ხუხაშვილი: „ აღმოსავლეთის დასავლეთთან დაკავშირება საქართველოს გეოპოლიტიკური ფუნქციაა”

გამოწერა
ირანული მედიის ცნობით, ირანისა და ბულგარეთის დამაკავშირებელი სატრანზიტო კორიდორმა აზერბაიჯანზე, სომხეთსა და საქართველოზე უნდა გაიაროს.

თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს მთავარი გეოპოლიტიკური ფუნქცია დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის ტრანზიტის უზრუნველყოფაა. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ირანისა და ბულგარეთის ერთმანეთთან საქართველოს გავლით დაკავშირება, — განაცხადა ექსპერტმა გია ხუხაშვილმა.  

 „ჩვენ ვხედავთ, რომ დასავლეთსა და ირანს შორის გარკვეული კომუნიკაცია გაჩნდა და სანქციების პოლიტიკის შესუსტება დაიწყო. აქედან გამომდინარე, შესაძლებელია და დასაშვებია, ირანისა და ბულგარეთის სატრანზიტო კორიდორით დაკავშირება. თუმცა, ეს მაინც პროექტია, რაც შეეხება მის განხორციელებას და პროექტის მნიშვნელობას ჩვენი ქვეყნისთვის, ბუნებრივია, ეს კარგია, იმიტომ რომ ჩვენი გეოპოლიტიკური ფუნქცია დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის ტრანზიტის უზრუნველყოფაა და აქედან გამომდინარე, მისასალმებელია, თუ ასეთი პროცესი დაიწყო“, –აღნიშნა გია ხუხაშვილმა.

 ექსპერტის აზრით, პირველ ეტაპზე მეტნაკლებად მნიშვნელოვანი მოცულობით ამ ყველაფრის უზრუნველყოფა საქართველოს გაუჭირდება, იმიტომ რომ აქ შეიქმნება ძალიან ბევრი, მათ შორის —ინფრასტრუქტურული პრობლემა, თუმცა, განვითარების თვალსაზრისით, ამ პროექტში მონაწილეობა საქართველოსთვის, რა თქმა უნდა, საინტერესო იქნება.

 ირანული მედიის ცნობით, ირანისა  და ბულგარეთის დამაკავშირებელი სატრანზიტო კორიდორმა აზერბაიჯანზე, სომხეთსა და საქართველოზე უნდა გაიაროს. კორიდორი ირანს საშუალებას მისცემს, ევროპულ ქვეყნებზე გავიდეს. ამ მარშრუტით იგეგმება არამხოლოდ სამგზავრო, არამედ სატვირთო გადაზიდვების განხორციელება, რაც მთელ რეგიონზე მოახდენს გავლენას. სატრანზიტო კორიდორის შესახებ შეთანხმების კანონპროექტს თეირანსა და სოფიაში შეიმუშავებენ, რის შემდეგაც, 2016 წელს დოკუმენტს პროექტში მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლები მოაწერენ ხელს. 

 

ყველა ახალი ამბავი
0