04:03 11 მაისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1590
  • 100 RUB4.6231
  • USD3.4174
საინტერესო ადამიანები
მოკლე ბმულის მიღება
670 0 0

ხშირად გვსმენია, საქართველოში ახალგაზრდებს არ აქვთ იმის რეალური შესაძლებლობა, რომ ამა თუ იმ სფეროში წარმატებას მიაღწიონო. ამ აზრის გასაბათილებლად კიდევ ერთ ადამიანს გაგაცნობთ.

მენეჯერ მაიკო მურაჩაშვილზე დღეს ტურიზმისა და სასტუმროების მართვის სფეროში საკმაოდ მაღალი მოთხოვნაა. უცხოეთში მიღებული განათლების გარდა, ამაში მას პიროვნული თვისებებიც დაეხმარა. კვიპროსის საერთაშორისო უნივერსიტეტში სწავლის შემდეგ ამერიკული სასტუმროებისა და განთავსების ასოციაციის კურსები გაიარა. ამ სფეროში მისი წარმატებული საქმიანობა არაერთხელ აღინიშნა. რაც მთავარია, ის თავისი ქვეყნის პატრიოტია და მისთვის ყველა საქმეში ამოსავალი სწორედ ეს არის... 

მაიკო მურაჩაშვილი
მაიკო მურაჩაშვილი

- მაიკო, თავიდან საქმიანობა დაიწყეთ სარეკლამო სფეროში, სადაც იმ დროისთვისაც კი საკმაოდ დიდი კონკურენცია არსებობდა, რითი მიიქცია ყურადღება თქვენმა კომპანიამ?

- საკმაოდ რთულ პერიოდში დავიწყე სარეკლამო სააგენტოში მუშაობა. ეს იყო დრო, როცა ქვეყანა 90-იანი წლების მძიმე პერიოდიდან გამოდიოდა, კონკურენცია მართლა დიდი იყო. თანაც, იმ დროს ჯერ კიდევ გვიწევდა ბიზნესმენების დარწმუნება მათი პროდუქციის რეკლამირების აუცილებლობაში. ვუხსნიდით, თუ რა სარგებლობას მოუტანდა რეკლამა მათ კომპანიას, როგორ გაზრდიდა გაყიდვებს და ა.შ. რითი მივიქციე ყურადღება? – საქმისადმი სწორი მიდგომით, კომუნიკაციის უნარით, ხარისხით და პასუხისმგებლობით, რადგან ჩაბარების ვადებს ზუსტად ვიცავდი. თავიდან მუშაობა სარეკლამო აგენტად დავიწყე და უკვე ერთ წელიწადში საკუთარი კომპანია მქონდა. მამა გარე რეკლამების დიზაინერია და 40 წელზე მეტია, რაც ამ საქმეში პრაქტიკული გამოცდილება გააჩნია. ამიტომ ავარჩიე ზუსტი სეგმენტი: გარე რეკლამები, სარეკლამო პროდუქტების ბიუჯეტინგი, და საქმიანობა ამ მიმართულებით დავიწყე. პირველი კონტრაქტებიც ძალიან მალე გავაფორმე.

მაიკო მურაჩაშვილი
მაიკო მურაჩაშვილი

- სანამ ტურიზმის სფეროში გადაინაცვლებდით, ცოდნის გაღრმავება უცხოეთში გადაწყვიტეთ...

- საქმე ისაა, რომ 2007 წელს მივხვდი, სარეკლამო ბაზარი მალე გადაჯერდებოდა, მაგრამ სამაგიეროდ ტურიზმი იდგამდა მძლავრად ფესვებს. რაც მთავარია, ამ სფეროში მაშინ არ გვყავდა პროფესიონალი კადრები. იმ დროისათვის არსებულ რამდენიმე ბრენდ სასტუმროს საზღვარგარეთიდან ჩამოყვანილი მენეჯმენტ-ჯგუფები მართავდა. ეს გახდა ჩემთვის წინაპირობაც და სტიმულიც. ოჯახმაც შემიწყო ხელი, მეც 12 წლის შვილი საქართველოში დავტოვე და 2.5 წლით კვიპროსში წავედი სასწავლებლად.

მაიკო მურაჩაშვილი
მაიკო მურაჩაშვილი

- რა მოგცათ კვიპროსის საერთაშორისო უნივერსიტეტში სწავლამ, რა იყო ის ორნახევარი წელი თქვენთვის?

- ეს იყო ცოდნის, განათლების და პრაქტიკული გამოცდილების მიღების უმნიშვნელოვანესი წლები, რასაც ახლდა უძილობა, დამატებით სამუშაოზე მუშაობის სირთულე და გადატვირთული ყოველდღიური გრაფიკი. თუმცა რეალურად ეს იყო პერიოდი, რომელმაც შემქმნა ისეთად, როგორიც დღეს ვარ. პირველი და უმთავრესი, რაც იქ ჩამომიყალიბდა, იყო ნებისყოფა, გამძლეობა და დაუღალავი შრომის უნარი. თანდათან ის თვისებები ცხოვრების წესად მექცა. უბრალოდ სხვა გზა არ მქონდა, რადგან საქართველოში შვილი მელოდებოდა. გარდა ძირითადი კურსისა, დავიმატე სასტუმროს მართვის AH&LA და საერთაშორისო ავიატრანსპორტის ასოციაციის IATA მოდულები. ფაქტობრივად, 2.5 წელიწადში სწავლის სამი სრული კურსი ჩავატიე.

მაიკო მურაჩაშვილი
მაიკო მურაჩაშვილი

- მოგვიანებით ამერიკული სასტუმროებისა და განთავსების ასოციაციის კურსები გაიარეთ, როგორ ფიქრობთ იქ მიღებული გამოცდილების მორგებას ისეთ სპეციფიკურ, განსხვავებულ ქვეყანაზე, როგორიც ჩვენია?

- თქვენ წარმოიდგინეთ, უკვე მოვარგე, ნელ-ნელა და ეტაპობრივად. ჯერ კიდევ რთულია ლოკალური სასტუმროები საერთაშორისო სტანდარტებით მართო, რადგან ეს გარკვეულ თანხას მოითხოვს, თან ჯერ კიდევ არ არსებობს მაკონტროლებელი ორგანო, რომელიც სასტუმროებს მინიჭებული ვარკვლავების მიხედვით ზუსტად შეაფასებს და ლიცენზირებას მისცემს. თუმცა ვცდილობ, რომ ყველა სასტუმრო, სადაც მართვით შევდივარ, ჩვენი პარტნიორებისთვის, ადგილობრივი და უცხოური ტურისტული კომპანიებისთვის მაღალი სანდოობის იყოს, რასაც, ფაქტობრივად, მივაღწიე კიდეც. უცხოეთში მიღებულ გამოცდილებას ვიყენებ ჩემს კომპანიაში, ყველა სასტუმროში, რომლის მენეჯმენტსაც ვახორციელებ. თამამად შემიძლია დღეს ვთქვა, რომ ხარისხის და სანდოობის მაღალი სტანდარტი კარგი განათლების და პრაქტიკული ცოდნის შედეგია.

მაიკო მურაჩაშვილი
მაიკო მურაჩაშვილი

- ამ სფეროში თქვენი საქმიანობა ტურიზმის ეროვნული სააგენტოს მიერ არაერთხელ აღინიშნა...

- ეს ფაქტი ძალიან მახარებს და მეამაყება. 2019 წელს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს დაჯილდოების ცერემონიაზე წლის საუკეთესო სამთო რეზორტად დასახელდა „გუდაური ლოფტი“. ეს იყო ისეთი მნიშვნელოვანი გამარჯვება, რაც მხოლოდ „ოსკარის“ მიღებას შემიძლია შევადარო. „ანაკლია რეზორტი“ კი ზღვისპირა სასტუმროების საუკეთესოთა ხუთეულში შევიდა. ამ წარმატებებში პირადად ჩემი მოკრძალებული შრომაც მოიაზრება...

მაიკო მურაჩაშვილი
მაიკო მურაჩაშვილი

- ალბათ ასეთი პროფესია მოგზაურობის სიყვარულით შეარჩიეთ?

- მართლაც, მოგზაურობაზე ვგიჟდები და ამიტომ, ვფიქრობ, პროფესიაც შესაფერისი ავირჩიე. ყოველი წლის ნოემბრიდან იწყება საერთაშორისო ტურისტული გამოფენები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ეს ის პერიოდია, გვიან გაზაფხულამდე, როცა ჩემი ტურისტული კომპანიით და ჩემ მართვაში მყოფი სასტუმროების პროდუქტებით გამოფენებზე მივეშურები. ამ პერიოდში, ფაქტობრივად, ჩემოდნიდან ბარგს არ ვალაგებ. ყველა ქვეყანა თავისებურად საინტერესოა და დამამახსოვრდა, მაგრამ ზუსტად ვიცი საუკეთესო მომენტი: როცა აეროპორტის ტაბლოზე ვხედავ წარწერას TBILISI, რადგან ვიცი, რამდენიმე საათში საქართველოში დავბრუნდები.

მაიკო მურაჩაშვილი
მაიკო მურაჩაშვილი

- როგორც წარმატებული მენეჯერი, რას ურჩევდით ამ სფეროს დამწყებ სპეციალისტებს?

- თუ მოვიაზრები წარმატებულ მენეჯერად, ეს, მართალია, მახარებს, მაგრამ ამავდროულად პასუხისმგებლობასაც მმატებს. მე დღესაც სულ ვსწავლობ. ყველა საქმეს თავისი მახასიათებელი აქვს, ყველა ადამიანს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება. პირადი გამოცდილებიდან გეტყვით, რომ მთავარია, გიყვარდეთ თქვენი საქმე, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია თანამშრომლებთან ურთიერთობა, რაც სამართლიანობაზე, პატივისცემასა და მოტივაციაზე უნდა იყოს აგებული. აუცილებელია, რომ სხვებს მაგალითი თავად მისცეთ. და კიდევ, ყოველთვის შეასრულეთ დანაპირები. დასახეთ მკაფიო მიზნები, შეადგინეთ კალენდარი, დაადგინეთ შესრულების ვადები და მას ბოლომდე, მიზნის მიღწევამდე მიჰყევით. ადამიანი სიტყვით ფასობს, თქვენი სიტყვა უნდა აღიქმებოდეს როგორც აპრიორი სიმართლე, მხოლოდ მაშინ მოახერხებთ თქვენი პარტნიორების პატივისცემისა და ნდობის მოპოვებას.

მაიკო მურაჩაშვილი
მაიკო მურაჩაშვილი

- როგორ ფიქრობთ, პირველ რიგში რითი ხიბლავს საქართველო უცხოელებს? 

- ბევრი რამ გამოგვარჩევს: ქართული ღვინო, ქართული კულტურა, ტრადიციები... მაგრამ რაზეც უცხოელები მუდმივად აკეთებენ აქცენტს და მეც პირველ რიგში ამით ვხიბლავ მათ – ეს ქართული გულია, ქართული სითბო, სტუმრის სიყვარული და ჩვენთვის ჩვეული გულწრფელობა. ასე რომ, დანარჩენი სამყაროსთვის ჩვენი ქვეყნის მთავარი ხიბლი ქართველი ხალხი და მისი უნიკალურობაა...

 

მთავარი თემები