ევროპა, რომელსაც „არ გაუმართლა“ და „არქეოლოგიურად“ მომხიბვლელი საქართველო

© photo: courtesy of Nino Otchwaniნინო ოთხვანი
ნინო ოთხვანი - Sputnik საქართველო, 1920, 12.02.2021
გამოწერა
თავდაპირველად, ალბათ, საკუთარი კუთხისა და ქვეყნის განცდა გაჩნდა გულწრფელ ემოციურ დონეზე, შემდეგ – პროფესიული ინტერესი და, ბოლოს, ეროვნული სიამაყე, რადგან: „ისეთი ქვეყანა გვაქვს, რომ უნდა ინატრო და ნებისმიერი ეპოქის „ვაუ აღმოჩენაც“ არ დააყოვნებს“...

ნინო ოთხვანი – პროფესიონალი, გამოცდილი ისტორიკოსი, კვალიფიციური არქეოლოგი, რომელმაც ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან არაერთ არქეოლოგიურ ექსპედიციაში მიიღო მონაწილეობა. აქტიურადაა ჩართული ქართულ-გერმანულ პროექტებში როგორც ჩვენთან, ასევე გერმანიაში. ყოველი ახალი აღმოჩენა მისთვის პიროვნული და პროფესიული გამარჯვების ტოლფასია...

© photo: courtesy of Nino Otchwaniნინო ოთხვანი
ევროპა, რომელსაც „არ გაუმართლა“ და „არქეოლოგიურად“ მომხიბვლელი საქართველო - Sputnik საქართველო, 1920, 12.02.2021
ნინო ოთხვანი

- ქალბატონო ნინო, როდის მიხვდით, რომ მომავალ პროფესიულ საქმიანობას ისტორიას დაუკავშირებდით?

- ისტორია სამომავლო პროფესიად რომ გამხდარიყო, ჩემ შემთხვევაში ეს ყოველგვარ რომანტიკულ ნიუანსებს მოკლებულია. პირიქით, სუფთა პრაგმატული ნაბიჯი გადადგა „საოჯახო საბჭომ“, როცა დაუჯერა მამიდაჩემის კომპეტენტურ, კატეგორიულ დასკვნას, რომ ისტორია კარგად ვიცი და „ოჯახს სირცხვილს არ ვაჭმევ“. მისი აზრით, არ გამიჭირდებოდა ხუთიანის მიღება და, როგორც სკოლის მედალოსანს, ერთი გამოცდით გასტუდენტებაც. ასე გადაწყდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიულზე საბუთების შეტანა. მამიდას დაეჯერებოდა, რადგან სკოლაში ისტორიას მასწავლიდა და ალბათ ძნელად წარმოედგინა, მისაღებ გამოცდაზე იმაზე რთული კითხვები დაესვათ, ვიდრე თავად გვისვამდა წლების განმავლობაში გაკვეთილებზე.

© photo: courtesy of Nino Otchwaniნინო ოთხვანი
ევროპა, რომელსაც „არ გაუმართლა“ და „არქეოლოგიურად“ მომხიბვლელი საქართველო - Sputnik საქართველო, 1920, 12.02.2021
ნინო ოთხვანი

- ანუ დამსახურებული ხუთიანი გყავდათ...

- ვისაც ხუთიანი გვეწერა, თითქმის მექანიკურ დონეზე გვქონდა თარიღები ტვინში ჩამჯდარი. რაც მთავარია, შეგვეძლო ფაქტებს შორის მიზეზ-შედეგობრიობის დადგენა და ანალიზი. სხვა ბავშვების მსგავსად მეც ვწუწუნებდი, რადგან მეზედმეტებოდა მისი მომთხოვნი, მკაცრი ხასიათი, მაგრამ უდავოდ კარგი მასწავლებელი იყო. ჩემი თხოვნა – „დამასვენეთ ერთი წელი“, მგონი, არავის გაუგია, იმდენად იყვნენ მოხიბლული პირველივე წელიწადს სტუდენტობის პერსპექტივით.

© photo: courtesy of Nino Otchwaniნინო ოთხვანი არქეოლოგიურ ექსპედიციაში
ევროპა, რომელსაც „არ გაუმართლა“ და „არქეოლოგიურად“ მომხიბვლელი საქართველო - Sputnik საქართველო, 1920, 12.02.2021
ნინო ოთხვანი არქეოლოგიურ ექსპედიციაში

- სტუდენტობის დროს ხომ არ შეგიცვლიათ დამოკიდებულება მომავალი პროფესიის მიმართ?

- რა მახსენდება, იცით? ერთ მშვენიერ დღეს რაღაც წარმოუდგენელი მოხდა. მივხვდი, რომ საუკეთესო ლექტორები მყავდა და მათი არმოსმენა დანაშაული იქნებოდა. იშვიათია, როცა სტუდენტს ამდენი და ასეთი დონის ლექტორი ერთად გყავს. მათ არ ჩამოვთვლი, რადგან რომელიმე რომ გამომრჩეს, თავს დამნაშავედ ვიგრძნობ. გულწრფელად ვამბობ, მათმა ლექციებმა თუ სტუდენტებთან დამოკიდებულებამ სხვა ფაკულტეტზე საბუთების გადატანა გადამაფიქრებინა.

© photo: courtesy of Nino Otchwaniნინო ოთხვანი
ევროპა, რომელსაც „არ გაუმართლა“ და „არქეოლოგიურად“ მომხიბვლელი საქართველო - Sputnik საქართველო, 1920, 12.02.2021
ნინო ოთხვანი

- არქეოლოგიით რომელი ექსპედიციის მერე დაინტერესდით და ვინ იყვნენ ისინი, ვინც თქვენში მსგავსი ინტერესი გააღვიძა?

- მეორე კურსზე ყოფნის დროს ბატონმა ოთარ ჯაფარიძემ ავლევში (ახალგორის რაიონში) არქეოლოგიურ ექსპედიციაში წამიყვანა. მახსოვს, როცა ყორღანს ვთხრიდით, ალექსანდრე ჯავახიშვილი (ანუ ძია ლალი, როგორც ჩვენ ვეძახდით) და მისი მეუღლე, ლილი ღლონტი გვესტუმრნენ. ძია ლალი, არც მეტი, არც ნაკლები, ივანე ჯავახიშვილის ვაჟი და ამასთან ბრწყინვალე არქეოლოგი იყო. არქეოლოგი გახლდათ მისი მეუღლეც. არასოდეს დამავიწყდება, საღამოს თანასწორებივით ვისხედით ასეთი ადამიანების გვერდით და პირდაღებული ვუსმენდით მათ სამეცნიერო მსჯელობას, კამათს თუ სახალისო თავგადასავლებს. ავლევიდან დაბრუნებულმა უკვე ნამდვილად ვიცოდი, რომ არჩევანს არქეოლოგიაზე გავაკეთებდი. ოთარ ჯაფარიძე აღმოჩნდა ჩემი ბედის მჭედელი. მანვე მიმაბარა სამცხე-ჯავახეთის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელს, ბატონ ოთარ ღამბაშიძეს, ანუ „ოთო ძის“, სადაც, ფაქტობრივად, გავიგე რა არის „ველი“, ადამიანური ურთიერთობები და, თქვენ წარმოიდგინეთ, საჭმლის კეთებაც კი. თუ რამე ვიცი, როგორც პრაქტიკოსმა არქეოლოგმა, ყველაფერი სამცხე-ჯავახეთის ექსპედიციაში ვისწავლე.

© photo: courtesy of Nino Otchwaniნინო ოთხვანი
ევროპა, რომელსაც „არ გაუმართლა“ და „არქეოლოგიურად“ მომხიბვლელი საქართველო - Sputnik საქართველო, 1920, 12.02.2021
ნინო ოთხვანი

- რა არის საჭირო თქვენს პროფესიაში წარმატებისთვის?

- საერთოდ, არქეოლოგია გუნდის საკეთებელი საქმეა. აქ ყველა, დამხმარე მუშით დაწყებული და ექსპედიციის ხელმძღვანელით დამთავრებული, ერთ საქმეს აკეთებს. ამიტომ როცა ვინმე რაიმეს პოულობს, ეს ყველას აღმოჩენაა და საოცრად შრომატევადი საქმის იღბლიანი დასასრული. შემდეგ ეს მონაპოვარი მუზეუმებს ამშვენებს. და როცა სტენდებს ათვალიერებ, სადღაც, გულის სიღრმეში კმაყოფილი ხარ, რომ ეს ნივთი სწორედ შენი ნაპოვნია. ასეთ ადამიანურ სისუსტეს მოკლებული, საბედნიეროდ, არც მე ვარ…

© photo: courtesy of Nino Otchwaniნინო ოთხვანი
ევროპა, რომელსაც „არ გაუმართლა“ და „არქეოლოგიურად“ მომხიბვლელი საქართველო - Sputnik საქართველო, 1920, 12.02.2021
ნინო ოთხვანი

- თავის დროზე თქვენ საყდრისის მნიშვნელოვანი აღმოჩენის უშუალო მონაწილე გახდით...

- დიახ, საყდრისის აღმოჩენამ ჩემ თვალწინ შეისხა ხორცი 2007-დან 2014 წლამდე. ეს საოცრად მნიშვნელოვანი და რეზონანსული კამპანია იყო, რომელსაც ქართული მხრიდან ოთარ ლორთქიფანიძის არქეოლოგიური ცენტრი, შემდეგ ეროვნული მუზეუმი, ხოლო გერმანიის მხრიდან ბოხუმის სამთო მუზეუმი და რურის უნივერსიტეტი ერთობლივად ახორციელებდნენ. საყდრისი, ძვ.წ.აღ. IV–III ათასწლეულის ე.წ. მტკვარ-არაქსის კულტურის კუთვნილი ძეგლი ყველასათვის მოულოდნელად აღმოჩნდა. კვლევის საწყის ეტაპზე ამაზე ვერც ვიოცნებებდით, მაგრამ ჯერ ნაპოვნმა კერამიკამ და მერე მსოფლიოს წამყვან სამეცნიერო ლაბორატორიებში ჩატარებულმა არაერთმა დამათარიღებელმა კვლევამ მარტო ჩვენ კი არა, ფაქტის წინაშე მსოფლიო დააყენა. სამეცნიერო მიმოქცევაში იგი უკონკურენტოა, გამორჩეული და ერთადერთია. საწყენია, რომ აღარ არსებობს, რადგან ასე, თურმე, ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობას „დასჭირდა“... 

© photo: courtesy of Nino Otchwaniნინო ოთხვანი
ევროპა, რომელსაც „არ გაუმართლა“ და „არქეოლოგიურად“ მომხიბვლელი საქართველო - Sputnik საქართველო, 1920, 12.02.2021
ნინო ოთხვანი

- მოდით, მკითხველს ავუხსნათ, რა ინტერესი აქვთ გერმანელებს, ზოგადად უცხოელებს, როცა საქართველოში არქეოლოგიურ ექსპედიციებსა და კვლევებს აფინანსებენ?

- პასუხი მარტივია, საკაცობრიო ისტორიამ გარკვეული ტერიტორიები არქეოლოგიური თვალსაზრისით „მომხიბვლელად“ აქცია. აქვე გეტყვით კონკრეტულად გერმანელებზე, რომლებიც მუშაობენ ყველგან, სადაც კაცობრიობის განვითარების სხვადასხვა ეტაპებზე რაიმე მნიშვნელოვანი ხდება. მათი სახელმწიფო უზარმაზარ თანხებს დებს მეცნიერების ყველა დარგის განვითარებაში და ამ მხრივ არც არქეოლოგიაა გამონაკლისი. შედეგად – ჰყავთ სუპერ-კვალიფიციური კადრები და აქვთ ულტრათანამედროვე ინფრასტრუქტურა საოცარი ლაბორატორიებითა და აპარატურით. გერმანიის არქეოლოგიური სკოლა ერთ-ერთი ყველაზე ანგარიშგასაწევი გახლავთ მსოფლიო არქეოლოგთა შორის. ის ხარისხისა და სანდოობის გარკვეული მარკერია. ევროპელებს აქვთ ცოდნა, შემართება, ინტერესი, ფინანსები, მაგრამ არ გაუმართლდათ, რადგან მაშინ, როდესაც კულტურული სამყარო იქმნებოდა, მათი მიწები ყინულის სქელ ფენას ეკავა. მათი ინტერესი წმინდა სამეცნიეროა. ისინი ჩვენგან ბევრ რამეს სწავლობენ, ისევე, როგორც ჩვენ - მათგან. ბოლო დროს ხშირად გვიწევს მივლინებები ბოხუმსა თუ ბერლინში ახალი ცოდნის მისაღებად თუ გამოცდილების გასაზიარებლად. ვაწყობთ ერთობლივ ექსპედიციებს.

© photo: courtesy of Nino Otchwaniნინო ოთხვანი
ევროპა, რომელსაც „არ გაუმართლა“ და „არქეოლოგიურად“ მომხიბვლელი საქართველო - Sputnik საქართველო, 1920, 12.02.2021
ნინო ოთხვანი

- ბოლოს რომელ ექსპედიციაში მიიღეთ მონაწილეობა და რით იყო ის საინტერესო?

- 2020 წელს საოცარი კამპანია ჩავატარეთ ხადას ხეობაში, შატილსა და მუცოში. სამივე ობიექტი სიურპრიზებით სავსე გამოდგა. იყო დიდი აღმოჩენებიც. ვიპოვეთ ენეოლითის ეპოქა იქ, სადაც არ ველოდით, მტკვარ-არაქსელებმაც გაგვაოცეს ლითონის სიმრავლითა და მანამდე უცხო ჭურჭლის ფორმებით. ეს კი, უხეშად, ძვ.წ.აღ. V და III ათასწლეულებია. იმედი მაქვს, მთავარი სიახლეები წინ გველოდება, თუ სამყარომაც შეგვიწყო ხელი, უკვე დაგეგმილია ორი ერთობლივი, შედარებით ხანგრძლივი ექსპედიცია. მოკლედ, ისეთი ქვეყანა გვაქვს, რომ უნდა ინატრო და ნებისმიერი ეპოქის „ვაუ აღმოჩენაც“ არ დააყოვნებს: პირველი ევროპელები ზეზვა და მზია, პირველი მევენახეობა და უძველესი ხორბლის ჯიშები, უძველესი ოქროს მომპოვებლები საყდრისში, კოლხური ოქრო თუ სხვა მრავალი...

© photo: courtesy of Nino Otchwaniნინო ოთხვანი არქეოლოგიურ ექსპედიციაში
ევროპა, რომელსაც „არ გაუმართლა“ და „არქეოლოგიურად“ მომხიბვლელი საქართველო - Sputnik საქართველო, 1920, 12.02.2021
ნინო ოთხვანი არქეოლოგიურ ექსპედიციაში

- ისტორიის განმსაზღვრელი ფრაზებიდან თქვენთვის რომელია ყველაზე ზუსტი?

- ისტორიის შესაფასებლად? ალბათ ესაა ციცერონისეული ფრაზა: Historia magistra vitae est – „ისტორია ცხოვრების მასწავლებელია“. მართლაც ასეა.

- თქვენი ბავშვობა სვანეთთან არის დაკავშირებული...

- შეიძლება ვიღაცას გაეცინოს, მაგრამ სამეგრელოს გაცდენილი, სვანეთისკენ მიმავალ სერპანტინს რომ შეუყვება მანქანა, მართლა სხვანაირი ვხდები, მხრებში ვიმართები, „ვსვანდები“... სვანეთი ჩემი ბავშვობაა, ენაა, რომელიც ძალიან მიყვარს და არ ვუშვებ შანსს, რომ სვანურად არ ვილაპარაკო. ეს ხასიათია, ვისთვის ჯმუხი, მაგრამ მკაცრი და სამართლიანი. ის დღესასწაულებია, ბავშვობაში რომ შევსწრებივარ და რაღაც იდუმალის თანაზიარიად გავუხდივარ. ეს ჩემი ოჯახის წევრებია, ვინც ასე მიყვარდა და ასე მაკლია დღეს. ის მდინარეა, რომლის ხმაური ქალაქიდან ჩასულს პირველ ღამეს რომ არ მაძინებს, ეს ისაა, რაც ძვალით ხორცამდე ჩემია... 

© photo: courtesy of Nino Otchwaniნინო ოთხვანი არქეოლოგიური ექსპედიციის წევრებთან ერთად
ევროპა, რომელსაც „არ გაუმართლა“ და „არქეოლოგიურად“ მომხიბვლელი საქართველო - Sputnik საქართველო, 1920, 12.02.2021
ნინო ოთხვანი არქეოლოგიური ექსპედიციის წევრებთან ერთად

- ბუნებრივია, სამშობლოს ფენომენსაც ასე მძაფრად გრძნობთ და განიცდით...

- რა გითხრათ? დღემდე ბურთი მეჩხირება ყელში, როცა სიღნაღის ველს გადავცქერი, მიყვარს სამცხე-ჯავახეთის ყველა კუთხე-კუნჭული, დამამუნჯა ხევსურეთმა, შატილმა და მიცუმ (და არა მუცომ), აჭარაში ჩასული, ზღვას კარგი მეგობარივით ვესალმები და ვემშვიდობები, უცხო ქვეყნიდან სახლში დაბრუნებულს, ერთი სული მაქვს, როდის მივესალმები მებაჟეს ქართულად. რა გითხრათ, ცოტა უცნაური რამეები მჭირს... მიხარია, როცა ქართველების წარმატების შესახებ ვიგებ ამბებს, მწყინს, როცა რეალიზებას სხვაგან უფრო ახერხებენ, მაცოფებს ნაცუდკაცარი... რომელი ერთი ჩამოგითვალოთ? თუ ეს ყველაფერი სამშობლოს ფენომენია, მაშინ, კი ბატონო, ვგრძნობ და განვიცდი...

 

ყველა ახალი ამბავი
0