14:41 24 ივნისი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR2.8597
  • 100 RUB3.8955
  • USD2.4578
პრეზიდენტის სასახლე

პრეზიდენტს თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლების შეწყალებისკენ მოუწოდებენ

© photo: Sputnik / Alexander Imedashvili
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
14 0 0

სახელმწიფო სახსრების გაფლანგვისთვის გასამართლებული თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლების მხარდასაჭერად ამჯერად ოპოზიციური პარტია „ეროვნული ფორუმი“ გამოვიდა.

თბილისი, 18 მაისი — Sputnik. „ეროვნულმა ფორუმმა“, რომელმაც მმართველი კოალიცია ცოტა ხნის წინ დატოვა, საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლების შეწყალებისკენ მოუწოდა, რომელთაც შვიდ-შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ამ კვირაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხუთი ყოფილი თანამშრომელი სახელმწიფო სახსრების გაფლანგვაში დამნაშავედ სცნო. ისინი 2014 წლის 28 ოქტომბერს დააკავეს, 2015 წლის ივნისში კი წინასწარი პატიმრობიდან დეპუტატების შუამდგომლობით გაათავისუფლეს. 

„საქმისადმი მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, უსამართლობის მორიგი მსხვერპლის და პოლიტიკური ვითარების არასასურველი გამძაფრების თავიდან აცილების მიზნით, რაც მნიშვნელოვანია კარსმომდგარი საარჩევნო კამპანიის მეტნაკლებად ნორმალურ გარემოშიწარმოებისთვის, ჩვენ, „ეროვნული ფორუმი“ მივმართავთ თხოვნით საქართველოს პრეზიდენტს, გამოიყენოს საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილება და შეიწყალოს მსჯავრდებულები“, — განაცხადა პარტიის ლიდერმა კახა შარტავამ.

განაჩენი უფრო მეტად ყოფილი ჩინოვნიკების უდანაშაულობაზე მიუთითებს, ხოლო მართლმსაჯულების სისტემაში არსებული პრობლემების გათვალისწინებით, შემდგომი სასამართლო ინსტანციების იმედი ნაკლები რჩება, აღნიშნა მან. 

„დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობა პროცესს პოლიტიკურ შინაარსს აძლევს, რამაც შეიძლება ისედაც რთულ წინასაარჩევნო პერიოდს დამატებითი სიმწვავე შესძინოს“, — განაცხადა შარტავამ.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებს ბრალად ედებათ საკომუნიკაციო კომპანია „სილქნეტის“ სასარგებლოდ თავდაცვის საამინისტროს მიერ გამოცხადებული ტენდერის შედეგების გაყალბება და 4 მლნ 102 ათასი ლარის ოდენობის სახელმწიფოს კუთვნილი თანხის გაფლანგვა. 

ეს საქმე „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმეა. თავდაცვის მაშინდელმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ თავისი ქვეშევრდომების დანაშაულის არ დაიჯერა და ხელისუფლება მიკერძოებაში დაადანაშაულა. შედეგად ალასანია თანამდებობიდან გაათავისუფლეს, ხოლო მისი პარტია „თავისუფალი დემოკრატები“ კოალიციიდან გამოვიდა.

„თავისუფალი დემოკრატები“ ამ საკითხთან დაკავშირებით თბილისში შაბათს საპროტესტო აქციის გამართვას აპირებენ. 

 

 

მთავარი თემები