საქართველოს ხელისუფლებამ თურქეთს სამძიმარი გამოუცხადა

© facebook.com/GaribashviliOfficialირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მარგველაშვილი და ღარიბაშვილი თურქეთის საელჩოს ეწვივნენ და ანკარაში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით, თურქეთის მოსახლეობას სამძიმარი გამოუცხადეს.

თბილისი, 13 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის საელჩოს ეწვივნენ და ანკარაში ტერაქტთან დაკავშირებით, თურქეთის მოსახლეობას სამძიმარი გამოუცხადეს.

ორი აფეთქება თურქეთის დედაქალაქში შაბათს, 11:04 საათზე, მიტინგის დაწყებამდე მოხდა. პროფკავშირებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ ორგანიზებული მიტინგის მთავარი ლოზუნგი იყო „შრომა, მშვიდობა, დემოკრატია“. მიტინგი ქვეყნის სამხრეთ–აღმოსავლეთში თურქულ–ქურთული კონფლიქტის წინააღმდეგ უნდა გამართულიყო. აფეთქებები რკინიგზის სადგურის მიმდებარედ ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა მოაწყო. დაიღუპა 97 ადამიანი, 500–ზე მეტი – დაშავდა. 

„სასტიკად ვგმობთ მომხდარ საზარელ ქმედებას, რადგან ტერორიზმს არ შეიძლება მოეძებნოს გამართლება. ვიზიარებთ თქვენს დიდ მწუხარებას. გთხოვთ, კიდევ ერთხელ მიიღოთ ჩვენი ღრმა სამძიმარი და თანადგომა“, – ნათქვამია პრემიერ–მინისტრის სამძიმრის წერილში.

საქართველოს პრეზიდენტმა თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ზექი ლევენთ გუმრუქჩუს პირადად მიუსამძიმრა და სამძიმრის წიგნში ასევე ჩანაწერი დატოვა. მარგველაშვილმა თანადგომა გამოუცხადა თურქეთის ხელისუფლებას, მთელს მოსახლეობასა და დაღუპულთა ოჯახებს. პრეზიდენტმა თურქ კოლეგას კი სამძიმრის წერილი 10 ოქტომბერს გაუგზავნა.

თურქეთის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში თავისი თანაგრძნობა ასევე გამოხატა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგი გიგიაძემ.

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მიმდინარე წლის 10 ოქტომბერს ანკარაში განხორციელებულ უმძიმეს ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით. ჩვენ ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებს. მომავალში მხოლოდ და მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით იქნება შესაძლებელი ტერორიზმთან გამკლავება“ — განაცხადა გიგი გიგიაძემ. 


ყველა ახალი ამბავი
0