პოლიტიზირებული არმია არჩევნების სამსახურში

© photo: Sputnikთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა

 თამარ კვარაცხელია

 „ადამიანს, რომელიც ებრძვის ევროკავშირს, რომელიც ებრძვის საქართველოს ნატოში გაწევრიანებას, რომ არ ჰქონდეს იმ ჯარისკაცების ნდობა, ვინც გუშინ ავღანეთში ნატოს ჯარისკაცის სამკლაურით იბრძოდა, ჩემთვის გასაგებია“. — ამ განცხადების ავტორი საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელია. ეს სიტყვები მან საგარეჯოში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ირმა ინაშვილის დამარცხების კომენტირებისას წარმოთქვა. 

 ,,ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას საქართველოს მოსახლეობის 31 პროცენტი უჭერს მხარს"- ეს კი,,ენდიაის" მიერ 2015 წლის 17 ოქტომბერს გამოქვეყნებული კვლევის შედეგია. საინტერესოა, როგორ გამოითვალა თავდაცვის მინისტრმა ის, რომ საქართველოს მოსახლეობის თითქმის 1/3-ში, რომელსაც რუსეთთან მეგობრული და სტრატეგიული ურთიერთობის აღდგენა სურს, არც ერთი ჯარისკაცი არ შედის?  აღნიშნული განცხადება საქართველოს ჯარის პოლიტიზირების მცდელობის ნიშნებს ხომ არ შეიცავს?.. ამ შეკითხვით ექსპერტ ნიკა ჩიტაძეს დავუკავშირდით.

 ექსპერტი ნიკა ჩიტაძე:,,თუ მოსახლეობას მიზნობრივ ჯგუფებად დავყოფთ, უნდა ვივარაუდოთ, რომ ევრაზიული კავშირის მომხრეთა რაოდენობა სამხედრო ნაწილებში ყველაზე ნაკლები იქნება. რუსეთ-საქართველოს ომის დროს ხომ ყველაზე დიდი დარტყმა სწორედ ჯარმა გადაიტანა, თან ჩვენი ჯარისკაცები ნატოს სამშვიდობო ოპერაციებში იღებენ მონაწილეობას. სავარაუდოდ, ამ ვერსიას ეყრდნობოდა თავდაცვის მინისტრი აღნიშნული განცხადების გაკეთებისას". — განუცხადა,,სპუტნიკს" ჩიტაძემ.

 რატომ ეყრდნობა თავდაცვის მინისტრი ვარაუდებს და რატომ ყოფს ქართულ ჯარს პოლიტიკური ორიენტაციის მიხედვით?… აღნიშნულ საკითხზე კომენტირება თინა ხიდაშელის მრჩეველს მედიასთან ურთიერთობის საკითხებში, იმედა დარსალიას ვთხოვეთ: ,,ქართველმა ჯარისკაცებმა  არჩევანი თავად  გააკეთეს. ქვეყნის კურსი პრონატოურია და რა გასაკვირია, თუ ქართული ჯარიც ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა? ჯარი, რომელიც დიდი ხანია  ავღანეთში იბრძვის, მეეჭვება, რომ ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების მომხრე იყოს. პირადად ჩემი აზრიც თუ გაინტერესებთ, ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებისგან ღმერთმა დაგვიფაროს!" - განაცხადა დარსალიამ. 

 ექსპერტ ნიკა ჩიტაძის აზრით, თავდაცვის მინისტრს უმჯობესი იქნებოდა სხვა ამომრჩევლის ნაცვლად საუბრისგან თავი შეეკავებინა, მითუმეტეს მაშინ, როცა არანაირი კვლევა არ ჩატარებულა იმის დასათვლელად, ჯარისკაცების რამდენი პროცენტი ემხრობა ნატოში, ევროკავშირში, ან ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას. 

 ,,მე მესმის რა ვარაუდებს დაეყრდნო ხიდაშელი აღნიშნული განცხადების გაკეთებისას, მაგრამ როცა არანაირი სოციოლოგიური კვლევა არ გიმყარებს ნათქვამს, უმჯობესია, მსგავსი განცხადებების გაკეთებას მოერიდო". — განაცხადა ნიკა ჩიტაძემ. 

 

 

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებას!

 

ყველა ახალი ამბავი
0