იტალიაში მოქარგული საქართველოს რუკა და ოთხი ინგრედიენტი სიყვარულისთვის

© photo: courtesy of Magda Maddalenმაგდა გოშნიაშვილი
მაგდა გოშნიაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჩვენი რუბრიკა „ქართველები უცხოეთში“ ამჯერად იტალიის ქალაქ პიზაში მცხოვრებ მაგდა გოშნიაშვილს გაგაცნობთ.

პროფესიით ექიმია, თუმცა, ერთ დღესაც, შემოქმედებითმა ნიჭმა სულ სხვა გზით წაიყვანა, რომლის შედეგადაც სამი პოეტური კრებული და საოცარი ნაქარგები გაჩნდა.

ქალბატონი მაგდა საქართველოს მწერალთა კავშირის წევრია და არაერთი ლიტერატურული ჯილდო აქვს მიღებული. მათ შორისაა ქრისტიანული პოეზიის ფესტივალზე გადაცემული წმინდა ნინოს ჯვარი და სიგელი წარმატებული ლიტერატურული საქმიანობისთვის, რომელიც რუსთავში ჩატარებულ შემოქმედებით საღამოზე გადაეცა. სულ ახლახან დაასრულა რომანი, რომელიც უცხოეთში დაიწერა. მისი ცხოვრების ისტორიას კი თავად მოგვიყვება...

© photo: courtesy of Magda Maddalenმაგდა გოშნიაშვილის ქალიშვილი მარიამ კიბაბიძე
იტალიაში მოქარგული საქართველოს რუკა და ოთხი ინგრედიენტი სიყვარულისთვის - Sputnik საქართველო
მაგდა გოშნიაშვილის ქალიშვილი მარიამ კიბაბიძე

- ქალბატონო მაგდა, ზოგჯერ შორს უნდა წავიდეს ადამიანი იმისთვის, რომ საკუთარი თავი აღმოაჩინოს. თქვენ შემთხვევაში რა მოხდა?

- ჩემს მშობლებს ერთადერთი შვილი ვყავდი, დედ-მამის ნებიერას ყველაფერი მზამზარეული მქონდა, ყველაფერი ნატვრამდე მისრულდებოდა, ანუ მთლიანად მშობლებზე ვიყავი დამოკიდებული. ემიგრაციაში კი მარტო აღმოვჩნდი. არავინ დამხვედრია და არც ვინმე ყოფილა ჩემი გზის გამკვალავი. აქ აღმოვაჩინე ჩემი თვისება, რაც არ ვიცოდი. აქ ვიგრძენი, რომ თურმე არც ისეთი სუსტი ვყოფილვარ, როგორი წარმოდგენაც ჰქონდათ ჩემზე ახლობლებს. იტალიაში წამოსვლის მიზეზი იყო შვილი, რომელიც ჭაბუკიანის საბალეტო სკოლაში სწავლობდა და სურვილი მქონდა სასწავლებლად აქეთ წამომეყვანა. ამიტომ უნდა მომეთმინა და ფეხზე მყარად დავმდგარიყავი. თუმცა მერე ჩემმა გოგომ საბალეტო სასწავლებელი მიატოვა და საჯარო სკოლაში გადავიდა სასწავლებლად. სამაგიეროდ ჩემმა მეორე შვილმა ჩაანაცვლა მისი ადგილი და მან უკვე დაამთავრა პიზის უნივერსიტეტი, წელს კი ფლორენციის ინგლისურენოვანი მაგისტრატურის სტუდენტი გახდა.

© photo: courtesy of Magda Maddalenმაგდა გოშნიაშვილი
იტალიაში მოქარგული საქართველოს რუკა და ოთხი ინგრედიენტი სიყვარულისთვის - Sputnik საქართველო
მაგდა გოშნიაშვილი

- საქართველოში სად ცხოვრობდით?

- თელავში დავიბადე. მამა პოლიტექნიკური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ სამუშაოდ გაუშვეს რუსთავში, სადაც ბინითაც დააკმაყოფილეს. დედამაც რუსთავის სკოლაში დაიწყო პედაგოგად მუშაობა და ასე დავფუძნდით რუსთავში. საშუალო სკოლაც ამ ქალაქში დავამთავრე.

- ექიმობა რატომ აირჩიეთ პროფესიად?

- დიახ, პროფესიით ექიმი-თერაპევტი ვარ. დიდედა მყოლია სახალხო მკურნალი და ეტყობა გენებით გადმომეცა, რომ ავადმყოფებს დავხმარებოდი. სკოლის მერე სწავლა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში გავაგრძელე. 11 წელი რუსთავის N1 დიაგნოსტიკურ ცენტრში თერაპევტად ვიმუშავე, ასევე სამხედრო კომისარიატში სამედიცინო კომისიის წევრი ვიყავი.

© photo: courtesy of Magda Maddalenმაგდა გოშნიაშვილის წიგნი
იტალიაში მოქარგული საქართველოს რუკა და ოთხი ინგრედიენტი სიყვარულისთვის - Sputnik საქართველო
მაგდა გოშნიაშვილის წიგნი

- მედიცინიდან წამოსვლის შემდეგ გადაწყვიტეთ, რომ შემოქმედებითი გზით წასულიყავით?

- საერთოდ, მეოთხე კლასიდან ვწერ. ვიყავი თბილისის მოსწავლე ახალგაზრდობის ნორჩ შემოქმედთა სტუდია „მთიების" წევრი, რომლის ხელმძღვანელი ქალბატონი ფაცია პაიჭაძე იყო. იქ პოეზიისა და პროზის სიყვარულით აღვიზარდე და რესპუბლიკურ ნორჩ შემოქმედთა კონფერენციებში ვმონაწილეობდი. პირველი და მეორე ხარისხის დიპლომებით ვარ დაჯილდოებული.

© photo: courtesy of Magda Maddalenმაგდა გოშნიაშვილის სიგელი
იტალიაში მოქარგული საქართველოს რუკა და ოთხი ინგრედიენტი სიყვარულისთვის - Sputnik საქართველო
მაგდა გოშნიაშვილის სიგელი

- სამი პოეტური კრებული გაქვთ გამოცემული...

- დიახ, ასევე დავიბეჭდე დათო ახლოურის „ლიტერატურულ სიახლეებში" და გერმანე საზანოელის „ლექსის აკვანში". არც ისე დიდი ხნის წინ ბატონმა გოჩა ჭაბუკაიძემ ჩემს ერთ ლექსზე „ჩემო მესია" დაწერა სიმღერა, რომელსაც ინტერნეტში 20 ათასზე მეტი ნახვა ჰქონდა. ამ სიმღერის პრემიერა რუსთავის დრამატულ თეატრში შედგა.

- ქარგვის სურვილი როდის გაგიჩნდათ?

- 1981 წლიდან ვქარგავ. დედა ქარგავდა და ამიტომ მეც გამიჩნდა ქარგვის სურვილი. ადრე ყურთბალიშებზე ზღაპრის გმირებს ვქარგავდი ხოლმე ნაჭრის აპლიკაციებით. მერე დიდი ხანი არაფერი მიქარგია. შარშან ისევ გამიჩნდა ქარგვის სურვილი. ძალიან სწრაფი ხელი მაქვს და სამ დღეში ვასრულებ ურთულეს ნაქარგს, მარტივს არც ვკიდებ ხელს. დღემდე უკვე 50 ნაქარგი შევქმენი. ქარგვის დროს ვიყენებ ძაფებს, ქსოვილებს, ლენტებს, მძივებს, სადაც რას ითხოვს ფანტაზია.

© photo: courtesy of Magda Maddalenმაგდა გოშნიაშვილის შემოქმედება
იტალიაში მოქარგული საქართველოს რუკა და ოთხი ინგრედიენტი სიყვარულისთვის - Sputnik საქართველო
მაგდა გოშნიაშვილის შემოქმედება

- ემიგრაციაში როდის გაგიჩნდათ სურვილი, რომ ისევ დაგეწყოთ ქარგვა?

- როდესაც სოციალურ ქსელებში ჩემს ლექსს ვდებ, ქვემოთ მის შესატყვის თემატურ ფოტოს ვურთავ ხოლმე. ორი წლის წინ საქართველოში ვიყავი და როცა დავბრუნდი, ჩამოსვლისთანავე დავწერე ლექსი „საქართველოს რუკა", რომელსაც ერთი ფოტო დავურთე. ამის მერე ისე მომინდა ამ სურათის მოქარგვა, რომ მთელი კვირა არ მეძინა. ერთ დღესაც მაღაზიაში წავედი და 42 ევროს ღირებულების მასალა ვიყიდე. ეს იყო პირველი, რაც უცხოეთში დავქარგე, ამის მერე მასალა უკვე მქონდა და არ გავჩერებულვარ.

© photo: courtesy of Magda Maddalen"საქართველოს რუკა"
იტალიაში მოქარგული საქართველოს რუკა და ოთხი ინგრედიენტი სიყვარულისთვის - Sputnik საქართველო
"საქართველოს რუკა"

- იტალიელებმა თუ ნახეს თქვენი ნამუშევრები?

- იტალიაში გავიცანი ეროვნებით ჩეხი დიზაინერი ქალბატონი შარკა კუზელკოვა (Sarka Kuzelkova), ძალიან კარგი ადამიანი, ადგილობრივი მოდის ჟურნალებში მის მიერ შექმნილი სამოსის ფოტოები ხშირად იბეჭდება. საკუთარი სალონი აქვს. ერთხელ პარიზის მოდის გამოფენაზე თავის მოდელებთან ერთად ჩემ მიერ დაქარგული კოსტიუმიც წაიღო. ამის მერე ხშირად მამარაგებდა ქსოვილებით და ძაფებით, მისი წყალობით ბევრი სურათი მოვქარგე. ახლა კორონას გამო იზოლირებულად მუშაობს და, სამწუხაროდ, ვეღარ ვეკონტაქტები.

© photo: courtesy of Magda Maddalenმაგდა გოშნიაშვილის წიგნი
იტალიაში მოქარგული საქართველოს რუკა და ოთხი ინგრედიენტი სიყვარულისთვის - Sputnik საქართველო
მაგდა გოშნიაშვილის წიგნი

- მინდა ჩვენს მკითხველს გააცნოთ თქვენი ლექსი „საქართველოს რუკა“, რომელიც მოქარგეთ...

- ღვთისმშობელი კემსავს საქართველოს რუკას,

სევდიანად გალობს ანგელოსთა დასი,

სისხლგამძღარი მიწა გაიბერა სისხლით...

დღესდღეობით იცის, ვინმემ მისი ფასი?!

ღვთისმშობელი კემსავს აფხაზეთს და ოსეთს,

ნუთუ შეძლეს, ქართველს, თავს დაასხეს ლაფი?

ვეღარ არწევს სიო უწინდელად ყანას,

კონწიალობს ყველგან ობობათა ძაფი.

ქალაქსა თუ სოფელს ჭამს ნელ-ნელა ჟანგი,

დასდებია სახლებს უნიათო ფერი,

ვერ ცოცხლდება, ითხოვს ქართველ კაცის მარჯვენს,

ამას გრძნობს და შურით აპარტახებს მტერი.

ღვთისმშობელი წვალობს, ადებს ძაფის კონკებს,

მაგრამ მძლავრობს ეშმა, იარაღის ჯერით.

სიცოცხლესაც დავთმობთ გოჯი მიწის გამო,

არ ვისურვებთ ლაჩრულ სიკვდილს ბედისწერით.

შეგეწიოთ ყველას ამერ-იმერს, მთა-ბარს,

დედა ღვთისმშობელი, სალოცავნი წმინდა..

წავაშველოთ ხელი, გავაახლოთ რუკა,

ვისაც საქართველოს მთლიანობა გვინდა.

© photo: courtesy of Magda Maddalenმაგდა გოშნიაშვილის შემოქმედება
იტალიაში მოქარგული საქართველოს რუკა და ოთხი ინგრედიენტი სიყვარულისთვის - Sputnik საქართველო
მაგდა გოშნიაშვილის შემოქმედება

- ამ უსიყვარულო ეპოქაში დაწერეთ რომანი, რომელსაც უწოდეთ „სიყვარულის ინგრედიენტები“...

- რომანი ზოგადად სიყვარულზე, სიკეთისა და მტრობის მარადიულ ბრძოლაზეა, მასში ემიგრაციის თემაც ჩავურთე. სიყვარული, პირველ რიგში, ურთიერთგაგებაა. თუ ეს გრძნობა ცალმხრივია, მაშინ სიყვარული ქრება, თუ ორმხრივია, უფრო ღრმავდება. ქალისა და მამაკაცის, მშობლების, შვილების, შვილიშვილების სიყვარულისთვის თავისებური, განსხვავებული ინგრედიენტები და დოზაა საჭირო.

© photo: courtesy of Magda Maddalenშემოქმედებით საღამოზე
იტალიაში მოქარგული საქართველოს რუკა და ოთხი ინგრედიენტი სიყვარულისთვის - Sputnik საქართველო
შემოქმედებით საღამოზე

- საერთოდ სიყვარულისთვის რომელია ძირითადი ინგრედიენტები?

- ზოგადად სიყვარული რომ „გამოცხვეს“ და „საამო სურნელი ჰქონდეს“, ამისთვის, სხვასთან ერთად, ეს ოთხი ძირითადი ინგრედიენტია აუცილებელი: მოთმინება, სიკეთე, ერთგულება და მადლიერება. რაც მეტ სიკეთეს გავცემთ, მით მეტი დადებითი ენერგიით შევივსებით, დადებითი ენერგია პოზიტიურს გაგვხდის, პოზიტიურები კი სიყვარულით სავსე ვიქნებით...

 

ყველა ახალი ამბავი
0