საქართველოს თავდაცვის მინისტრი აშშ-ში შეხვედრებს გამართავს

გამოწერა
აშშ-ში საქართველოს თავდაცვის მინისტრის ვიზიტი ქვეყნებს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის გაღრმავების შესახებ ქართულ-ამერიკულ მემორანდუმს უკავშირდება.

თბილისი, 18 ივლისი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში რიგ შეხვედრებს გამართავს, რომლებიც თავდაცვის სფეროში ორი ქვეყნის პარტნიორობის გაღრმავების შესახებ ამერიკულ მხარესთან ხელმოწერილ მემორანდუმს შეეხება.

ქვეყნებს შორის უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში პარტნიორობის გაღრმავების შესახებ მემორანდუმს ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ 6 ივლისს თბილისში მოაწერეს.

ჯონ კერი და გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
პრემიერი: ჯონ კერის ვიზიტი საქართველოს ძლიერი მხარდაჭერის დადასტურებაა

„მემორანდუმმა საქართველოს ტერიტორიული თავდაცვის ახალი პრიორიტეტი გაითვალისწინა. ჩვენთვის ეს ყველაზე უფრო მთავარი და მნიშვნელოვანია ამ პროცესში, რათა საქართველოს შეიარაღებული ძალები გაძლიერდეს. ეს იქნება გრძელი, მაგრამ ფუნდამენტური მუშაობა იმისთვის, რათა ეს დოკუმენტი მივიღოთ სრულყოფილი სახით“, — განუცხადა ხიდაშელმა ჟურნალისტებს.

ერთი კვირის წინ ხიდაშელმა განაცხადა, რომ აშშ-ში ვიზიტი მისი ბოლო ვიზიტი იქნება საზღვარგარეთ თავდაცვის მინისტრის რანგში. ვაშინგტონიდან დაბრუნების შემდეგ ის დაკავებულ თანამდებობას დატოვებს.

ხიდაშელი აქტიურად ჩაერთვება „რესპუბლიკელების“ წინასაარჩევნო კამპანიაში.

იმის თაობაზე, თუ ვინ შეცვლის თინათინ ხიდაშელს, ქართული საინფორმაციო საშუალებები განიხილავენ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილისა და ვეტერანების საქმეთა სამსახურის უფროსის კობა კობალაძის კანდიდატურებს.

ყველა ახალი ამბავი
0