ხათუნა ლაგაზიძე: „ფიქრია ჩიხრაძე ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი პოლიტიკოსია“

პრეზიდენტის სასახლე ავლაბარში
პრეზიდენტის სასახლე ავლაბარში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხათუნა ლაგაზიძის თქმით, შეიძლება, პრეზიდენტის არჩევანი იმან განაპირობა, რომ ფიქრია ჩიხრაძე არის გამოცდილი პოლიტიკოსი, მისი ბიორაფია დაბინძურებული არ არის და ის არც ისეთი პარტიის წარმომადგენელია, რომელიც დღეს პოლიტიკურ ამინდს ქმნის.

თბილისი, 13 ოქტომბერი —Sputnik. „ახალი მემარჯვენეების“ ყოფილი ლიდერის, ფიქრია ჩიხრაძის საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლად დანიშვნა, ამ პარტიასთან გიორგი მარგველაშვილის პოლიტიკურ ქორწილს არ ნიშნავს, — მიაჩნია პოლიტოლოგ ხათუნა ლაგაზიძეს.

 „ეს არჩევანი, თავისთავად, იმით არის საინტერესო, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი წლით ადრე პრეზიდენტს სჭირდება პოლიტიკურ სპექტრთან ერთგვარი შუამავლის ფუნქციის მქონე პერსონა, ვინაიდან, გიორგი მარგველაშვილი მთელი წინასაარჩევნო პერიოდი და არჩევნების შემდგომი დღეები ძალიან აქტიური დამკვირვებლის როლში უნდა იყოს და ამიტომ ის გარედან მაყურებლის ფუნქციით რომ არ შემოისაზღვროს, აუციელებლია სწორედ ასეთი პოლიტიკური მრჩეველი, რომელიც იქნება მთავარი კომუნიკატორი პრეზიდენტსა და პოლიტიკურ სპექტრს შორის“, –განაცხადა ხათუმა ლაგაზიძემ.

 პოლიტოლოგის თქმით, ფიქრია ჩიხრაძის ბოლო დროინდელი გამოსვლებით თუ ვიმსჯელებთ, ის ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი პოლიტიკოსია,  რაც, თავისთავად, მიგვანიშნებს იმაზე, რომ პრეზიდენტიც საკმაოდ კრიტიკულად განწყობილი იქნება მოსალოდნელი პროცესების მიმართ. ერთადერთი უხერხულობა, რაც შეიძლება შეიქმნას, არის  „ახალი მემარჯვენეების“ არჩევნებში მონაწილეობა. ასეთ  შემთხვვევაში ამ პარტიის მხრიდან პრეზიდენტისა და მისი მრჩევლის კომენტარები, შეიძლება, აღქმული იქნას, როგორც მხარის კომენტარები.

 „მიუხედავად ამისა, მთელს პოლიტიკურ სპექტრში თუ ვინმეს შედარებით ნეიტრალურობაზე შეიძლება ვისაუბროთ, ეს არის ფიქრია ჩიხრაძე, იქიდან გამომდინარე, რომ „ახალი მემარჯვენეები“ დღეს აღარ არის პოლიტიკაში აქტიურად მოღვაწე პარტია. აქედან გამომდინარე, ჩიხრაძის იქ ყოფნა არანაირად არ გვაძლევს იმის ვარაუდის საშუალებას, რომ პრეზიდენტი, შეიძლება, ამ პარტიის გავლენის ქვეშ მოექცეს და ეს არჩევანი არ ნიშნავს „ახალი მემარჯვენეების“ და პრეზიდენტის პოლიტიკურ ქორწინებას“,–აღნიშნა ხათუნა ლაგაზიძემ.

ხათუნა ლაგაზიძის თქმით, შეიძლება, პრეზიდენტის არჩევანი იმან განაპირობა, რომ  ფიქრია ჩიხრაძე არის გამოცდილი პოლიტიკოსი, მისი ბიორაფია დაბინძურებული არ არის და ის არც ისეთი პარტიის წარმომადგენელია, რომელიც დღეს პოლიტიკურ ამინდს ქმნის.

 გიორგი მარგველაშვილმა პოლიტიკურ საკითხებში მრჩევლის თანამდებობაზე ფიქრია ჩიხრაძის კანდიდატურა 12 ოქტომბერს დაასახელა, 

 „ფიქრია ჩიხრაძე მნიშვნელოვან პოსტს დაიკავებს ადმინისტრაციაში და ერთად დავგეგმავთ სხვადასხვა პროცესებს. ჩვენ ქ–ნ ფიქრიას თანამშრომლობა, მისი შთამბეჭდავი და დიდი გამოცდილების პოლიტიკური წარსულიდან გამომდინარე, ვთხოვეთ“,– განაცხადა პრეზიდენტმა ბრიფინგზე.

 ამ დრომდე საქართველოს პრეზიდენტს ოთხი მრჩეველი – სამხედრო, რელიგიური უმცირესობების, საერთაშორისო და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში ჰყავდა. გარდა ამისა, ეკონომიკურ საკითხებში მრჩევლის ფუნქციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ასრულებს.

 


ყველა ახალი ამბავი
0