთმნიშვნელოვნად თქმა იმისა, თუ ვის სასარგებლოდ უნდა მოხდეს ცვლილებები, არასწორი იქნება, მაგრამ ფაქტია, რომ რეგიონში ძალთა ბალანსი იცვლება. თქვენ ხედავთ, რომ თუ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მუსლიმანური ქვეყანა — თურქეთი იყო და რჩება ნატოს წევრი, ცდილობდა ევროკავშირში შესვლას და რეგიონში ვითარებას ძალზე აბალანსებდა, ახლა ეს ვითარება შეიცვალა“, — განაცხადა ჯეჯელავამ.

რაც შეეხება საქართველოს და მის რეაქციებს ამ პროცესებზე, ქვეყანამ ჩამოყალიბებულ ვითარებას ყურადღებით უნდა მიადევნოს თვალი და სწორი სტრატეგიული არჩევანი გააკეთოს.

„ჩვენ როგორც ისტორიულად, ისე ამჟამად ყველაზე მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ გზაჯვარედინზე ვიმყოფებით. ჩვენდამი ინტერესი დიდი მოთამაშეების მხრიდან ყოველთვის დიდია. ახლა ჩვენი მისია იმაში მდგომარეობს, რომ ძალიან სწორად გავთვალოთ მოვლენების განვითარება და, შესაბამისად, განვსაზღვროთ ჩვენი სტრატეგიული ინტერესები იქიდან გამომდინარე, თუ როგორ ვითარდება სიტუაცია რეგიონში“, — დაასკვნა ექსპერტმა.

ყველა ახალი ამბავი
0