09:54 17 აგვისტო 2017
პირდაპირი ეთერი
ევროკავშირი

შულცი: ევროპარლამენტი საქართველოს მხარდაჭერისთვის მზადაა

Public Domain
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
6 0 0

საქართველოს ხელისუფლება იმედოვნებს, რომ სამიტის შემაჯამებელ დეკლარაციაში ევროკავშირის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შემოღების კონკრეტული ვადები იქნება შეტანილი.

თბილისი, 22 მაისი — Sputnik. ევროპარლამენტი მზადაა საქართველოს, როგორც  პროგრამა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“  მონაწილე წამყვან ქვეყანას, მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოუჩინოს, განაცხადა პარასკევს, 22 მაისს ევროპარლამენტის პრეზიდენტმა მარტინ შულცმა (Martin Schulz) საქართველოს მთავრობის მეთაურთან, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრისას, იუწყება პრემიერის პრეს-სამსახური.  

შეხვედრა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის ფარგლებში შედგა, რომელიც რიგაში ოფიციალურად 22 მაისს გაიხსნა. საქართველოს ხელისუფლება იმედოვნებს, რომ სამიტის შემაჯამებელ დეკლარაციაში ევროკავშირის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შემოღების კონკრეტული ვადები იქნება შეტანილი.

 „მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული რეფორმების წარმატებით განხორციელებას. პრემიერი მიესალმა ვიზალიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით მიღებულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას და იმედი გამოთქვა, რომ ტექნიკური პროცედურები მაქსიმალურად მოკლე ვადებში დასრულდება“, – ნათქვამია განცხადებაში.

ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება „საქართველოს ევროპეიზაციის გენერალური გეგმაა“, რომლის ეფექტურ შესრულებასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

შეხვედრისას ასევე აღინიშნა საქართველოს როლი დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, კანონის უზენაესობის და რეგიონში ენერგეტიკული უსაფრთხოების საქმეში.

პარასკევს ღარიბაშვილი ასევე შეხვდა ბელგიის პრემიერ-მინისტრს შარლ მიშელს (Charles Michel) და მასთან პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე იმსჯელა.

ღარიბაშვილმა კვლავ დაადასტურა ერთგულება „საქართველოს ევროპული არჩევანისადმი“ და აღნიშნა, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება არ წარმოადგენს საქართველოს საბოლოო მიზანს ევროკავშირთან ურთიერთობებში. 

საქართველოს მთავრობის მეთაურმა შარლ მიშელს მადლობა გადაუხადა  საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპული  და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერისთვის. ღარიბაშვილმა ბელგიის პრემიერი საქართველოში მოიწვია.

 


მთავარი თემები